საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად პოლიტოლოგი გიორგი გვიმრაძე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივ მაუწყებელში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი "მოამბის" გუნდს მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა დღეს დილით წარუდგინა.
გიორგი გვიმრაძე წელიწადნახევრის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს და მაუწყებლის ახალი სტრატეგიისა და გაერთიანებული ნიუსრუმის პროექტის თანაავტორია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გასული წლის სექტემბრამდე სოფო მოსიძე იყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი გახდა. თვეების განმავლობაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას ლაშა მიქაძე ასრულებდა.