ჰაკი აძბა, ტარიელ გოლუა, თავადის ქალი მაია, ალმასგირი და გივერგილა... - ლეო ქიაჩელის ეს ტრაგიკული პერსონაჟები სამუდამოდ დარჩებიან ქართულ ლიტერატურაში და თაობებს მთელი სიმძაფრით მოუყვებიან, ეპოქისგან გათელვის, ადამიანური სისუსტეების, შურისძიებისა თუ შენდობის შესახებ.
მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ლეო ქიაჩელის ლიტერატურული მოღვაწეობა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც რუსეთსა და საქართველოში ფეხს იკიდებს ევროპული დეკადანტურ-მოდერნისტული ესთეტიკა და განწყობები, რაც ახალგაზრდა მწერლის შემოქმედებაში სკეპტიციზმის ელემენტების სიუხვით გამოიხატება და შემდგომ წლებშიც თან სდევს მის ნაწარმოებებს.
1907 წლის 7 მაისს სოციალდემოკრატიულ გაზეთ „ჩვენ აზრში“ ლეონ შენგელია, ფსევდონიმით ლ.მიხაძე აქვეყნებს მოთხრობას „წარსული აწმყოში“, რომელშიც შენგელიების ოჯახში მიხა შენგელიას საპატიმროდან განთავისუფლების აღსანიშნავი წვეულებაა აღწერილი.
მწერლის შემოქმედებითი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მის მიერ შვეიცარიაში გატარებული წლები. აქ ლეო ქიაჩელს საშუალება ეძლევა, საფუძვლიანად გაეცნოს იმდროინდელ ევროპულ ლიტერატურას. სწორედ შვეიცარიაში ცხოვრებისას ქმნის მწერალი თავის პირველ რეალისტურ რომანს „ტარიელ გოლუა“, რომელიც გაზეთ „სახალხო ფურცელში“ 1916 წელს იბეჭდება. ამას მოჰყვება მისი სხვა ნაწარმოებები: „ისკანდერი“, „მე და ჩემი ორი მე“, „ალმასგირ კებულან“, „თავადის ქალი მაია“, „ჰაკი აძბა“ და „დახურული წარმოდგენა“.
1936-37 წლებში დაიბეჭდა „გვადი ბიგვა“, რომელიც 1941 წელს სახელმწიფო პრემიით დაჯილოვდა.
მწერლის უკანასკნელი რომანი „მთის კაცი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემატიკას ეხება. მწერალი მეორე მსოფლიო ომის ამბებს მამისა და შვილის ურთიერთობის ფონზე აღწერს. ლეო ქიაჩელი მწერლობის გარდა აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, იგი იყო გაზეთ ლომისის რედაქტორი და მრავალი ჟურნალ-გაზეთის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ლეო ქიაჩელის მთავარ შედევრად, მის Magnum opus-ად „ჰაკი აძბაა“ მიჩნეული. ნაწარმოებში მოქმედება სოხუმში ვითარდება. რევოლუციის განთიადზე ქალაქს ბოლშევიკების გემი, კრეისერ „შმიდტი“ მოადგა. ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა ისინი ქალაქში შემოუშვან, რაც ყველაზე მეტად თეთრგვარდიელ უჯუშ ემხას არ აწყობს. ბოლშევიკები ქალაქში შემოვლენ. მიუხედავად დიდი მცდელობისა, უჯუშ ემხა ვერ შეძლებს მათ თავი აარიდოს და ორმხრივ სროლაში მოკლავს ეკიპაჟის ერთ წევრს, ერთს კი დაჭრის. გემის კაპიტან კუზმა კილგას ტყვედ აჰყავს საბჭოს თავმჯდომარე ბექირბი ჩაჩბა და ქალაქს ულტიმატუმს უყენებს, დაიჭირონ და ჩააბარონ უჯუშ ემხა. უჯუშის ამ თავგადასავალს შეიტყობს მისი ძუძუმტე, ჰაკი აძბა და მის საძებნელად გაეშურება, ისინი მთაში გახიზვნას გადაწყვეტენ, თუმცა გაიგებენ რომ ხალხმა ტყვეტ უჯუშის ოჯახის წევრები აიყვანეს. ისინი იძულებულნი ხდებიან ჩაბარდნენ. ჰაკი აძბა ძმადნაფიცის დანაშაულს თავის თავზე აიღებს, თუმცა უჯუშ ემხა ბოლო წამს დაიყვირებს და ქალაქის თავი სამსონ დავანაძე ორივეს გემზე გაგზავნის. კუზმა კილგა უჯუშ ემხას დახვრეტას ბრძანებს ჰაკის კი ათავისუფლებს, მაგრამ ჰაკი აძბა არ ნებდება და კუზმა კილგას სთხოვს, მისი ძუძუმტე შეიწყალოს. საბოლოოდ ჰაკი აძბა ზღვაში გადაეშვება უჯუშ ემხასთან ერთად.
ლეო ქიაჩელი 1963 წელს გარდაიცვალა.