მინისტრთა კაბინეტში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ერთი საკადრო ცვლილება უკვე ცხადია, რომ იქნება და ეს არის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო არის თუ არა დაგეგმილი სხვა საკადრო ცვლილებები, როგორც ფანჯიკიძე აცხადებს, მისთვის ეს უცნობია.
"მიმაჩნია, რომ ახალ პრემიერს იმის საშუალება უნდა მიეცეს, რომ თავისი შეხედულებისამებრ დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი. მაგრამ მე არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ეს იქნება რაღაც ძირეული ცვლილებები, რადგან მთავრობა მუშაობს ძალიან ეფექტურად და აქ ყველა რგოლი ასრულებს თავის ფუნქციას ძალიან კარგად", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
კითხვაზე - იქნება თუ არა ის მინისტრთა ახალ კაბინეტში, მაია ფანჯიკიძემ დადებითი პასუხი გასცა. "მე მგონია, რომ დავრჩები, კი", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.