დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ს განათლების დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ეს იყო მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება.
ცერემონია - “საგანმანათლებლო მიღწევების გაუმჯობესება მშობლების, შტატების და ადგილობრივი თემების გაძლიერებით“ თეთრ სახლში გაიმართა. პროცესს ესწრებოდნენ გუბერნატორები, სახელმწიფო განათლების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები.
ოვალური კაბინეტი სკოლის კლასად გადააკეთეს, ტრამპისთვის კი ცალკე მერხი იდგა.
”ჩვენ ვაპირებთ დახურვას რაც შეიძლება მალე, ეს არაფერ კარგს არ გვაძლევს”, - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები უფრო მეტ ფულს ხარჯავს განათლებაზე, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუმცა ამერიკელი სტუდენტები “აკადემიური მოსწრების კიბის ბოლოში არიან“.
“განათლების სამინისტროს დახურვა ბავშვებსა და მათ ოჯახებს მისცემს შესაძლებლობას გამოვიდნენ იმ სისტემიდან, რომელიც მათ არღვევს. [...] ფედერალური ბიუროკრატია განათლებაში არ მუშაობს,” - ნათქვამია ბრძანებულებაში.
თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე ტრამპმა შეაქო განათლების მდივანი ლინდა მაკმაჰონი, რომელიც მან ადრე დაასახელა სააგენტოს ხელმძღვანელად და იმედი გამოთქვა, რომ ის ბოლო განათლების მდივანი იქნებოდა.
მაშინაც კი, თუ სააგენტო ოფიციალურად არ დაიხურება, ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია შეამციროს მისი დაფინანსება და პერსონალი.
იხილეთ ასევე: