18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოში ადგილობრივი და უცხო ორგანიზაციების მეშვეობით იგეგმება რევოლუცია. სუს-ის ცნობით, "რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია "კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია "ოტპორი“.
ორგანიზაცია "ოტპორი“ სერბულ ენაზე "წინააღმდეგობის გაწევას“ ნიშნავს. ეს იყო საზოგადოებრივი მოძრაობა სერბეთში, რომელიც 1998 წლიდან 2005 წლამდე ფუნქციონირებდა. ორგანიზაციის მთავარი საქმიანობა არაძალადობრივი პროტესტის მოწყობა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება იყო.
სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის პერიოდში, ორგანიზაციას ათობით ათასი აქტივისტი ჰყავდა. 2000 წელს "ბულდოზერების რევოლუციაში“ "ოტპორის“ წევრებმა დიდი როლი ითამაშეს, რასაც საბოლოოდ, სლობოდან მილოშევიჩის მიერ მაშინდელი იუგოსლავიის რესპუბლიკის საპრეზიდენტო პოსტის დატოვება მოჰყვა.
აწეული შეკრული შავი მუშტი - "ოტპორის“ მოძრაობის სიმბოლო იყო. მოგვიანებით მას იყენებდა ქართული მოძრაობა "კმარა“ და რუსული "დაცვა“ ასევე, ეგვიპტური "6 აპრილის მოძრაობა".
"ოტპორის“ დაშლის შემდეგ, მისმა ლიდერებმა საქმიანობა სერბეთს გარეთაც დაიწყეს, მათ შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია "კანვასი". შტაბ-ბინა კვლავ ბელგრადში აქვთ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი სრჯა პოპოვიჩია, რომელიც "ოტპორის“ ერთ-ერთი ლიდერიც იყო. "კანვასი" დაკავებულია არაძალადობრივი მეთოდებით საპროტესტო მოძრაობების კონსულტირებით.
პირველი ნაბიჯები "დემოკრატიული პარტიის" ახალგაზრდულ ფრთიდან გადადგა. 1994 წელს პარტიის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტიც გახდა. მაშინ პარტიის ხელმძღვანელი ზორან ჯინჯიჩი იყო.
ახალგაზრდობაში "ოტპორის“ მეშვეობით დიდი წვლილი შეიტანა სლობოდან მილოშევიჩის ჩამოგდებაში. შემდეგ სერბეთის ეროვნული ასამბლეას დეპუტატი იყო. მილოშევიჩის წასვლის შემდეგ, ზორან ჯინჯიჩი პრემიერ-მინისტრი გახდა, პოპოვიჩი კი მისი მრჩეველი იყო გარემოს დაცვის საკითხში.
მოგვიანებით კი, როდესაც "კანვასი" დააარსა, დაუბრუნდა ახალგაზრდული პერიოდის საქმიანობას და პოლიტიკური კონსულტაციების ხელმძღვანელად დაინიშნა, ძირითადად არაძალადობრივი პროტესტის მიმართულებით.
თუ ევროპულ არაძალადობრივ საპროტესტო აქციებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ გამოყენებულია იუმორი, კრეატივი, ის განსხვავებულია საპროტესტო აქციებისგან, რომელიც 80-იან, ან 90-იან წლებში იყო. ამგვარი აქციების ინიციატორი კი სრჯა პოპოვიჩი იყო.
იუმორითა და კრეატივით გაჯერებულ პროტესტს სრჯა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და მათ საჭიროებაზე ყველა გამოსვლაში საუბრობს.
ბელგრადში დაფუძნებული ორგანიზაცია 50 ქვეყნის აქტივისტებთან თანამშრომლობს, მათ შორის ირანთან, უკრაინასთან, ვენესუელასთან, ეგვიპტესთან, ტუნისთან და სხვ.
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ "კმარასთან“ და დიდი როლი ითამაშა "ვარდების რევოლუციაში“. შემდეგ წელს კი ანალოგიური როლი ჰქონდა უკრაინაში ნარინჯისფერ რევოლუციაშიც.
სერბმა კონსულტანტმა ასევე უზარმაზარი წვლილი შეიტანა მალდივების პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. იქაურმა ეროვნულმა მოძრაობამ კარგად გამოიყენა მისი ტექნიკა. თავდაპირველად შედეგი არ იყო, თუმცა ეტაპობრივად, იუმორისა და კრეატიული აქციების შედეგად, მათ შეურთდნენ მუსიკოსები, მხატვრები, პოპულარული მომღერლები და ეროვნული მოძრაობის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2008 წელს პრეზიდენტი მამულ აბდულ გაიუმმი იძლებული გახდა აქციის წევრების პირობები დაეკმაყოფილებინა და კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა - მან მრავალპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები დაუშვა და შედეგად ოპოზიციონერ კანდიდატთან მოჰამედ ნაშიდთან დამარცხდა.
"არაბული გაზაფხულის წინ“ "კანვასმა" ახალგაზრდა აქტივისტებს ეგვიპტიდან და ტუნისიდან ტრენინგები ჩაუტარა. თავისი საქმიანობისა და პოლიტიკაში შეტანილი წვლილის გამო, პოპოვიჩი ერთ-ერთ გამორჩეულ მოაზროვნედ ითვლება.
მაგალითად, Foreign Policy-მ 2011 წელს "მსოფლიოს 100 საუკეთესო მოაზროვნეთა“ შორის პოპოვიჩი დაასახელა, რადგან ის პირდაპირ ან ირიბად შთააგონებდა "არაბული გაზაფხულის“ აქტივისტებს და არაძალადობრივ პროტესტს ასწავლიდა. 2012 წელს ჟურნალმა The Wired-მა ის დაასახელა იმ 50 ადამიანს შორის, "რომლებიც შეცვლიან სამყაროს".
2017 წლიდან პოპოვიჩი სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის რექტორია.