"სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში" - ამის შესახებ შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ყოფილმა პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით თქვა.
"რაც შეეხება "თავდასხმას" - მხოლოდ „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს დავეყრდნოთ, ეს არ არის თავდასხმა - ეს იცის პროკურორმაც და მოსამართლემაც. თუ რამეა, ეს არის სახეში ხელის გარტყმა და ისიც, თუ მოქალაქე დგებუაძეს ეტკინა.
აუცილებლად ჰკითხეთ თუ ეტკინა და რას ფიქრობს - ნიღბიანი ზონდერების მიერ ნაცემ-ნაწამებ მოქალაქეებს თუ ეტკინათ?მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში. გარდა ამისა, მზია ამაღლობელი რეციდივისტია? მოწმეებს ემუქრება? მტკიცებულებებს ანადგურებს? სადმე გარბოდა?
სინამდვილეში ასეთი საქმეები წყდება. მითუმეტეს, წყდება, როცა ყველაფერი ის უძღვის წინ, რაც ზემოთ დავწერე.ამიტომ არის მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარი და ამიტომ უნდა გათავისუფლდეს სხვა პატიმრებთან ერთად. ძვირფასო პოლიციელებო, ქვეყნის ტრაგედიაა ის, რაც თქვენი, პროკურორების, მოსამართლეების მიმართ ხდება და მე ეს ძალიან მტკივა. ვისაც სახელმწიფო და წესრიგი ესმის, შეუძლებელია არ აღშფოთდეს.
მაგრამ მზია ამაღლობელის „სამაგალითო დასჯით“ თქვენი რეპუტაცია ვერ აღდგება, თქვენდამი ნდობა ვერ დაბრუნდება. ეს რეპუტაცია დაგინგრიათ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა და აღდგება მხოლოდ რეჟიმის გასტუმრებით.
დიდი შრომა გველის წინ, მაგრამ ერთხელ ეს გაგვიკეთებია და მეორედ კიდევ უკეთესად და ისე გამოვა, რომ ვერც ერთმა ივანიშვილობის მსურველმა ვეღარ დაანგრიოს მომავალში. თავისუფლება რეჟიმის უკანონო პატიმრებს!ახალი არჩევნები!" - წერს მეზვრიშვილი.
პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
წაიკითხეთ ასევე: