"1880-იანი წლების ბოლოს საქართველოს მევენახეობას დიდ დილემად ექცა ფილოქსერა, რომელიც მუსრს ავლებდა ვენახებს. რუსმა სტაროსელსკიმ და უცხოელმა სპეციალისტებმა წამოაყენეს ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლის რადიკალური მეთოდი - დაავადებული ვაზის ამოძირკვა, ვაზნამყოფ მიწაში კი შხამქიმიკატის ჩასხმა. ამ მეთოდის დანერგვა რამდენიმე წელიწადში მთლიანად გაანადგურებდა ვენახებს საქართველოში და ნიადაგის ეკოლოგიურ დაბინძურებას გამოიწვევდა", - ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი - ვაჟა შუბითიძე მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას.
- რუსეთის იმპერიამ კავკასიაში ფეხის შემოდგმისთანავე გეზი აიღო ადგილობრივი წეს-ჩვეულებების, გენოფონდისა და მეურნეობრივი ტრადიციების მოსპობისაკენ. ყოველივე ადგილობრივი და ტრადიციული უნდა ამოძირკვულიყო და მის ნაცვლად ევროპული ხელოვნურად ჩანერგილიყო. ამგვარი, ხანგრძლივ დროზე გათვლილი კამპანია დაიწყო ყოველი თესლეულისა და ნერგის უკონტროლო შემოტანით კავკასიაში, რასაც დიდად უარყოფითი, დამღუპველი შედეგები მოჰყვა თან - შემოვიდა დასავლეთში გავრცელებული მცენარეთა დაავადებები. მალე ნაცარმა მოსპო გურია-სამეგრელოს ვენახები. მეორე დიდი დანაშაული იყო, რომ შემოიტანეს და დაამკვიდრეს ამერიკული ჰიბრიდი - "იზაბელა" ("ადესა"). "იზაბელა" საქართველოს მევენახეობაში ჩადებული უწყვეტი მოქმედების ნაღმია, რომელმაც შემდგომი 150 წლის განმავლობაში არაერთხელ მიზანმიმართულად იფეთქა (თ. ღლონტი).
1879 წელს საქართველოს ვენახების საერთო ფართობში სამეგრელოს ხვედრითი წილი 17%-ს შეადგენდა, გურიის კი 8%-ს, 1990 წელს კი სამეგრელოსი - 1.9% იყო, გურიის კი -1.1%. რუსეთის იმპერიის მოხელეს ივან ლენცს მთავრობამ დაავალა ევროპული ვაზის ჯიშების გავრცელება საქართველოში. მან კახეთში ყირიმიდან 28 ევროპული ვაზის ჯიშის გავრცელება სცადა.
ათი წლის უნაყოფო წვალების მერე 1846 წელს ლენცს ეყო პროფესიული პატიოსნება ეღიარებინა, რომ საქართველოში აზრი არ ჰქონდა ევროპული ჯიშების შემოტანასა და დანერგვას, რადგან ადგილობრივი ჯიშები - რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი, ხიხვი და მცვივანი ევროპულზე უფრო მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევიან და უფრო შეგუებულნი არიან ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს.
ქართული ვაზის ჯიშების უპირატესობის აღიარება, უპირველესად, ქართველი მიწათმოქმედის მრავალსაუკუნოვანი ცოდნისა და გამოცდილების აღიარების ტოლფასი გახლდათ. ეს ფაქტი ქართული ვაზის ისტორიული გამარჯვებაა და ეს კარგად უნდა გვახსოვდეს (თ.ლონტი).
მაგრამ იმპერიული მანქანა არ გაჩერებულა. რადგან ამ გზამ არ გაამართლა, ახალ მზაკვრულ რუსულ მეთოდს მიმართეს. მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა 1845-50 წლებში ყირიმიდან შემოიტანა და მოსახლეობაში უფასოდ დაარიგა 680 ათასი ძირი ევროპული ვაზის ნერგი, თუმცა არც ამან გაამართლა - ქართველი მევენახე ფხიზლობდა და ამ რუსული დივერსიის თავიდან აცილება შეძლო და არ გააშენა ეს ჯიშები.
- კიდევ რა გზებს იყენებდა რუსეთი ქართული ვაზის დასაზიანებლად?
- 1880-იანი წლების ბოლოს საქართველოს მევენახეობას დიდ დილემად ექცა ფილოქსერა, რომელიც მუსრს ავლებდა ვენახებს. რუსმა სტაროსელსკიმ და უცხოელმა სპეციალისტებმა წამოაყენეს ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლის რადიკალური მეთოდი - დაავადებული ვაზის ამოძირკვა, ვაზნამყოფ მიწაში კი შხამქიმიკატის ჩასხმა. ამ მეთოდის დანერგვა რამდენიმე წელიწადში მთლიანად გაანადგურებდა ვენახებს საქართველოში და ნიადაგის ეკოლოგიურ დაბინძურებას გამოიწვევდა. მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, გამოჩნდა კვალითელი ქართველი აგრონომი იოსებ გუნცაძე, რომელმაც საკუთარ ნაკვეთში დაყენებული ცდებით დაუმტკიცა სტაროსელკსის და მის მიმდევრებს, რომ ვენახების გადარჩენის ერთადერთი მეთოდი ამერიკულ საძირეზე მყნობა იყო. პროფესორი მარიონი ქართველ საზოგადოებას ურჩევდა, ამერიკული ვაზი უვარგისია, მევენახეობაზე ხელი აიღეთ და მის მაგივრად გვირილა გააშენეთო.
დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გაიმარჯვა გუნცაძემ და ამით ქართული მევენახეობა გადაურჩა დიდ განსაცდელს.
1975 წლისთვის ოფიციალურ დონეზე უნდა განხორციელებულიყო ქართული მევენახეობისთვის ყოვლად მიუღებელი და დამღუპველი ღონისძიება: კახეთში ორგანიზებულად შეჰქონდათ "იზაბელას" ჯიშის 1 მილიონი ცალი ნერგი, რაც ჩვენი მევენახეობისთვის ზურგში მახვილის ჩაცემის ტოლფასი იქნებოდა. საბედნიეროდ, განზრახვა გაცხადდა და ამ შემთხვევაში ჩვენი მეცნიერ-მევენახეებისა და მეღვინეების პრინციპულმა პოზიციამ იხსნა სიტუაცია. მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, მზაკვრული მიზნის მისაღწევად უფრო მეტად შეფარული ხერხი გამოიყენეს. შეუმჩნევლად, თანდათანობით ალაზნის ველზე შეიტანეს ვაზის პირდაპირ-მწარმოებლური თეთრი და წითელი ჯიშები, რომლებიც მასობრივად მოედო შემდგომ წლებში საქართველოს ზვრებს (ე.წ. "უწამლო საფერავი" და სხვა სუროგატები). საქართველოში შემაგრებული ღვინოების (ე.წ. "პორტვეინი") წარმოება ბოლშევიკების დროს დაიწყეს. 1950-60-იანი წლებისათვის მათი ხვედრითი წილი 25-30%-ი იყო, ხოლო 1985 წლისათვის მათ არნახულ ზღვარს 70-75%-ს მიაღწიეს. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ საქართველო ნელ-ნელა მაღალხარისხოვანი სამარკო ღვინოების მწარმოებელი რესპუბლიკიდან აქციეს რუსეთის ბაზრისათვის საშუალო ღირსების მქონე შემაგრებული ღვინოების მასობრივად მწარმოებელ და მიმწოდებელ კოლონიურ რეგიონად.
ამ მოვლენებმა საკმაოდ გაზარდა ფალსიფიკაციის დონე და მასშტაბი, მკვეთრად შეილახა და დაეცა ქართული ღვინის ხარისხი და რეპუტაცია ისე, რომ ინგლისმა უარი თქვა საფერავის ღვინის იმპორტზე საქართველოდან, რაც შეუფერხებლად ხორციელდებოდა მანამდე. ჯერ კიდევ 1960-იანი წლების ბოლოს იყო მცდელობა ქვევრში კახური ტიპის ღვინის დამზადების წინააღმდეგ კამპანიის წამოწყებისა, მაგრამ მეცნიერ-სპეციალისტთა პრინციპული პოზიციის გამო ეს ვერ განხორციელდა, სამაგიეროდ მან კვლავ იჩინა თავი 1980-იანი წლების დასაწყისში, ამჯერად ეს მცდელობა უფრო მძიმე შედეგებით დამთავრდა. საუკეთესო ქვევრები მიწით ამოავსეს და დამარხეს (ვაჩნაძიანის ღვინის ქარხანაში). ეს ვანდალური აქტი ქართველებმა ჩაიდინეს (არადა დღეს ქვევრს და ქვევრის ღვინოს იუნესკოს მიერ მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი 2015 წლიდან). ამავე დროს კვლავ წარმოიშვა და აგორდა ტენდეცია ევროპული ჯიშების შემოტანა-გავრცელებისა იმ მოტივით, რომ ჩვენი ჯიშები მიუღებელია ევროპელთათვის და მათი მოსაწონი ღვინო სწორედ ევროპული ვაზის ჯიშებიდან უნდა დავამზადოთო. დეგრადირება არ ასცდა ჩვენს საამაყო ღვინოებს "წინანდელს", "გურჯაანს", "ნაფარეულს", სამწლიანის ნაცვლად მივიღეთ ემალირებულ რეზერვუარებში დაყენებული ორწლიანი ღვინოები, რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ სახელოვან წინამორბედებთან. დაირღვა ტექნოლოგია, გაუარესდა ხარისხი.
1990 წელს საქართველოს კომუნისტურმა მთავრობამ დაამტკიცა ყურძნის შესასყიდი ფასების ახალი პრეისკურანტი, რომელშიც ყოვლად მოულოდნელად და უსაფუძვლოდ 1 კილოგრამი "იზაბელას" შესასყიდი ფასი 1 მანეთით განისაზღვრა (ტყემალი 2 მანეთი ღირდა მაშინ), ძვირფასი ადგილობრივი ჯიშებისა კი 50-60 კაპიკით. ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება გაეზრდათ მწარმოებელთა ეკონომიკური დაინტერესება "იზაბელას" ყურძნით საფერავის, ალექსანდროულის, ალადასტურის, უსახლეაურის, თავკვერისა და სხვა ძვირფასი ჯიშების საწინააღმდეგოდ, მით უფრო, რომ "იზაბელას" მოყვანას არც დიდი შრომა და არც დიდი კაპიტალი არ სჭირდება (თ. ღლონტი).