150 მეტრი ახალ საზღვრამდე - "თქვენ წახვალთ და მერე ჩვენ? დავრჩებით რუსების ხელში… აქ ყველა პოლიტიკისთვის მოდის"
20 მეტრი საზღვრამდე - აი, იმ ბუჩქებთან იყო, ბავშვები გამოარიდა, თვითონ მოიტაცეს.. 24 წლის ბიჭია აქ ცხოვრობს"
ახალი საზღვარი - "აქ რუსმა სამხედრომ კაცს გამარჯობა უთხრა და ხელი რომ ჩამოართვა, გადაითრია. საზღვარი გადმოკვეთეო . . . წაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს".
ბოლო სახლში მცხოვრები - "არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შევძლებთ აქ დარჩენას. თუ არ მოგვხედეს, ალბათ ჩვენც წავალთ და მერე…"
. . . თავიდან ვერ მივხვდი, რამ გააბრაზა დიცელები, როდესაც მათ სოფელში საზღვრის გადმოწევის გასაპროტესტებლად ახალგაზრდების ჯგუფი ჩავიდა. მაიუსრებზე "მე მიყვარს სამაჩაბლო" ეწერათ, ამბობდნენ, თუ საჭირო გახდება ამ ხალხის გვერდით იარაღითაც დავდგებითო. ამასს მოჰყვა მთავრობის წევრების კრიტიკა, დადანაშაულება, შეძახილები საქართველოზე… ბოლოს პოლიტიკურად მოტივირებული აქტივისტები გაღიზიანებულმა დიცელებმა გინებით გააცილეს.
აქციის შემდეგ ადგილზე კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი ჩავიდა. მათაც სინანულით და გაბრაზებული სახეებით თქვეს - უყურე შენ! საზღვარი სადამდე გადმოუწევიათო. კამერების წინ ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს და ნახევარ საათში დატოვეს სოფელი.
ჩვენი პრობლემები არავის არ აინტერესებს, თქვენ ყველანი წახვალთ და მერე ჩვენ? დავრჩებით რუსების ხელში. აქ ყველა პოლიტიკისთვის მოდის, - ასეთი იყო ადგილობრივების პასუხი, (უფრო საყვედური), როდესაც ამბის მოკითხვას შევეცადეთ. შევპირდი, რომ მათ პრობლემებზეც ვილაპარაკებდი და ვთხოვე, ჯერ საზღვრის შესახებ ეთქვათ რამე. ორივეს თვითონ ნახავ ადგილზე, საზღვარსაც და ჩვენს გასაჭირსაცო, მითხრეს და ყველანი ერთად სოფლის განაპირა მხარეს წავედით.
მოზრდილი დასახლების ბოლოში ახლად მონიშნული ე.წ. საზღვრიდან 100 მეტრის მოშორებით 18 სახლია. უმეტესობამ საცხოვრებელი უკვე დატოვა. ადგილზე მხოლოდ 10-მდე ოჯახი რჩება. ეზოს გარეთ ბავშვების გაშვებას ერიდებიან, შეიძლება რუსმა მესაზღვრეებმა გაიტაცონ ან მათმა გერმანულმა ნაგაზებმა შეაშინონ. სახლებსა და საზღვარს შორის ხეხილის ბაღებია. ხეების ნახევარზე მეტი გამხმარია. გადარჩენილ ჩრდილებში სხვადასხვა მცენარეულ კულტურებს თესავენ, თუმცა სარწყავის უქონლობის გამო ნათესებიც უკვე ნახევრად განადგურებულია. არხების ნაწილი რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, ნაწილი გაუმართავია. ეს პრობლემა არა მარტო განაპირა მხარეს, არამედ მთელს სოფელს აწუხებს. შეუნარჩუნდებათ თუ არა არსებობის და კვების ერთადერთი წყარო, სარწყავი სისტემის დროულად მოწესრიგებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამის იმედი დიცელებს გადაწურული აქვთ.
ბაღების გავლის შემდეგ საზღვარს მივუახლოვდით, სარწყავების და სოციალური დახმარების არარსებობის თემა გატაცებების ფაქტებზე და საფრთხეებზე საუბრით იცვლება.
პირველი ქართველი, რომელიც "ახალი საზღვრის დარღვევისთვის" დააკავეს და ამ დრომდე ცხინვალში იმყოფება, 24 წლის როსტომ სოსიაშვილია. მეზობლები იხსენებენ, რომ ეზოსთან გადმოსული რუსი სამხედროების დანახვის შემდეგ იქვე მყოფი ბავშვებისკენ გაიქცა და ტერიტორიას გაარიდა. ამის შემდეგ კი დააკავეს.
ეს ჯერჯერობით პირველი გახმაურებული ფაქტია, თუმცა არა ერთადერთი…
ჩვენი რესპონდენტი მამუკა დუღაძე იხსენებს, რომ კიდევ ერთი გატაცება უშუალოდ მავთულხლართის გასავლებად გამზადებულ ბოძებთანაც მოხდა. "აქ რუსმა სამხედრომ კაცს გამარჯობა უთხრა და ხელი რომ ჩამოართვა, გადაითრია. საზღვარი გადმოკვეთეო. . . წაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. როგორც გავიგეთ, სხვა ჯარისკაცებს დაუნახავთ ეს ყველაფერი და ეტყობა ნამუსმა ისინი უფრო შეაწუხა."
ტერიტორიაზე ფოტოებს და ვიდეომასალას ვიღებთ, ამ დროს ჩვენი ნაცნობი დიცელები სხვადასხვა მიმართულებით გაიშალნენ. თანდათან მივხვდით, რომ გარემოს ათვალიერებდნენ. ყურადღება გვესიამოვნა, მაგრამ მაინც ვკითხეთ, რატომ მოიქცნენ ასე, როდესაც ჯარისკაცები მინდორზე აშკარად არ ჩანდნენ. პასუხად მივიღეთ, რომ იყო მიპარვის მცდელობები და შემთხვევები, როდესაც მათმა მეზობლებმა ბაღებიდან გამოქცევა მოასწრეს და გატაცებას ამის წყალობით გადაურჩნენ. ასევე გვიყვებიან, რომ ხშირია გინებისა და შეურაცხყოფის შემთხვევები. განსაკუთრებით აგრესიულები კი, რუსი მესაზღვრეები მაშინ არიან, თუ თან ოსებიც ახლავთ.
რამდენიმე წუთში, მას შემდეგ რაც უსაფრთხოებაში დავრწმუნდით, მონიშნულ საზღვარს რამდენჯერმე გადავაბიჯეთ, გადმოვაბიჯეთ და "თავი ისე ვიგრძენით, როგორც საკუთარ სახლში" - 300-400 მეტრის მოშორებით მესაზღვრეების და ავტომანქანების გადაადგილება შევნიშნეთ. ეს ერთგვარი ნიშანი იყო, რომ ტერიტორია უნდა დაგვეტოვებინა…
უკან დაბრუნებულები პირველივე შემხვედრ სახლში მცხოვრებ დათო მძინარაშვილს ვესტუმრეთ. სახლში შეგვიპატიჟა და გრილ სარდაფში შენახული ბოთლებით წყალი დაგვალევინა. როგორც აღმოჩნდა სასმელი წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მოდის, ამიტომ მარაგის შენახვა უწევთ.
ოთახში შესვლისთანავე თვალში რამდენიმე ნატყვიარი და საწოლთან სისხლის კვალი მოგვხვდა.
აქ ვინმე მოკლეს? - არა ომის დროს უკვე გამოსულები ვიყავით რომ დაცხრილეს. ეს სისხლის კვალი რამდენიმე დღის შემდეგ რომ დავბრუნდი და მცემეს, მაშინ დარჩა. ყველაფერი წაიღეს, ჩემი წაყვანაც უნდოდათ, მერე თქვეს, გზაში მოკვდებაო და ეზოში დამაგდეს ნაცემი. ვიდრე უკან დაიხევდნენ და ჩვენი პოლიცია ჩადგებოდა, ერთხელ კიდევ "მესტუმრნენ". მაშინ არ ვუცემივარ.. ფანჯრები ჩამოხსნეს და რკინის მასალები წაიღეს სხვენიდან. აქედან წასვლაზე არ მიფიქრია. შვილები და რძლები არ ჩამომყავს, თბილისში არიან. ეს ჩემი ცოლის სურათია… ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაიღუპა… არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს შევძლებთ აქ დარჩენას, თუ არ მოგვხედეს ალბათ ჩვენც წავალთ და მერე…
"მერე ის, რომ ისევ გადმოიწევენ" - საუბარში დათოს მეზობელი ლევან დუღაძე ჩაერთო. "აქ შრომა არავის არ ეზარება მაგრამ სირცხვილია გორელ კაცს ეზოში ხილი გაუხმა. ასე ჩვენ საზღვარს ვერ გავამაგრებთ და ვერც წინააღმდეგობას გავუწევთ ვინმეს".
ამ დროს უკვე მივხვდით, რომ თემა ამოწურული იყო, კმაყოფილების ერთადერთი მიზეზი კი ის, რომ ჩვენ იქ "პოლიტიკისთვის არ ჩავსულვართ". დავემშვიდობეთ და წამოვედით, მაგრამ რა თქმა უნდა დარჩა, კითხვა - თქვენ წახვალთ და მერე ჩვენ?..
ბექა პატურაშვილი
დიცი-თბილისი