თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათგან სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა ფანჯრიდან გადახტომის შედეგად.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქვეყანაში 22 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მისი თქმით, დაისჯება ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგიკულ ინციდენტზე.
ცნობისთვის, ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში გუშინ გაჩნდა.
ბოლუს გუბერნატორის აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა და ზედა სართულებზე გავრცელდა.
ხანძარი ბოლუში მდებარე ხით მოპირკეთებულ 12-სართულიან სასტუმრო Grand Kartal-ში ადგილობრივი დროით 03:27 საათზე (00:27 GMT) გაჩნდა. ტრაგედია სასკოლო არდადეგებისას დატრიალდა, რა დროსაც კურორტზე სასტუმროები ყველაზე მეტად არის გადატვირთული.
ხანძრის ჩაქრობას 12 საათი დასჭირდა.
გარდაცვლილი 76-ის ვინაობა ჯერ სრულად არ არის გარკვეული, მაგრამ ამ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ ხანძარს ემსხვერპლნენ სტამბოლის სპორტული კლუბის "ფენერბახჩეს" წარმომადგენელი, 10 წლის მოცურავე ვედია ნილ აპაკი და მისი დედა ფერდა.
კლუბმა სამძიმრის განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სასტუმროს ახალგაზრდა შეფ-მზარეული ესლემ უიანიკი ადგილობრივი, ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილთან, სერენ იამან დოგანთან და მის 17 წლის გოოგონა ლალინთან ერთად დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორის დასახელდნენ: ნედიმ თურქმენი, გაზეთ Sozcu-ს ჟურნალისტი, მისი მეუღლე აიშე ნევა და მათი ორი შვილი 18 და 22 წლის, ასევე პროფესორ ატაკან იალჩი - ოზიეგინის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი.
მსხვერპლთა შორის არის 24 წლის დილარა ერმანოღლუ, ხოლო მისი მამა, რომელიც შვილის მოსაძებნად ჩავიდა ბოლუში, კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს.
"საშინელებაა, დამსვენებელთა დიდი ნაწილი ოჯახები იყო, მშობლები შვილებთან ერთად დაიღუპნენ" - ამბობს თვითმხილველი.
ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ განაცხადა, რომ დაშავებული 51 ადამიანიდან ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, 17 კი გაწერეს.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ფანჯრებიდან ჩამოკიდებული თეთრეული, რომელსაც იყენებდნენ ხანძრისგან თავდასაღწევად.
თვითმხილველების თქმით, რომ ოჯახი, რომელსაც სასტუმრო ეკუთვნის, ხანძრის დროს იქ იმყოფებოდა.
სასტუმრო ბოლოს 2024 წელს შემოწმდა, ტურიზმის მინისტრის თქმით, სამშაბათის კატასტროფამდე სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონია.
თუმცა, თურქ ინჟინერთა და არქიტექტორთა პალატების კავშირმა (TMMOB) განაცხადა, რომ რეგულაციების მიხედვით, საჭიროა ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რაც შენობას არ ჰქონდა.
"სასტუმროს ვებგვერდზე არსებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ავტომატური გამფრქვევი სისტემა, რომელიც 2008 წელს უნდა დამონტაჟებულიყო, არ იყო დამონტაჟებული“, - ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში.
იხილეთ ასევე: