“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. სხდომას ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაცია ესწრებოდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. ასევე, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი მის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს სთავაზობდა, რომლის ოდენობის განსაზღვრაც სასამართლოს მიანდეს.
“ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, პოლიტიკური პატიმარი ვარ და ეს პროცესიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. პატარა იმედი მაქვს, რომ სასამართლო პატარა ლოიალობას გამოიჩენს. დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა ე.წ. ტიტუშკა, რომელსაც არანაირი ამომცნობი საშუალება არ ეკეთა, “კაპიუშონი“ ეცვა, პირბადე ეკეთა, მან იძალადა ქალზე, გვაგინებდა, მე ის მოვიგერიე. ამის შემდეგ გამიტაცეს, იძალადეს ჩემზე და განყოფილებაში ორჯერ მაწამეს, ამის შემდეგ მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამამწესეს. პოლიციელზე ძალადობა დამაბრალეს, რაც აბსურდია. თუ ვინმეა დამნაშავე, ის “ტიტუშკა“ მირიან ქავთარაძეა, ამ საქმეში დაზარალებულადაც მცნეს და არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული.
ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, თქვენთან მყოფი ქალისთვის სახეში დაერტყათ, თავს დახრიდით და არაფერს მოიმოქმედებდით, გაატარებდით ქალზე ძალადობას და გინებას? სამწუხაროდ, ესაა თქვენი სამართალი.
მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს.
სასამართლოს ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს უქმნით საფრთხეს, ირანსა და ჩინეთში მიგვაქანებთ.
ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა. ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უკანონობის დაკანონებისთვის, არ ვიცი, რას გიხდიან, ან რით გაშინებენ, მაგრამ მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თითოეული თქვენი ქმედების გამო. დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე არ დაიჩოქებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს“, - განაცხადა სხვიტარიძემ.
ამასთან, პროკურორის თქმით, საქმეზე ვიდეოჩანაწერია წარმოდგენილი, სადაც ჩანს, სხვიტარიძე პოლიციის თანამშრომელს თუ როგორ ურტყამს თავში კონკრეტულ ნივთს. ხინთიბიძის განმარტებითვე, პოლიციელს ჯანმრთელობა ჰქონდა დაზიანებული, კერძოდ კი, თავი ჰქონდა გატეხილი. პროკურორის განმარტებით, გასათვალისწინებელია ბრალდებულის წარსული ცხოვრება, ნასამართლობა. მისივე თქმით, სხვიტარიძის მიმართ წარსულში უკვე გამოყენებულია სხვადასხვა სახის შეღავათები. პროკურორი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, იმ კონკრეტულ ქმედებას, რის გამოც სხვიტარიძე გასამართლდა, არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან, ამასთან ის ქმედება ძალადობას არ მოიცავდა.
ჩომახაშვილის თქმით, საქმეზე ახალი გარემოებაა გამოვლენილი, კერძოდ კი, საქმეში ბრალდებულის მამის გამოკითხვის ოქმია წარმოდგენილი. ადვოკატის განმარტებით, სხვიტარიძის მამა წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, 4 წელი კი პატრულის თანამშრომელი იყო. შესაბამისად, ბრალდებულს პოლიციელების მიმართ ცუდი დამოკიდებულება ვერ ექნება.
ასევე ჩომახაშვილის თქმით, საქმეში ვიდეომასალაა წარმოდგენილი, სადაც ჩანს პოლიციელი მირიან ქავთარაძე როგორ ურტყამს მოწმეს სახეში ხელს. ჩომახაშვილის განმარტებით, რადგან პოლიციელია და კანონს არღვევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქალაქეს მისი მოგერიების უფლება არ აქვს. ადვოკატის თქმით, პოლიციელი ქავთარაძე ადგილზე შავებში გამოწყობილი, პირბადით იყო ისე, რომ სახე არ უჩანდა და მოქალაქეებს აგინებდა, რომელიც შემდეგ პოლიციელი აღმოჩნდა.
ადვოკატის თქმით, საბა სხვიტარიძე ამ საქმეში დაზარალებულია.
საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.