27 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში, უკრაინის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების ლიდერთა სამიტზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ახალ შეტევებს ამზადებდა სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. ზელენსკის თანახმად, რუსეთი ცდილობს, აშშ ჩაითრიოს ყალბ პირობებზე დაუსრულებელ და უსაგნო დისკუსიებში, რათა დრო მოიგოს და უკრაინის კიდევ უფრო მეტი მიწის დაპყრობა სცადოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ოლქსანდრ სირსკიმაც დაადასტურა ზელენსკის ინფორმაცია და განაცხადა, რომ მოწინააღმდეგის შეტევების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია.
"ცეცხლის შეწყვეტა არის უსაფუძვლო, ამას არ ემხრობა არც რუსეთი და არც უკრაინა იმ პირობებით, რაც დგას დღის წესრიგში - უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას, რუსეთი არ აპირებს უკრაინისთვის გადაიარაღებისა და შემდგომი მომზადების საშუალების მიცემას, ტერიტორიების შენარჩუნებას და ნატოში გაწევრების გარანტიას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ მოცემულობაში ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება“, - გვეუბნება ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე, რომელიც ambebi.ge-ს რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეტევის საფრთხესა და სამშვიდობო პროცესის პერსპექტივებზე გვესაუბრება.
- რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება, რის შესახებაც ჯერ ზელენსკიმ, შემდეგ კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა სირსკიმ განაცხადა. ზოგმა ისიც თქვა, რომ ეს პოლიტიკური განცხადებები იყო დასავლეთისთვის. თუმცა უკვე ვნახეთ სუმზე განხორციელებული რუსების ავიაიერიშები. რას ცდილობს ახლა პუტინი?
- რუსეთი რომ შეტევისთვის ემზადება, ეს არახალია და ვფიქრობ, რომ დასავლეთისთვისაც არ უნდა ყოფილიყო სიახლე. ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო - წინა წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, რუსეთმა გამოაცხადა ახალწვეულების მასობრივი გაწვევა, სულ რამდენიმე კვირაა, ამან დიდ მასშტაბს მიაღწია, რუსეთს დაახლოებით 200 ათასამდე ახალწვეული ეყოლება, რომელთა გამოყენებაც მოხდება რეზერვულ ან შემტევ ნაწილებში, ანუ ისინი შეიძლება ვიხილოთ ფრონტის ხაზზე ან ზურგში. ისიც ნათელია, რომ რუსეთი არ არის კმაყოფილი მიღწეული შედეგებით, მოლაპარაკებებში ის ითხოვს იმ ტერიტორიებსაც კი, რომელთაც ვერ აკონტროლებს, ლაპარაკი მაქვს ზაპოროჟიეზე, ხერსონზე, სლავიანსკისა და კრამატორსკიზე, ანუ იმ ქალაქებზე, სადაც მისი კონტროლი არ ვრცელდება. პუტინი შეეცდება ამ ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვებას. ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ რუსეთისთვის ომის აქტიური ფაზა არა თუ არ დასრულებულა, არამედ მას სჯერა, რომ ომის მოგება შეუძლია. სუმის დაბომბვა მთლიანი პროცესიდან ერთგვარად განცალკევებულია იმიტომ, რომ სუმის საკითხი რაღაცნაირად არ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, მას სუმში აწყობს ის, რაც სხვა ქალაქებში - პუტინი მიზანმიმართულად ახორციელებს გენოციდურ აქტებს იმისთვის, რომ შემდგომ მოხდეს მოსახლეობის სრული დემორალიზაცია და მათი მხრიდან საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის, ან თუნდაც გამარჯვების იმედის დაკარგვა. ცეცხლის შეწყვეტა არის უსაფუძვლო, ამას არ ემხრობა არც რუსეთი და არც უკრაინა იმ პირობებით, რაც დგას დღის წესრიგში - უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას, რუსეთი არ აპირებს უკრაინისთვის გადაიარაღებისა და შემდგომი მომზადების საშუალების მიცემას, ტერიტორიების შენარჩუნებას და ნატოში გაწევრებას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ მოცემულობაში ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება. მოლაპარაკებების პირობები, რომელსაც უკრაინა სთავაზობს, რუსეთისთვისაა მიუღებელი, ხოლო რომელსაც რუსეთი სთავაზობს - უკრაინისთვის.
- ანუ სამშვიდობო პროცესს პერსპექტივა არ აქვს? რუსეთს ომის დასრულება რომ არ სურს, ეს ისედაც ნათელია...
- ამ ეტაპზე არ აქვს ამის სურვილი, ერთადერთი, რასაც საფუძველი აქვს, ეს არის ვინ უფრო წარმატებული იქნება შეტევით ან თავდაცვით ოპერაციებში. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ რუსეთი სწორედ შეტევით ოპერაციაში ცდილობს წარმატების მიღწევას. ამ ეტაპზე რუსეთს არ სურს ომის დასრულება, მას მიზანი მიღწეული არ აქვს, უკრაინის მხრიდან თუ კაპიტულაცია იქნება, რა თქმა უნდა, აწყობს, მაგრამ იმ პირობებით, რომ უკრაინამ თავისი საბრძოლო უნარები შეინარჩუნოს, ასევე შეინარჩუნოს ყველა ის ქალაქი, რომელიც მას ახლა უკავია, ასევე მოხდეს მისთვის გარანტიების მიცემა, გადაიარაღება, ეს უკრაინისთვის მისაღები იქნება, რუსებისთვის - არა. ამ ფონზე ძალიან არასერიოზულია მოლაპარაკებების მიმდინარეობა იმიტომ, რომ მხარე, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებს (აშშ-ს ვგულისხმობ), ვერ ითვალისწინებს იმ მარტივ მოცემულობას, რომ რუსეთის მხრიდან არაა მზაობა, რომ უკრაინას შერჩეს ტერიტორიები და იყოს მილიტარიზებული სახელმწიფო, უკრაინაში იყოს ნაციონალური და პროუკრაინული მთავრობა და რა თქმა უნდა, არც უკრაინას აწყობს, ტერიტორიები ჩააბაროს, ამიტომაც ამ ეტაპზე ომის გაგრძელების რეალობა უფრო მოსალოდნელია. ამ მოცემულობაში ერთადერთი გადამწყვეტი არის რუსეთის შეტევა, სწორედ ამას ემსახურება შეტევა, რომ მან ომი უნდა მოიგოს, ომი გრძელდება და ის ამას მოემსახურება. თუმცა ეს შეიძლება რუსეთისთვის ერთ-ერთი ბოლო მასირებული შეტევა აღმოჩნდეს (მასირებული, თორემ სანამ ომი გაგრძელდება, შეტევები სულ იქნება), მაგრამ ასეთი მასირებული დაწოლა, როგორიც ხარკოვისა და სუმის ოლქზე მიმდინარეობს, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბოლო იმიტომ კი არა, რომ დავუშვათ, რუსეთს მოტივაცია აღარ აქვს, არამედ იმიტომ, რომ მისი რესურსები ძალზე ლიმიტირებული გახდა...
- აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი მაღალჩინოსანი სკეპტიკურადაა განწყობილი პუტინის მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიმართ და ტრამპს მოსკოვისადმი გაცილებით მკაცრ მიდგომას ურჩევენ. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი არიან იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პუტინი რეალურად არ არის დაინტერესებული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტით. ისინი პრეზიდენტ ტრამპს ურჩევენ, მკაცრი პოზიცია დაიკავოს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შესახებ მოსკოვის მოთხოვნის მიმართ. რას იზამს ტრამპი?
- მშვიდობაზე ლაპარაკს ომი არ შეუწყვეტია, ომის შეწყვეტა თუ გვინდა, ამ დროს ძალაზე უნდა იყოს საუბარი, თუმცა რაც მეტი იქნება აშშ-დან უკრაინის დახმარების მცდელობა, რუსეთის მხრიდანაც იქნება ესკალაციის მცდელობა, სანამ მას ამის ძალა შესწევს. ამ კონფლიქტიდან მარტივი გამოსავლის მოლოდინი, რომ ვთქვათ, ყველა მხარე იქნება კმაყოფილი, არის მცდარი. საერთოდ, მგონია, რომ ტრამპის მოლოდინი - რომ მხარეები იქნებიან კმაყოფილები, თუკი ის ისეთ გადაწყვეტილებას იპოვის, რომელიც კომპრომისული იქნება ყველა მხარისთვის, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მგონია საგარეო პოლიტიკის კუთხით, ასეთ გადაწყვეტილებას ის ვერ იპოვის. როდესაც დიპლომატიაზე ვლაპარაკობთ, არსებობს ორი მხარე, აბსოლუტურად, განსხვავებული ინტერესებით, რომელთა შერიგება ვერ მოხდება - ერთი მხარე როდესაც მიიღებს უპირატესობას, ეს ნიშნავს, რომ მეორე მხარე დამარცხდება. როდესაც ერთი ქვეყანა (მით უმეტეს, რომელი ქვეყანაც გენოციდს აწარმოებს) მეორეს სთხოვს ტერიტორიას, აქ კომპრომისი ვერ იქნება. ეს არ არის ჰაერიდან მოვარდნილი ტერმინი, რუსეთი ღიად ამბობს, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს, შესაბამისად, თუკი ერის არსებობას, არ აღიარებ არავის, ვინც კი საკუთარ თავს იდენტიფიცირებას უკეთებს, როგორც უკრაინელი და მას კლავ, ეს გენოციდს ნიშნავს, ეს სხვა ტერმინით არ ხასიათდება. ამიტომაცაა, რომ ტრამპის მცდელობის მიუხედავად, ამ კონფლიქტის გამოსავალი, შეიარაღებული მხარდაჭერის გარდა, მეეჭვება სხვა რაიმე იყოს. ან უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი, ან რუსეთმა. რუსეთს კომპრომისის მოტივაცია არ გააჩნია, უკრაინას კი არ აქვს არავითარი მზაობა იმისა, აღიაროს, რომ აღიაროს ის ტერიტორიები, რომელთაც რუსეთი დამატებით ითხოვს და ის დამატებითი მოთხოვნებიც, რომელიც სინამდვილეში კაპიტულაციაა.
- 15 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ოდესაში სამუშაო შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, განსაკუთრებით "პეტრიოტის“ სისტემების მიწოდების გადაუდებელი საჭიროება. საზენიტო- სარაკეტო სისტემების ახალ პარტიებზეა საუბარი?
- ჯერჯერობით ახალი პარტიების მიწოდება არ ყოფილა, ძველი კონტრაქტით რაც არის, იმას აწვდიან, უბრალოდ, ძალიან შენელებულია პროცესი, თანაც, ეს არასაკმარისია, უკრაინას სჭირდება ძალიან სწრაფად და დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის შეიარაღება. უნდა აღვნიშნო, რომ აქ საუბარი არ არის ერთჯერად მიწოდებაზე იმიტომ, რომ გადატვირთვა ხდება, პირობითად, როდესაც გამოუშვებენ 1000 საფრენ აპარატს, რაკეტას, ან დრონს ერთად, ყველას ჩამოხსნა-განადგურებას ვერ ასწრებ, შეიძლება რამდენიმემ მიაღწიოს მიზანს და ის მიზანს მიღწეული რაკეტა (დრონი, თუ სხვა ნებისმიერი ბალისტიკური შეიარაღება) აზიანებს ან ანადგურებს დანიშნულების წერტილს. ეს არის მთელი პრობლემა, რასაც თვალს ვადევნებთ, ამიტომაც აქ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით შეიარაღება, რომელიც უკრაინის სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ომი აღარ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ უკრაინის თავდაცვით ომად, ბალტიისპირელები და პოლონელები ამბობენ, რომ დროა, თავდაცვითი შეიარაღების გარდა, უკრაინისთვის მოხდეს იმ შეტევითი პოტენციალის გაზიარებაც, რომელიც უკრაინაში ომის მიმდინარეობაში დამატებითი გარდატეხის შეტანას შეძლებს. ეს გულისხმობს კიდევ რამდენიმე თვეს ჯერ თავდაცვაში ყოფნას და შემდეგ იმას, რომ უკრაინამ მოახერხოს შეტევითი ფაზის განხორციელება. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ მხოლოდ დაცვაში ყოფნა რთული იქნება, მითუმეტეს, რომ ამას დიდი რესურსები სჭირდება, ასევე, თავდაცვითი შეიარაღების რესურსების ქონა.
- სერგეი ნარიშკინის განცხადებით, რუსეთი უკრაინისგან ფაქტობრივად, კაპიტულაციას მოითხოვს, რასაც ცხადია, უკრაინა არ დათანხმდება...
- ეს მიზანმიმართული ბუნდოვანი ტერმინებია, რუსული მეთოდია იმიტომ, რომ როცა ისინი ლაპარაკობენ ქვეყნის მხრიდან დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაზე, სინამდვილეში ისინი გულისხმობენ იმას, რომ ქვეყანას ის ხელისუფლება უნდა ჰყავდეს, რომელსაც მოსკოვი აირჩევს, რომ უკრაინას არ უნდა ჰყავდეს საჯარისო ფორმირებები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ მტერს, ასევე, ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს გარანტიები არც ნატოში გაწევრებაზე, არც ატომურ შეიარაღებაზე, არც რომელიმე ალიანსში გაერთიანებაზე, არამედ ჰაერში უნდა იყოს გამოკიდებული და რუსულ კეთილ ნებას დამორჩილებული. ეს არ არის პუტინისთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმება, რაც მართლაც კაპიტულაციაა.
- დასავლელი ლიდერების განცხადებები იმედის მომცემია, ევროპამ თავდაცვის გადაიარაღება-გაძლიერება დაიწყო, ახლახან რამშტაინის ფორმატის შეხვედრის შემდეგ კი მათ უკრაინას მილიარდობით ევროს სამხედრო დახმარება აღუთქვეს...
- ევროპელებმა დაიწყეს საკუთარი წარმოების ამოქოქვა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ამბავია - ვხედავთ, რომ ამ წარმოების ზრდა მიმდინარეობს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და პოლონეთში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მილიარდები ხმარდება უკრაინის თავდაცვის წარმოების გაძლიერებას. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ევროპული ფული ასევე მიდის უკრაინის თავდაცვის წარმოების უფრო მეტად დახვეწასა და ეფექტურ გარდაქმნაში. პრაქტიკულად, იარაღი ისე სწრაფად წარმოებული ვერსად იქნება, როგორც უკრაინაში, უკრაინელებს ეს ქარხნები გადატანილი აქვთ მიწისქვეშეთში და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, უკრაინული ინდუსტრია საკმაოდ აქტიურად მუშაობს. რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, განსაკუთრებით ხარკოვში, ომის პირველივე კვირებში გაანადგურეს უკრაინული სატანკო წარმოება, რაც დიდი დარტყმა იყო უკრაინისთვის, ასევე, დონეცკის ოლქში მოხდა აქტიური დაბომბვები, მარიუპოლის აღებამაც ასევე დიდი დარტყმა მიაყენა ამ ყველაფერს, მაგრამ შემდგომ, 2023 წლის ბოლოდან და 2024 წელს განსაკუთრებით დაიწყო უკრაინული შეიარაღების ახალი მასშტაბებით ამუშავება და უკვე ვიხილეთ უკრაინული წარმოების თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ასიათასობით დახვეწილი დრონი, სულ ახალი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და ისინი წარმოებს უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ, დემილიტარიზაციის ნაცვლად, პუტინმა მიიღო საოცრად მილიტარიზებული უკრაინა, სსრკ-ს მერე ასეთი მილიტარიზებული უკრაინა არ ყოფილა.