მსახიობ ზურა ნიჟარაძის შემოქმედებით ცხოვრებაში საინტერესო სიახლეებია. ის რამდენიმე ფილმზე დაამტკიცეს... შეგახსენებთ, რომ ზურა "ანეკდოტების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ანუ მონაწილეობს პროექტში - "რომ გადახვალ, გააჩერე" და 4000-მდე ანეკდოტში მაინც ჰყავთ გადაღებული.
მსახიობს სამი როლი შესთავაზეს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია პროექტი - "წმინდა ნინო", რომლის გადაღებებიც ცოტა ხანში დაიწყება.…
ზურა ნიჟარაძე:
- დიახ, დამამტკიცეს ფილმზე "წმინდა ნინო". ძალიან კარგი როლი მაქვს, - ქართველი კაცი ვარ, მწყემსი, რომელიც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლისას გზად ხვდება. ჩემი პერსონაჟი მსახიობ გუჯა ბურდულის გმირთან და კიდევ ერთ პერსონაჟთან (სამივე მწყემსები ვართ) ერთად, ვეგებებით ქართველთა განმანათლებელს. მაგარი კადრი იქნება...
ბატონმა გია კერესელიძემ (რეჟისორი) ორი წლის წინ ყაზბეგში ერთ-ერთი რეკლამის გადაღებაზე მნახა. რატომღაც მისი ფილმისთვის ძალიან მოვეწონე და მითხრა, - ზურა, არ გახდე და არც გასუქდეო. იმის მერე მართლაც ჩემს წონას ვინარჩუნებ. მოკლედ, ვემზადები ძალიან საინტერესო როლის სათამაშოდ: ჩემი პერსონაჟი წარმართია და აპირებს, რომ არმაზის კერპს შვილი შესწიროს... ამის შესახებ ბატონმა გიამ სინჯებზე რომ ვიყავი, მაშინ მითხრა. ამ ამბავმა სიმართლე გითხრათ, ამაღელვა. როგორია? ადამიანი კერპს შვილს რომ სწირავს?…
- გადაღებები როდის დაიწყება?
- ეს ყველაფერი თანხებზეა დამოკიდებული. თუმცა რეჟისორმა ბევრი იშრომა, რომ ეს საქმე აქამდე მოეყვანა. რომ ნახოთ მისი მომზადებული მასალა, სცენარი, გაგიჟდებით. ამასთან, ისეა ფილმის კადრირება მომზადებული, რომ...
- მხოლოდ გადაღება და თამაში უნდა, არა?
- იმ ყველაფერს ერთს შეხედავ და გადაიღებ, მეტი არაფერი უნდა. ტიპაჟები ზუსტად ჰყავს დახატული და მაგარი გმირები ჰყავს შერჩეული. წესით, კარგი ნამუშევარი უნდა გამოვიდეს. თან, ბატონი გია ღვთისმოსავი კაცია... ესეც მნიშვნელოვანია.
- მოგწონს გოგონა, რომელიც მთავარ როლზე დაამტკიცეს, ანუ "წმინდა ნინო"?
- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მან სხვა ფილმში აღარ უნდა ითამაშოს. ასეთია პატრიარქის კურთხევა.
ალბათ, ამ როლზე ამიტომაც შეირჩა არამსახიობი... მე მას არ ვიცნობ, მაგრამ როგორც გავიგე, თურმე ღვთისმოსავი გოგონაა, აღმსარებელი და მაზიარებელია... მან თავიდან, სანამ ფილმში მონაწილობაზე უარი თქვა, მერე აზრი მეუფეს ჰკითხა. მოკლედ, საბოლოოდ, პატრიარქმა მისცა ასეთი კურთხევა, რომ ფილმში აღარ უნდა ითამაშოს. ამ როლზე 4000 გოგონა გასინჯეს და არჩევანი მხოლოდ მასზე შეჩერდა.
- მაგრამ როგორც ვიცი, შენ კიდევ რამდენიმე როლის სათამაშოდ ემზადები...
- კი, სტუდია "ბუსთან"ვთანამშრომლობ, რომლის ხელმძღვანელი რამაზ ბლუაშვილია. ვაპირებთ, გადავიღოთ ფილმი ქართველ ავიატორზე - ალექსანდრე ქართველზე. ეს იქნება ძალიან სერიოზული დოკუმენტური ფილმი, რომლისათვისაც რამაზი საფუძვლიანად ემზადება... სტუდია "ბუ" აპირებს ასევე "რეკორდი 2"-ის გადაღებასაც. ის ძველი "რეკორდისგან", რომლის რეჟისორიც წარსულში გურამ პატარაია გახლდათ, აბსოლუტურად განსხვავებული ნამუშევრი გამოვა. ამჯერად რამაზ ბლუაშვილმა საოცარი სცენარი გააკეთა, ყველაფერი თავიდან დაწერა, გადაღებები ოქტომბრიდან დაიწყება.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის