ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილის გასარკვევად საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების პირველი მატჩი ერევანში, ვაზგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე (14 403), დღეს გაიმართება. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ერევანში გუშინ ჩაფრინდა და სტადიონზე ივარჯიშა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სომხეთთან წლის პირველი მატჩებისთვის პირველად გამოიძახა ოდესის "ჩერნომორეცისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ლუკა ლაცაბიძე.
მიდი გამოძახების ერთი-ერთი მიზეზი ისაა, რომ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო სომხეთთან, ერევანში გასამართ შეხვედრას ცენტრალური მცველი გურამ კაშია გამოტოვებს, ხოლო გიორგი გველესიანისა და საბა კვირკველიას გამოძახებისგან მწვრთნელმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
ჩვენი დებიუტანტი გულშემატკივრებისთვის შედარებით უცნობი მოთამაშეა, არადა, ის ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად მიიჩნევა. მაღალი (193 სმ) მცველი ფეხბურთელის ოჯახში გაიზარდა - მამა, ზაზა ლაცაბიძე ასევე ცენტრალური მცველი იყო და ხაშურის "ივერიასა“ და თბილისის "ლოკომოტივში“ თამაშობდა. გარკვეული პერიოდი პოლონურ კლუბშიც იყო და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.
ლუკა 2004 წლის 18 მარტს, ხაშურში დაიბადა და ვარჯიში ადგილობრივი "ივერიის“ საფეხბურთო ჯგუფში 7 წლის ასაკში დაიწყო. ორი წლის შემდეგ კი "დინამო თბილისის“ აკადემიაში მიიწვიეს, სადაც მცირე ასაკშივე გაუფორმეს კონტრაქტი. საქართველოს ეროვნული გუნდის ბევრი ფეხბურთელის მსგავსად, ამ აკადემიამ ლაცაბიძის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა.
ფეხბურთელი პოზიციით ცენტრალური მცველია, თუმცა "დინამოს“ აკადემიაში თავდაპირველად შემტევად, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. 15 წლის ასაკში კი საბოლოოდ მცველის პოზიციაზე თამაში გადაწყვიტა.
ლუკამ "დინამოს“ მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 2022 წლის 7 აგვისტოს, "სამტრედიასთან“ საქართველოს თასის 1/16-ფინალურ მატჩში ჩაატარა. სეზონის ბოლოს კი, ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) იგი 19-წლამდელთა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე წარადგინა და ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრიზით დააჯილდოვა.
2024 წლის 4 თებერვალს, უკრაინის პრემიერლიგის ჩემპიონმა, დონეცკის "შახტარმა“, ლაცაბიძესთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, თუმცა ოფიციალური შეხვედრები არ ჩაუტარებია და ზაფხულში ერთწლიანი იჯარით ოდესის "ჩერნომორეცში“ გადავიდა, სადაც დღემდე გამოდის და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.
ლუკას ოდესაში არცთუ მშვიდ გარემოში უწევს ყოფნა. 2024 წელს "ჩერნომორეცის" მთავარ მწვრთნელს ოლეკსანდრ ბაბიჩს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, - როგორ აღიქვამენ ლეგიონერები ლამის ყოველდღიურ საჰარეო განგაშსა და აფეთქებებს? - რაზეც მან უპასუხა:
"ბრაზილიელები ამას მეტ-ნაკლებად ნორმალურად ხვდებიან, მაგრამ ქართველი ლაცაბიძე, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ძალიან ღელავს. მაგრამ ნიგერიელი კინგსლი ანიაგბოსო და გამბიელი მოსე ჯარჯუ "ჩორნომორეცამდე" უკვე თამაშობდნენ უკრაინაში, ამიტომ ისინი ასე მწვავედ არ აღიქვამენ საჰაერო თავდასხმებს, რაკეტებსა და თვითმფრინავებს და ამის შემდეგ სწრაფად უბრუნდებიან ნორმალურ თამაშსა და სამუშაო მდგომარეობას" .
ლუკას უთამაშია საქართველოს 17, 18, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. მის კარიერაში ერთ-ერთი საკვანძო მომენტი ახალგაზრდულ გუნდში ხორვატიასთან ჩატარებული მატჩები იყო. 2024 წლის 15 ნოემბერს, 2025 წლის უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი-ოფში რამაზ სვანაძემ ლაცაბიძე ძირითად შემადგენლობაში პირველად ათამაშა, დისკვალიფიცირებული კაპიტნის, საბა ხვადაგიანის არყოფნაში. ლუკამ თავი ისე კარგად წარმოაჩინა, რომ საპასუხო მატჩშიც სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და კვლავ დამაჯერებლად ითამაშა.
"ნაკრებში ყველა კარგად დამხვდა. ძალიან მაგარი გუნდია და დადებითი ემოციებით დავიმუხტე. გუნდში ჩემი თაობის ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძეა, მასთან ერთად ადრეც მითამაშია, ამ ფაქტმა ადაპტაცია გამიადვილა“, - თქვა ლუკამ ნაკრებში მიწვევაზე საუბრისას.
იხილეთ ასევე: