"თინეიჯერული პონტების" მკითხველები ხშირად მიგზავნიან მესიჯს და მწერენ, თუ ვისი ინეტერვიუს ნახვას ისურვებდნენ "გზის" მომდევნო ნომერში. ბოლო დროს, რატომღაც, ჩემთვის მიუწვდომელი - მსოფლიო ვარსკვლავების მოწვევას მთხოვენ, ამ ყველაფერს კი იმით ხსნიან, რომ თურმე, საქართველოში არ ეგულებათ ისეთი მომღერლები ან მსახიობები, რომლის ფანიც შეიძლება გახდნენ და ვისთან შეხვედრასაც ისურვებდნენ. ჰოდა, ვინაიდან მათ სურვილს ვერ ვუსრულებ, ბევრი მათგანი მიგზავნის საყვედურით სავსე წერილებს...
მაგალითად, 15 წლის მაკას ძალიან დიდი სურვილი აქვს, "გზაში" წაიკითხოს მომღერლის - შაკირას ინტერვიუ, რომელსაც ჩვენი მეშვეობით, საკუთარი პრობლემის შესახებ მოუყვება და რჩევებსაც მიიღებს:
"იმედია, ჩემს სურვილსაც გაითვალისწინებთ. ძალიან მიყვარს მომღერალი შაკირა. ვგიჟდები მის სიმღერებსა და ცეკვაზე. უდიდესი სურვილი მაქვს, მასთან ინტერვიუ ჩაწეროთ და მერე მეც მომცეთ საშუალება, მას შევხვდე, ჩემს პრობლემებზე ვესაუბრო და მისგან რჩევებიც მივიღო. თუ გადამაგდებთ, გისურვებთ, ქართველ რესპონდენტებს "გადაეგდოთ"...
18 წლის ქეთას ჯასტინ ბიბერთან შეხვედრა სურს. ვინაიდან მისი თხოვნა ვერ დავაკმაყოფილე, გაბრაზებულმა მომწერა: "მატყუარები ყოფილხართ, მე კი მეგონა, ამ ოცნებას ამიხდენდით". დიდი იმედი მაქვს, რომ ქეთიმ იხუმრა და როცა პირველ მესიჯს მწერდა, მაშინაც იცოდა, რომ ბიბერს ვერაფრით შევხდებოდი...
"ძალიან გთხოვთ, ოცნება მეც ამიხდინეთ და ჩემი სიზმრების პრინცს - ჯასტინ ბიბერს შემახვედრეთ. იმედია, შეძლებთ მასთან დაკავშირებას. ჟურნალისტებისთვის ხომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მოუთმენლად გელოდებით..."
სალუნას თურმე, ჯგუფის - Jonas Brothers წევრების გაცნობა სურს. იმედს იტოვებს, რომ ისინი ოდესმე საქართველოში ჩამოვლენ და ჩვენი ანუ ჟურნალისტების წყალობით მათთან შეხვედრას მოახერხებს.
"Jonas Brothers" მაგარი ბიჭებისგან შედგება. მე და ჩემმა დაქალებმა ისინი უკვე გავინაწილეთ. გარეგნულად არ დავიწუნებით და თუ ამ ბიჭებს შეგვახვედრებთ, სირცხვილს არ გაჭმევთ. ცნობისათვის, შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უამრავი თაყვანისმცემელი მყავს..."
17 წლის გიგამ მთხოვა, ინტერვიუ ჩამეწერა მსახიობთან და მომღერალთან - ვანესა ჰაჯენსისთან.
"ამ გოგოზე ვგიჟდები. საოცარი ვინმეა და თან - ძალიან წარმატებული. სიამოვნებით გავხდებოდი მისი "ბოიფრენდი"...
უცნაური თინეიჯერები, ჩემდა საბედნიეროდ, მხოლოდ უცხოელი ვარსკვლავების ჩაწერას არ მთხოვენ - ასეთი მოზარდების თხოვნა კი შედარებით იოლი შესასრულებელია. თუმცა, ზოგჯერ ჟურნალისტებს ქართველი ცნობილები გვემალებიან ან მათთან დაკავშირება უბრალოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხერხდება. ერთ-ერთი ასეთი მოუხელთებელი რესპონდენტია რეპერი ბერა, რომელთანაც შეხვედრა უამრავმა მოზარდმა მთხოვა, მათ შორის კი ყველაზე ორიგინალური მესიჯი მისმა მტირალა თაყვანისმცემელმა მომწერა:
"მოგესალმებით. ჩემი უდიდესი თხოვნაა, "გზის" შემდეგ ნომერში ვიხილო ბერა ივანიშვილი. მინდა, მას რამდენიმე სიტყვა ვუთხრა: ბერა, არ ვიცი, როგორ გითხრა, რომ მიყვარხარ, საამისოდ სიტყვები არ მეყოფა... გაღმერთებ იმიტომ, რომ შენში საკუთარ თავს ვხედავ. იცოდე, უდიდესი გულწრფელობით აღსავსე შენს სიმღერებს ბევრჯერ ავუტირებივარ. შენ ჩემი ტკივილიანი ცხოვრების თანამგზავრი ხარ. ვოცნებობ, ოდესმე პირადად გნახო და გესაუბრო - ამით ძალიან გამაბედნიერებ. ჩემო უსაყვარლესო ადამიანო, შენ ისურვებდი ჩემთან შეხვედრას?" გოგონამ არ დაიზარა და საკუთარი დაბადების თარიღიც მოგვწერა, ალბათ იმ იმედით, რომ ასტროლოგისგან მიიღებდა რჩევას და იმასაც შეიტყობდა, რამდენად შეძლებდა ბერა მის გაგებას, თუ რა თქმა უნდა, მისი გაცნობის შანსი მიეცემოდა...
რუბრიკა "თინეიჯერული პონტები" დიდი ხანია, არსებობს და არქივში უამრავი ცნობილი ადამიანის ინტერვიუც დაგვიგროვდა. ამ უცნაური მესიჯების წაკითხვის შემდეგ, სწორედ ამ არქივს გადავხედე იმის გასარკვევად, ოდესმე თავად ცნობილი ადამიანები თუ იყვნენ ვინმეს ფანები? ისინიც მხოლოდ უცხოელებთან შეხვედრას ლამობდნენ თუ არა?..
პაატა გულიაშვილი, მსახიობი:
- თინეიჯერობის ასაკში სერგო ზაქარიაძის ფანი ვიყავი. მის შესახებ რაღაცებს ყოველთვის ვკითხულობდი. არ იფიქრო, რომ მუსიკა არ მაინტერესებდა, მაგრამ რომ გითხრა, - გამორჩეულად რომელიმე მომღერალს ვცემდი პატივს-მეთქი, მოგატყუებ. შემიძლია, ჯაზსაც მოვუსმინო, რუსულ საესტრადო სიმღერებსაც, აზრბაიჯანულ მელოდიებსაც, მაგრამ გააჩნია, სად და როგორ სიტუაციაში ვარ. დუდუკების თანხლებით ქეიფს კი არაფერი ჯობია.
- პაატა, შენ თუ გაწუხებენ თაყვანისმცემლები?
- საერთოდ, მეზიზღება ადამიანები, რომლებიც ამბობენ, დამღალეს თაყვანისმცემლებმა, სულ მირეკავენ, მათი ატანა აღარ შემიძლია, რა ძნელი ყოფილა ეს პოპულარობაო. იცი, ასეთი ტიპები მატყუარები არიან. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მისი შემოქმედების დამფასებელთან შეხვედრა არ სიამოვნებს. დამიჯერე, ასეთი ადამიანები ყოველთვის იმაზე ფიქრობენ: ნეტავ, ახლა ვინმემ დამირეკოსო და ტელეფონის ზარს გიჟებივით ელოდებიან...
ნინო ჩხეიძე, მომღერალი:
- არავისზე ვგიჟდებოდი, გოგი დოლიძის გარდა. მის სურათებსა და მასზე გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ვაგროვებდი. როცა გარდაიცვალა, მისი ამბავი ძალიან განვიცადე. ვუსმენდი ყველა მის ჩანაწერს... სხვათა შორის, დღემდე ვაგროვებ ყველა ქართული კონცერტისა თუ კლიპის ჩანაწერს...
თამუნა ამონაშვილი, მომღერალი:
- ჩემს ახალგაზრდობაში არც რეპი არსებობდა და არც როკი, თანამედროვე ესტრადა საქართველოში შემოჭრილი არ იყო. ტელევიზიით მხოლოდ ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ... 20 წლის ვიყავი, როცა ჩვენთან ნელ-ნელა გაჟღერდა უცხოური მუსიკა და მახსოვს, "ივერიის" ახალგაზრდა თაობა დიდი ამბით ვუსმენდით ჯინო ვანელის სიმღერებს (მასზე დღესაც ვგიჟდები). მაშინ ასევე პოპულარული გახლდნენ: სტინგი, ფრენკ სინატრა და ა.შ.
- რაში გამოიხატებოდა თქვენი ფანობა?
- ფანობა ფანობაა, მას ერთნაირი გამოხატულება აქვს ყველა თაობაში...
- ახლა მომღერლის გამო შეიძლება იტირონ, იკივლონ, თმა დაიპუტონ, მათი პლაკატებით სახლის კედლები ააჭრელონ და ა.შ.
- ასეთი რამ ჩვენთან არა, მაგრამ უცხოეთში ნამდვილად ხდებოდა... საქართველოში პლაკატები კი არა, ჟურნალებიც არ იყიდებოდა. ერთადერთი, სახელმწიფო რადიო არსებობდა, რომელიც ყველა სახლში, კედელზე "ეკიდა". მისი მეშვეობით შეგეძლო მოგესმინა "ივერიის", ნანი ბრეგვაძის და სხვა შემსრულებლების ქალაქური სიმღერები... ხომ ძალიან პოპულარული ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს, ჟურნალისტები ასე დამხვეოდნენ. მოკლედ, ჩვეულებრივ ქართულ სიტუაციაში ვცხოვრობდით.
იმედა კახიანი, მსახიობი:
- ძალიან მიყვარდა მსახიობი სპარტაკ ბაღაშვილი. მის მიერ განსახიერებული გამზრდელი (ფილმიდან "აკაკის აკვანი") სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. ეკრანზე მამაკაცის ასეთი სახე არ მინახავს. ბედნიერება მხვდა წილად, რომ ის გავიცანი. ფილმში - "თეთრი ქარავანი" მე მთავარ როლს ვთამაშობდი, ის კი მამაჩემი უნდა ყოფილიყო. იქ არის ასეთი სცენა, როცა მამას რაღაცაზე ავუხირდები და ვამბობ: არ მინდა ცხვარში სიარული, ეს საქმე მივატოვოთ და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდეთ-მეთქი. ჩვენი დიალოგი ისე მწვავდება, რომ მამამ სილა უნდა გამაწნას. რა თქმა უნდა, 7-8-ჯერ მაინც მოუწია ამის გაკეთებამ და ყოველი გარტყმის შემდეგ მეხვეოდა და მეკითხებოდა: ხომ არ გეწყინაო? საოცარი კაცი და თავისი საქმის პროფესიონალი იყო...
თიკა ფაცაცია, მომღერალი:
- არასდროს არავის ფანი არ ვყოფილვარ. აქედან გამომდინარე, კისერზეც არავის ჩამოვკიდებივარ. ისე, ბავშვობიდან ძალიან მომწონდა მადონა, რაღაცებში მას ვბაძავდი კიდეც... ამ ასაკში გოგონები ვიღაც ჰოლივუდის ვარსკვლავებზე კარგავენ ჭკუას, მაგალითად, ბრედ პიტზე, მე კი პირიქით - ვამბობდი: ეს ტიპი რამ მოგაწონათ-მეთქი?..
ლელა ოთარაშვილი, ჯგუფი - "რონდოს" წევრი:
- როკიც მომწონდა და რეპიც, ორივეს ვუსმენდი. თითქმის ყველა მუსიკალური მიმდინარეობა მომწონს, ტრანსიც კი, როცა დისკოთეკაზე ვარ... ბავშვობაში "ბითლომანი" ვიყავი.
- შენი ფანობა რაში გამოიხატებოდა?
- რას ამბობ, "რონდო" მათი სიყვარულით შეიქმნა. მე და ჩემი და ვმღეროდით "ბითლზის" 80-მდე სიმღერას, გიტარით ხელში. თქვენ წარმოიდგინეთ, ვარცხნილობაც კი მათი მსგავსი გვქონდა. ელენე პოლ მაკარტნი იყო, მე - ჯორჯ ჰარისონი. ჭკუაზე არ ვიყავით, წერილებს ვწერდით, მათ სიზმრებშიც ვხედავდით.
- შენ რას ხედავდი სიზმარში?
- ვნახე, ვითომ ჩვენთან სახლში მოვიდნენ (იცინის)... მოკლედ, მაგრად ვაფანატებდი... ბავშვობიდან მიყვარდა ფილმი "რომაული არდადეგები" და შესაბამისად, გრეგორი პეკი და ოდრი ჰეპბერნი. ეს ორი მსახიობი დღემდე მომწონს.
ეკა გაბიტაშვილი, მომღერალი:
- 13 წლიდან ვუსმენ სტივ უანდერს და ერთი პერიოდი მქონდა "გადახრა" "ქვინზე". გავიცანი ცნობილი ქართველი "ქვინომანები", რომლებმაც მერე მაჩუქეს წიგნი ფრედი მერკურიზე. სხვათა შორის, ზუსტად იმ პერიოდში რაღაც ფესტივალზე, მოსკოვში წავედი, სადაც ესპანეთიდანაც იყვნენ ჩამოსულები და სწორედ მათ მაჩუქეს ვიდეოკასეტა, რომელზეც ჩაწერილი იყო ის კონცერტი, რომელიც "ქვინმა" უემბლის სტადიონზე გამართა. კასეტას მოჰყვებოდა წიგნივით დაკეცილი, დასურათებული და წარწერებიანი ბუკლეტი. ასეთი "წიგნი" მაშინ პირველად ვნახე და როდესაც თბილისში ჩამოვედი, ყველა უკან დამდევდა, მეხვეწებოდნენ: გვათხოვეო. ბოლოს, ის ბუკლეტი ვიღაცამ დამიკარგა...
ანრი ჯოხაძე, მომღერალი:
- ფრედი მერკურისა და უიტნი ჰიუსტონის ფანი ვიყავი და სხვათა შორის, დღემდე მათი ფანი ვარ.
- ფანობა რაში გამოიხატებოდა?
- ნებისმიერ დროს შემეძლო, მათი სიმღერის მოსმენა, მქონდა მათი პლაკატები. სხვათა შორის, ერთმა მეგობარმა მერკურის დიდი, წითელი პლაკატი მომიტანა, რომელზეც მისი ავტოგრაფი თეთრად იყო მიწერილი და ის დღემდე ჩემს ოთახში, საწოლთან მაქვს მიკრული.
- როცა ამ მომღერლებზე რაიმე ცუდს იგებდი, ამ ამბავს არ განიცდიდი?
- როგორ არა! მაგალითად, როდესაც უიტნიზე გავიგე, რომ წამალს "იჩხირავდა", გული ძალიან მეტკინა...
- შენც ბევრი ფანი გყავს. როგორ ფიქრობ, მათი სიყვარული როგორ დაიმსახურე?
- ალბათ იმით, რომ ყველგან და ყოველთვის ბუნებრივი ვარ, არ მიყვარს სიყალბე და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.
- სხვები ასე არ იქცევიან?
- ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ერთს ფიქრობენ და მეორეს ამბობენ, ლამის "პეროებს იყრიან" და უაზროდ იპრანჭებიან, რათა ხალხის გული მოიგონ. ვფიქრობ, ეს გამაღიზიანებელია.
ნატო გელაშვილი, მომღერალი:
- იპოლიტე ხვიჩიას, სესილია თაყაიშვილის ფანი ვიყავი და დღემდე განვიცდი იმას, რომ მათ არ ვიცნობდი, უზომოდ მიყვარს ორივე. ვფიქრობ, ქალბატონი სესილია და მე ერთმანეთს კარგად გავუგებდით. რატომღაც, ყველა სესილიას მეძახის, მას მამსგავსებენ: ასინეთა ხარ, მასავით კვიმატი ენა გაქვსო და ა.შ. ის ჩემთვის ბებიის კულტია, ყველა როლში უგონოდ მიყვარდა... ცოტა მოზრდილ ასაკში ძალიან მომწონდნენ: ზურა ყიფშიძე, ნინელი ჭანკვეტაძე. ვგიჟდებოდი ალა პუგაჩოვაზე, რომლის ყველა სიმღერას ვსწავლობდით და მერე, ჩვენი კვარტეტი ხმებში ვშლიდით. დიდი პატივს ვცემდი ანსამბლ "ორერას", რომლის სიმღერებზეც გავიზარდე. მოკლედ, ყოველთვის მიყვარდა მუსიკა და ყველაფერი ის, რაც ხელოვნებას უკავშირდებოდა.
- როგორ ფიქრობთ, სესილია თაყაიშვილის გმირების მსგავსი ბებია იქნებით?
- არ ვიცი, ამას რამდენად შევძლებ, მაგრამ დიდი სურვილი კი მაქვს... ძალიან მაღიზიანებს 40 წლის, "ჯიპზე" შემომხტარი ბებიები, რადგან ეს სახელი ჩემთვის ჭაღარა თმასთან, ნაოჭებთან ასოცირდება.
ია ჩანტლაძე, მომღერალი:
- ბევრი მსახიობი და მომღერალი მომწონდა. ისეთ კონცერტებსაც დავსწრებივარ, სადაც ტაში დამიკრავს და მიტირია კიდეც. მახსოვს, ჯაზმენის - მიშელ პეტრუჩიანის კონცერტი იყო და როცა ის სცენაზე გამოვიდა, ავტირდი, ხოლო როცა დაკვრა დაიწყო, ლამის ჭკუიდან შევიშალე (ახლაც მბურძგლავს), ფეხებზე მეკიდა, ვინ მიყურებდა და ვინ - არა... მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ემოციით იყო გამოწვეული; ასე იმის გამო არ მოვქცეულვარ, რომ ის შემხებოდა, ჩემთვის ხელი დაექნია და ა.შ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ვიღაცას აფეტიშებენ - ჩემთვის კერპთაყვანისმცემლობა კოშმარის ტოლფასია.
- ცნობილი ადამიანების პლაკატებს აგროვებდი?
- ამ მხრივ ჩვეულებრივი, სტანდარტული ბავშვი ვიყავი. მახსოვს, ძალიან მომწონდა კევინ კოსტნერი (ფილმის - "პირადი მცველის" ნახვის შემდეგ) და მქონდა მისი ულამაზესი პლაკატი.
ანი გიუნტერი, ტელეწამყვანი:
- მე ფეხბურთელის - ოლივერ ბირჰოფის ფანი ვიყავი. სახლში ყველგან მის პლაკატებს ვაკრავდი. მასზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, გავგიჟდებოდი. სხვათა შორის, როცა გავიგე, რომ ცოლი და 3 შვილი ჰყავდა, ძალიან განვიცადე (იღიმის)...
ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:
- თინეიჯერობიდანვე ვგიჟდები სტინგზე, რომლის ალბომებითაც ჩემი მეგობარი - კახა კილაძე მამარაგებდა. ეს მაშინ, როცა მოდაში რუსული ესტრადა იყო და ჩემს კლასში, ჰიტად გახლდათ ქცეული ბულანოვას - "ნე პლაჩ". სხვათა შორის, ფილმების არჩევაშიც განსაკუთრებული გემოვნება მქონდა - თუ სხვები კომედიას და "ბოევიკებს" უყურებდნენ, მე სერიოზულ ფილმებზე ვაფანატებდი და მერე, როცა მათ მოყოლას ვიწყებდი ან ჩემს იდეებს გადმოვაფრქვევდი, თანატოლები დამცინოდნენ - არანორმალური ხარო.
ნინო ლეჟავა, მსახიობი:
- ხუმრობით ვბაძავდი რამაზ ჩხიკვაძეს, თამრიკო გვერდწითელს და სხვა ცნობილ ადამიანებს, მაგრამ არასდროს არავის ფანი არ ვყოფილვარ. მახსოვს, თბილისში ცნობილი ფრანგი მსახიობი - პიერ რიშარი რომ ჩამოვიდა, გადაიღეს ფილმი - "შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი", სადაც მასობრივ სცენებში მეც ვმონაწილეობდი და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთი სურათი არ გადამიღია მასთან - მაშინ, როდესაც თაყვანისმცემლებით გარს შემოხვეული, საწყალი რიშარი, დათვი - მულტფილმიდან "მაშა და დათვი" და მაიმუნი ჩიკო მეგონა - როცა ის იჯდა და მასთან სურათის გადაღების მსურველთა უზარმაზარი რიგი იდგა..
- შენ რატომ არ გადაიღე სურათი?
- იმიტომ, რომ შემეცოდა; არ მინდოდა, მეც შემეწუხებინა. საწყალი, გაკრეჭილი სახით სკამზე ერთ პოზაში იჯდა და გიჟივით იყურებოდა... მახსოვს, მაშინ ინდურ ფილმებსაც ბევრი ფანი ჰყავდა.
- შენ არ დადიოდი ინდური ფილმების სანახავად?
- სხვათა შორის, ეს ფილმები, უფრო სწორად, მსახიობების ფერადი კოსტიუმები და ცეკვები მომწონდა. ვინმეს ინდური ფილმის საყურებლად თუ მივყავდი, მამაჩემის ყვირილი ანგრევდა სახლს: - ნუ უფუჭებთ ამ ბავშვს გემოვნებასო!..
ლიკა ქაჯაია
(გამოდის ხუთშაბათობით)