ავტობუსების მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელისა და "სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორის შეცვლამდე არ აპირებენ.
მძღოლები ამ დროისთვის გლდანში, №2 ავტოპარკის ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და გაფიცვას განაგრძობენ. პარალელურად, მძღოლები "სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელად მათთვის სასურველ კანდიდატურებს განიხილავენ და გეგმავენ, რომ ამ კანდიდატის დანიშვნა მოითხოვონ. ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება გია მაისურაძის კანდიდატურა, რომელსაც მძღოლების უმრავლესობა უჭერს მხარს.
როგორც მძღოლები აცხადებენ, მათ სჯერათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას და მერიის სატრანსპორტო სამსახურს გამოცდილი და საქმეში გათვითცნობიერებული ადამიანები უხელმძღვანელებენ, მათი ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.
მძღოლების გაფიცვის ძირითადი მიზეზი ანაზღაურებით უკმაყოფილებაა. მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება მერიის წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს მძღოლების ხელფასი 800-დან 1000 ლარამდეა, ისინი ამბობენ, რომ კონტრაქტებში უწერიათ ეს ციფრები, თუმცა საბოლოო ჯამში, მის ნახევარს, საშუალოდ 400-500 ლარს გამოიმუშავებენ.
ამის მიზეზი კი არის ის, რომ ხელფასიდან ექვითებათ ავტობუსების შერემონტებისთვის საჭირო თანხები, ასევე გეგმას გადაცდენილი საწვავის დამატებითი ხარჯები, ასევე, სხვადასხვა სახის ჯარიმები, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების, მათ შორის საცობში მოხვედრის გამო ეკისრებათ.
მძღოლებს იმედი აქვთ, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს და მხარს დაუჭეს. ამ მიზნით ისინი აპირებენ, რომ მოლაპარაკებები გლდანის მაჟორიტარ დეპუტატთან სოსო ჯაჭვლიანთან გამართონ.