„გარემოსდაცვითი პრობლემები საქართველოში საკმაოდ ხელშესახებია. დაბინძურების კუთხითაც არის გამოწვევები, რადგან დაბინძურების სერიოზული წყაროები გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედანაც. შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი, ჩვენამდე რომ მოაღწევს, ზემოქმედებას ცხადია, მოახდენს. ამას კლიმატის ცვლილების გლობალური პროცესიც ემატება, რომელსაც მრავალმხრივი პრობლემები მოაქვს,“ - გვეუბნება მამუკა გვილავა, გარემოს დაცვის ექსპერტი.
რა მდგომარეობაა გარემოს დაბინძურების კუთხით საქართველოში, როგორ ვზრუნავთ გარემოს დაცვაზე, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ჩვენს ქვეყანაზე და როგორია ამ კუთხით სამომავლო პროგნოზები, ამ საკითხებს გარემოს დაცვით ექსპერტთან ერთად განვიხილავთ.
მამუკა გვილავა:
- დაბინძურების პრობლემებს შესაძლებელია ჩვენით, ასევე მეზობლებთან ერთად გავუმკლავდეთ, მაგრამ გლობალურ ცვლილებებს გლობალური პასუხი სჭირდება და მათ შორის, ჩვენი მოქმედებაც.
- სტატისტიკურ მონაცემებს რომ დავეყრდნოთ, იმავე დაბინძურების თვალსაზრისით, კონკრეტულად რა მდგომარეობაა საქართველოში და კლიმატის ცვლილების გავლენით მომხდარი პრობლემების კუთხით?
- მონაცემების მხრივაც პრობლემურია ჩვენი ქვეყანა, გარემოსდაცვითი მონაცემების საჯაროდ გაზიარების მხრივ არ გამოვირჩევით. ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა ასეთია, გარემოს დაცვითი მონაცემები გარდა კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტებისთვის იყიდება. მათთვისაც გარემოს ეროვნულ სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვაა საჭირო, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელის დაფინანსებით მოპოვებული გარემოსდაცვითი მონაცემები, ინფორმაცია და სხვა მასალა მოგაწოდონ...
თანამედროვე მიდგომა კი მონაცემების უფასოდ და მოხერხებულად გაზიარებაა, რითაც ამერიკელები და ევროპელები გამოირჩევიან. ისეთი მონაცემები, რომელიც ჩვენთან იყიდება, ამერიკაში შესაძლოა შეხვიდეთ შესაბამის ინტერნეტ-პორტალზე და ნებისმიერი რესურსი, რაც გსურთ, ჩამოტვირთოთ. ამიტომ მიჭირს რიცხვები დაგისახელოთ, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ზოგადი მდგომარეობა არ არის სახარბიელო.
ჩემი სპეციალიზაცია შავი ზღვის სანაპიროა, სადაც გამწმენდი ნაგებობები და ნაგავსაყრელები თანდათან ეწყობა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბათუმში, ურეკში, ქობულეთში, ფოთში, ზუგდიდში, ანაკლიაშიც მწყობრშია შესული ან დასრულების ეტაპზეა გამწმენდი ნაგებობები, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მეტია საჭირო. გვინდა, ჩვენი ზღვა, საბანაო წყალი ნაკლებად იყოს დაბინძურებული. მაგრამ თუ რა დონეზეა დაბინძურებული, ბაქტერიული დაბინძურების მონაცემები, როგორც გითხარით, როგორც წესი არ ქვეყნდება.
- რა გამწმენდ ნაგებობებზეა საუბარი, მკითხველს კონკრეტულად რომ ვუთხრათ.
- საკანალიზაციო წყლების გამწმენდ ნაგებობებზეა საუბარი, რომლებზედაც მთლიანი შეკრება ხდება ნახმარი წყლების და გაწმენდა, თუმცა მანამდე საკანალიზაციო სისტემის თითქმის მთლიანი განახლება მოხდა მაგალითად, ბათუმში. ახლა ბათუმის, მდინარე ჭოროხის შესართავის სამხრეთით მდებარე დასახლებების დაერთება ხდება სისტემაზე და ეს შედარებით წარმატებული მაგალითია. ბათუმის გაწმენდილი წყალი ჩაედინება ზღვაში კილომეტრი სიგრძის წყალქვეშა მილით... თუმცა, როგორც მოგახსენეთ, არის ადგილები, ბათუმის შემოგარენში, მაგალითად, ჭოროხის სამხრეთით, ტურისტულ არეალებზე (გონიო, სარფი), რომლებიც ჯერ კიდევ დასაერთებელია გამწმენდ ნაგებობაზე. კანალიზაციის წყლები ზღვის ძირითადი დამაბინძურებელია.
ვინაიდან საკანალიზაციო წყლები ბაქტერიოლოგიურ დაბინძურებას იწვევს, გვინდა, ჩვენი ტურისტული პლაჟები არ იყოს დაბინძურების საფრთხის ქვეშ. ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგი, განსაკუთრებით სეზონზე, ზაფხულის თვეებში. ტურისტებსაც უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ქვეყანაში ეკონომიკური შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს, ამასთან ჩვენს მოსახლეობასაც, რადგან ჩვენც იქ ვისვენებთ. დაუშვებელია ბაქტერიოლოგიური დაბინძურება ზღვაში, სადაც ვბანაობთ.
- შარშან კახოვკის ინციდენტზე დიდი განგაში იყო ატეხილი, რომ მისი გავლენით საქართველოში დაბინძურების ადგილი არსებობდა...
- კახოვკიდან ჩვენამდე ვერ მოაღწევდა - ტყუილუბრალოდ იყო ის განგაში ატეხილი. ამან ჩვენს ტურიზმის სექტორს საგრძნობი ზიანი მიაყენა, ტურისტების (როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი) რაოდენობა შემცირდა. კახოვკის ინციდენტს სინამდვილეში ჩვენთან არაფერი გამოუწვევია. ქერჩში ტანკერებიდან მაზუთის დაღვრას გაცილებით მეტი და გრძელვადიანი ზიანის მოტანა შეუძლია ზღვისპირეთისთვის. თვითონ, ჩვენი ქალაქებიდან მდინარეებს და ზღვას უფრო მეტად ვაბინძურებთ, ვიდრე კახოვკას შეეძლო თეორიულადაც კი გამოეწვია. ამიტომ მივხედოთ ჩვენს გამწმენდ ნაგებობებს, იმას, რომ მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდეს და მოხერხებულად იყოს ხელმისაწვდომი.
- ცხადია, საბანაო წყლის ხარისხი მნიშვნელოვანია...
- და ევროკავშირის საბანაო წყლის დირექტივაც. მასთან ჰარმონიზება უკვე სავალდებულოა საქართველოსთვის. როდესაც ამაზე მუშაობა რეალურად გააქტიურდება, შემდეგ მინიმუმ ყოველკვირეულად მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს. პირადად ველოდები ასეთი მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას, რადგან როდესაც მეკითხებიან, როგორია წყლის ხარისხი, ჩემი საპირისპირო კითხვა ასეთია - გყავდათ ბავშვები ზღვაზე? კუჭი აეშალათ? არ მახსოვს, არ ეთქვათ, კუჭი არ აეშალაო. ეს იმის შედეგია, რომ ვირუსები, ბაქტერიებია წყალში... ვიღაც ალბათ იტყვის, მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება ტურიზმზე იმოქმედებსო. დამერწმუნეთ, ტუროპერატორებმა ძალიან კარგად იციან ჩვენი ზღვის წყლის ხარისხი. მაგრამ ეს არ იცის ჩვენმა მოსახლეობამ. მხოლოდ იმიტომ, რომ არ ქვეყნდება. შედეგების გაცნობის შემდეგ კი საზოგადოება მოვითხოვდით, რომ საკანალიზაციო წყლები იყოს გაწმენდილი და ისე ჩაედინებოდეს ზღვაში.
- სიდრის კლუბში თქვენს ლექციას მოვუსმინე და აღნიშნეთ, რომ შავი ზღვის დონის მნიშვნელოვანი აწევაა მოსალოდნელი. იქნებ ამ თემაზე უფრო მეტი გვითხრათ..
- ვიდრე ამაზე გიპასუხებთ, მანამდე უნდა ვთქვა, რომ თქვენ მიერ ნახსენები სიდრის კლუბი ბაზალეთის მწვანე ინჟინერიის ცენტრია. იქ არის ყველა ის ნიმუში წარმოდგენილი, თუ როგორი უნდა იყოს საცხოვრისი სადაც ადგილი აქვს გარემოს დაცვას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, საკუთარი გამწმენდი ნაგებობაც კი გააჩნია „ხელოვნური ჭაობის“ ტიპის (ე.წ. constructed wetland). ეს მოდელი ყველგან, მთელ საქართველოში, განსაკუთრებით სანაპირო ზონაში შეგვიძლია დავნერგოთ. ყველას ვურჩევდი მსგავსი ტიპის ბუნებაზე დაფუძნებული გამწმენდი დანადგარები დავნერგოთ.
რაც შეეხება ზღვის დონის აწევას, ეს არის კლიმატის ცვლილების შედეგი. იცით, რომ ტემპერატურის ზრდა ნახშირორჟანგის ემისიის გამოა გამოწვეული, რასაც მანქანები, გათბობისა და გაგრილების სისტემები გამოყოფენ. უმეტესად კი ავტომობილები თამაშობენ ამ მხრივ დიდ როლს - დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგს გამოისვრიან... ამას სათბურის ეფექტი აქვს (ნახშირორჟანგი სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზია), რაც იწვევს გლობალურ დათბობას და არასასიამოვნო პროცესების წარმოქმნას მთელ დედამიწაზე. ერთ-ერთი ასეთი ეფექტი გახლავთ მყინვარების, ანტარქტიკის ყინულების დნობა...
სად საქართველო და სან ანტარქტიკა? - იტყვის მავანი, მაგრამ დამდნარი ყინული ბოლოს ზღვაში ხვდება, მათ შორის, ჩვენს ზღვაშიც. ზიარი ჭურჭლის პრინციპით ყველა ზღვა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. შავი ზღვაც მიერთებულია ოკეანეს და უკვე დღეის მდგომარეობით, ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 25 სანტიმეტრითაა აწეული.
ოფიციალური მონაცემებით ითვლება, რომ საუკუნის ბოლომდე ზღვის დონე მეტრი, მეტრ-ნახევრით აიწევს, თუმცა ჯეიმს ჰანსენი (James Hansen), კლიმატის დარგის მნიშვნელოვანი მეცნიერი და ცნობილი პიროვნება (ჯერ კიდევ პრეზიდენტ რეიგანის დროს კლიმატის ცვლილებებზე საფუძვლიანი მოხსენება ჰქონდა აშშ-ის სენატის კომიტეტში, სადაც მოსალოდნელ გლობალურ საფრთხეებზე საუბრობდა), დღეს მიიჩნევს, რომ საუკუნის ბოლომდე ზღვის დონე რამდენიმე მეტრით აიწევს და რომ ეს დაახლოებით 50-დან 150 წლამდე ვადაში მოხდება და მთელ მსოფლიოში გავრცელდება, მათ შორის, შავ ზღვაზეც და შედეგები ჩვენ სანაპიროსაც შეეხება.
- დღეის მდგომარეობით ტემპერატურა რამდენი გრადუსითაა მომატებული?
- ერთ-ნახევარი გრადუსით. 2024-მა წელმა საშუალო ტემპერატურის რეკორდი დაამყარა და ეს რეკორდი ერთ-ნახევარ გრადუსზე მეტი იყო. ის, რის მიღწევაც ე.წ. პარიზის შეთანხმებით გვინდა, რომლის ხელმომწერი მხარე საქართველოც არის - დავრჩეთ, ერთ-ნახევარ გრადუსში, 2024 წელს ეს დაირღვა. ერთი წლის დარღვევა საკმარისი არ არის, 5-10 წლის განმავლობაში უნდა განმეორდეს, მაგრამ ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ განმეორდება. ოფიციალური ორგანო - საერთაშორისო კლიმატის მეცნიერთა სამთავრობათაშორისო პანელი მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს რეკომენდაციებს აძლევს, თუ რა მდგომარეობაში ვართ და რა არის გასაკეთებელი. მათ გამოქვეყნებულ ანგარიშში იყო ამ გრადუს-ნახევრის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ იდეალურ შემთხვევაშიც კი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედებები მიუღებელ მასშტაბებს მიაღწევს. ამას უკვე ვხედავთ კიდეც: თავსხმა და გადაუღებელი წვიმა, დიდი რაოდენობით თოვლი (წელს გურიაში, წინა წლებში აქვე წყალმოვარდნებით გამოწვეული ძლიერი მეწყერები). კლიმატის ცვლილების გამო ექსტრემალური მოვლენები გახშირდება და ამას ყველანი ვგრძნობთ. სამწუხაროდ წყალდიდობებს უფრო ხშირად უნდა ველოდოთ, მაგრამ ასეთ დროს მნიშვნელოვანია მზადყოფნა.
- სტიქიის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ შემაკავებელ ღონისძიებებად რა შეიძლება მივიჩნიოთ?
- ბევრნაირი ღონისძიება არსებობს. მე ბუნებაზე დაფუძნებული მეთოდების მომხრე ვარ: არ უნდა გვქონდეს შიშველი გრუნტი, მაქსიმალურად გავამწვანოთ გარემო, არ დავსახლდეთ მეწყერთან ახლოს, კრიტიკულ ადგილებში არაფერი გავაშენოთ, არ გავაშენოთ იქ არაფერი, სადაც ვიცით, რომ სანაპიროს წყალდიდობები გვექნება. გახშირებულ თავსხმა წვიმის დროს ხანდახან როდესაც ზღვის დინება და ქარები ნაპირისკენ არაა მიმართული და თუ ზღვა, წყალს არ მიიღებს, ასეთ დროს წყალდიდობის შედეგად ზღვისპირა ადგილების დატბორვას ექნება ადგილი.
ასეთ ადგილებში დასახლება არ არის სახარბიელო. ეს უფრო ადვილი გასაკეთებელია, ვიდრე ის, რომ ყველგან ჯებირები ავაშენოთ და იქ დავსახლდეთ, სადაც არ არის მიზანშეწონილი...
გრადუს-ნახევით მომატება ნიშნავს, ზღვის დონის დაახლოებით სამი მეტრით აწევას. წარმოიდგინეთ, რა მძიმე სურათი იქმნება. ამიტომ, როცა ვიცით, რომ 100 წელიწადში ეს გველოდება, სულ სხვანაირ ნაგებობებს უნდა ვაშენებდეთ ბათუმში, ფოთში და ა.შ.
- ტყის გაჩეხაც მძიმე თემაა... ამ კუთხით რა პრევენციული ღონისძიებებია ჩასატარებელი?
- კლიმატის ცვლილების ზემოქმედებაზე ვსაუბრობდით ურბანულ არეალებში. თბილისში, იპოდრომზე 8 ჰექტარი ბუნებრივი ხემცენარეებით და ბუჩქბალახებით დაფარული სივრცეა. ასეთი ადგილი დედაქალაქში ბევრი არ გვაქვს. გამწვანებული ფართობების ზრდის ნაცვლად, ამხელა ფართობზე, ქალაქის ცენტრში 6 ცათამბჯენის ჩადგმას აპირებენ. ჩავდგათ, მაგრამ ასეთ პროექტს და სივრცით გეგმას, თუკი ასათვისებელი ფართობი 10 ჰექტარზე მეტია, გარემოზე ზემოქმედების შეფასება სჭირდება და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებაც. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ 8 ჰექტარია და ამ მოთხოვნის შესრულება არ გვეხებაო. როგორც ცნობილია, ხეების გადარგვას აპირებენ. 2-ზე და მეტ ჰექტარზე გადაირგვება, ამიტომ ათვისებული ფართობი 10 ჰექტარზე მეტი გამოსდით. ეს უკვე ნიშნავს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება მათთვის სავალდებულოა. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებასაც შეეძლება თავისი აზრი გამოთქვას. ეს აზრი ან უნდა მიიღონ, ან თუ არ არის სწორი, დაასაბუთონ, რატომ არ არის სწორი. თან ეს ვერ მოხდება ერთ დღეში, დაახლოებით ნახევარ წელიწადი დასჭირდება პროცედურას. დარწმუნებული ვარ, ის ჯგუფი, რომელიც მშენებლობას აპირებს, მას აქვს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოს და უპრობლემოდ შეასრულოს. ასეთ შემთხვევაში ცათამბჯენებს ბევრად უკეთეს ბუნებრივ და სოციალურ გარემოში ააშენებენ. თუ ამ პროცედურას არ ჩაატარებენ, მაშინ საზოგადოებას არ მოგვეცემა საშუალება, ამ საქმეში წვლილი შევიტანოთ. არადა, წვლილის შეტანა მართლაც შეგვიძლია. ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი კანონები. კანონი, რომელზედაც ვსაუბრობ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსია - ეს არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში მივიღეთ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე.
- იპოდრომის ტერიტორიაზე ხომ უამრავი ადამიანი ისვენებს და თუ ღობეს გააკეთებენ, ადამიანებს მშენებლობის შემდეგ იქ შესვლის საშუალება ექნებათ?
- დღევანდელი პროექტით ღობეს აკეთებენ. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ თუნდაც ღობე არ გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ ადვილად მოვილაპარაკებთ, საკითხებს მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ხოლმე... კარგი მექანიზმები გვაქვს, კარგი ქვეყანა გვაქვს, ჭკვიანი ხალხი გვყავს და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა. შევქმნათ კარგი ეკონომიკა და კარგი ქვეყანა.
ტყის განადგურება კი არა ხეების დარგვით ხდება ნახშირბადის უკან დაბრუნება. სხვანაირად კლიმატის პრობლემა ვერ გადაიჭრება. ტყე არ უნდა გაიჩეხოს! რაც უფრო ძველი და ბუნებრივი ხეებია, ადგილობრივი სახეობები, მით სასარგებლოა. ამიტომ ნუ გავჩეხავთ იმას, სადაც ძველი ტყეა. ახალი ტყეები და პლანტაციებიც კი შეგვიძლია გავაშენოთ. მოშიშვლებული არეალი თბილისის ირგვლივ ბევრია. ჯობია ჩვენი რესურსები ამისკენ მოვმართოთ. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი და გადაწყვეტი როლი სახელმწიფოს ეკისრება.
- ბოლოს რას ეტყოდით ყველას ერთად?
- თუ ამოსავალი წერტილი გარემოს დაცვა იქნება, სახლების და დეველოპმენტის პროექტიც კარგი გამოვა. ამას ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღება უნდა - განახლებადი ენერგია უნდა დაინერგოს, მწვანე სახურავები, მზის პანელები. მზეც გვაქვს, ქარიც გვაქვს, გამოვიყენოთ, განსაკუთრებით გვჭირდება ადაპტაცია, ამ ზემოქმედებებისგან თავის დაცვა. ეს ათწლეულების საქმეებია, მაგრამ დღესვე შესამუშავებელი და დასაწყები. როგორც ადაპტაციის ღონისძიებები, ასევე შემარბილებელი ღონისძიებებიც გვჭირდება. ეს ორივე ერთმანეთს გააძლიერებს და ჩვენი ქვეყანა გახდება უკეთესი ეკონომიკურად, სოციალურად და გარემოსდაცვითი კუთხით.