ავტორი:

"ჰამასელების" აურაცხელი ქონება ღაზელი ხალხის უბედურების ხარჯზე - ფეშენებელური სახლები, პირადი ვერტმფრენები და გართობა წესების დარღვევით: როგორ გახდნენ დაჯგუფების ლიდერები მილიარდერები?

"ჰამასელების" აურაცხელი ქონება ღაზელი ხალხის უბედურების ხარჯზე - ფეშენებელური სახლები, პირადი ვერტმფრენები და გართობა წესების დარღვევით: როგორ გახდნენ დაჯგუფების ლიდერები მილიარდერები?

ღაზას სექტორში იმდენად მძიმე სიტუაციაა, რომ ტერიტორიას ზოგიერთი "მსოფლიოს ყველაზე დიდ ციხედ" მოიხსენიებს. ჯერ კიდევ ისრაელი-"ჰამასის" ომის დაწყებამდე, ღაზაში მცხოვრები პალესტინელების ნახევარი გაეროს მიერ მიწოდებულ საკვებზე იყო დამოკიდებული. მოსახლეობის ცხოვრების პირობები ბოლო თვეებში კიდევ უფრო გაუარესდა. იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიაზე მცხოვრები 2.3 მილიონი ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობს, ღაზაში რამდენიმე ასეული მილიონერია რეგისტრირებული.

მაშინ, როცა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობა გაჭირვებაში იტანჯება, ეს "გამორჩეული" ხალხი მარმარილოს იატაკიან სასახლეებში და ძვირადღირებულ სასტუმროებში ცხოვრობს.

"ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანია დაჯგუფების სხვა წევრები პირადი თვითმფრინავით მოგზაურობისას.

ისრაელის საელჩოს ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების სამი ყველაზე მაღალი რანგის ლიდერია: მუსა აბუ მარზუკი, ხალედ მაშალი და ისმაილ ჰანია. მათივე ცნობით, თითოეულის ქონება 3 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ამასთან, საელჩო იტყობინება, რომ "ჰამასის" წლიური ბრუნვა 1 მილიარდი დოლარია და ვარაუდობს, რომ დაჯგუფება ISIS-ის შემდეგ მეორე ყველაზე მდიდარი ტერორისტული დაჯგუფებაა.

"ჰამასი" თავისი სამხედრო ფრთითაა ცნობილი, რომელიც სულ 40 000 ტერორისტს აერთიანებს. ისინი კბილებამდე არიან თოფებით და რაკეტებით შეიარაღებული და პირობა აქვთ დადებული, რომ ისრაელს გაანადგურებენ. დაჯგუფება ღაზასთვის არის ასევე დე ფაქტო ავტორიტეტი, რომელიც ტერიტორიას განაგებს, მართავს ჯანდაცვის სისტემას, სოციალურ სერვისებსა და მედიას.

"ჰამასმა" ძალაუფლება 2006 წელს აიღო და მისმა პოლიტიკურმა ლიდერმა ისმაილ ჰანიამ იმავე წელს პრემიერის თანამდებობა დაიკავა. ისმაილი კვლავ აკონტროლებს ტერიტორიას და მას შემდეგ არჩევნები აღარ დანიშნულა. დაჯგუფების ლიდერებმა ღაზას მოსახლეობის უბედურებით ისარგებლეს და სადავეები მთლიანად ხელში აიღეს.

ისმაილ ჰანია

ისრაელის საელჩო "ჰამასს" ადანაშაულებს, რომ ისინი მოსახლეობისთვის გამოყოფილ სახსრებს გვირაბების მშენებლობისა და მებრძოლების შეიარაღებაში ხარჯავდნენ. მათ ტერიტორიაზე არ აუშენებიათ სასიცოცხლოდ საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ჭები და წყლის გამწმენდი ნაგებობები. 2021 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ტერიტორიაზე გავრცელებული დაავადებების დაახლოებით მეოთხედი წყლის დაბინძურებითაა გამოწვეული, ამასთან, მცირეწლოვან ბავშვთა სიკვდილიანობის 12% დაბინძურებულ წყალთან დაკავშირებული ინფექციებითაა გამოწვეული.

ისმაილ ჰანიას ვაჟი

გერმანული საინფორმაციო გამოცემის, Bild-ის თანახმად, ჰამასის 4 ჩინოვნიკი, აბუ მარზუკი, ხალედ მაშალი, ისმაილ ჰანია და იუნის ქაფიშე წლების განმავლობაში განსაკუთრებით გამდიდრდნენ. როგორც ცნობილია, მათგან ყველაზე მდიდარი ისმაილ ჰანიაა, რომელმაც ერთ დროს პირობაც კი დადო, რომ მხოლოდ ზეითუნის ზეთსა და ზა'ათარის სანელებლებზე იცხოვრებდა.

ისმაილ ჰანია თავის ორ ვაჟთან ერთად

61 წლის ჰანია 2019 წლიდან მიმალვაშია. ის 13 შვილის მამაა და ყატარსა და თურქეთში ძვირადღირებულ სასტუმროებში ცხოვრობს. გერმანული გამოცემის თანახმად, ის მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად პირადი ვერტმფრენით ხშირად დაფრინავს თეირანში, სტამბულში, მოსკოვსა და კაიროში.

ისმაილ ჰანიას ორი ვაჟი, მააზი და აბდელ სალამიც ტკბებიან ფუფუნებით. ახალგაზრდები სტამბოლის და დოჰას სასტუმროებში ნებივრობისას ხშირად ჩნდებიან ინსტაგრამის ფოტოებში. მააზს, რომელიც თვითონაც ძალიან მდიდარი უძრავი ქონების მაგნატია, ღაზაში "სახლების მამის" სახელით იცნობენ. მიუხედავად მისი ისლამური სარწმუნოებისა, მააზი თურქეთში ყოფნისას ხშირადაა მიმზიდველი ქალების და ალკოჰოლის გარემოცვაში. გამოცემა მის ქონებას 2.5 მილიონ დოლარად აფასებს, თუმცა ისრაელის საელჩოს რწმუნებით, ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ისმაილ ჰანიას ვაჟები მდიდრულ სასტუმროში

67 წლის ხალედ მაშალი ჰამასის პოლიტბიუროს ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც ჰანიას მსგავსად ახლა ყატარში ცხოვრობს. ის იქიდან უძღვება უძრავ ქონებას და "ჰამასისთვის" ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებს. როცა ხალედი დამასკოში გაიქცა, Bild-ის ცნობით, მან "ჰამასის" შტაბ-ბინიდან 1.5 მილიარდი დოლარი წაიღო. ისრაელის საელჩო მის ქონებას 4 მილიარდ დოლარად აფასებს.

ხალედ მაშალი

მუსა აბუ მარზუკი 72 წლისაა და ის ჯგუფის მეორე მეთაურად ითვლება და ის ერთგვარი საგარეო საქმეთა მინისტრიცაა. მუსა 1995 წელს ტერორიზმის მხარდამჭერი საქმიანობისთვის აშშ-ში დააპატიმრეს, სადაც მან 14 წელი გაატარა. მოგვიანებით, ის იორდანიაში, შემდეგ სირიაში, ბოლოს კი კაიროში გადავიდა საცხოვრებლად. დაპატიმრების მიუხედავად, მან მაინც შეინარჩუნა ქონება და დღეს ის 2 მილიარდ დოლარს ფლობს.

67 წლის იუნის ქაფიშე "ჰამასის" მეოთხე ოფიციალური ლიდერია. ის ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური მენეჯერია. 2022 წელს ის აშშ-ს სანქციების სიაში იმის გამო მოხვდა, რომ "ჩართული იყო "ჰამასის" ოპერაციების ხელმძღვანელობაში და მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა ტერორისტების კონტროლირებად კომპანიებში, მათ შორის სუდანში დაფუძნებულ Agrogate-ში და თურქეთში დაფუძნებულ Trend GYO-ში. მათგან ერთი, Trend GYO აშშ-ს ტერორისტული დაკვირვების სიაში შედის.

ხალედი "ჰამასის" სხვა წევრებთან ერთად

ონლაინ გამოცემა i24News ვარაუდს გამოთქვამს, რომ "ჰამასის" ასობით ლიდერი ღაზას ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ბეგარისა და საერთაშორისო დონორების დახმარებით გახდნენ მილიონრები. გერმანული გაზეთის Welt am Sonntag-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ჯგუფს ღაზას სექტორის გარეთ ცალკე ფინანსური იმპერია აქვთ, რომლის ღირებულება თითქმის 750 მილიონ დოლარს შეადგენს.

დღეს ირანი ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია. ქვეყანა დაჯგუფებას იარაღით ამარაგებს და სამხედრო წვრთნებს სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის "ჰამასს", პალესტინის ისლამურ ჯიჰადს და ტერორისტულ ორგანიზაციებად დასახელებულ სხვა ჯგუფებს ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს აწვდის.

"ჰამასის" ლიდერები მოსკოვში ვიზიტისას

"ჰამასის" მეგობარ ქვეყნებს შორისაა თურქეთიც, რომელსაც სამხედრო ფრთისთვის გადაცემული დახმარების მეშვეობით "ჰამასის" ტერორისტული აქტივობების დაფინანსებაში ადანაშაულებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰამასის შემოსავლის ყველა წყარო უცნობია, ერთი რამ ცხადია: ჯგუფი თავის სახსრებს ღაზას ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად არ გამოიყენებს.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა