რუსეთში, სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რაიონის ხელმძღვანელზე, მაქსიმ ლეონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დადგენილების თანახმად რაიონში მუნიციპალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“, - წერს ლეონოვი "ტელეგრამის“ არხზე.
მანამდე, რუსულმა "ტელეგრამარხებმა" ინფორმაცია გაავრცელეს, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად, "ენგელსის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაცია სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.
"უსაფრთხოების მიზნით, აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ყველა სამსახურია მობილიზებული“, - დაწერა გუბერნატორმა "ტელეგრამის“ არხზე.
რომან ბუსარგინის ცნობით, სარატოვის ოლქზე დრონების გამოყენებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ოლქის თავზე 54 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.