იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონი ოფიციალურად შაბათს, "ფროზინონესა" და "ნაპოლის" თამაშით გაიხსნა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა სერია A-ს ახალწვეულებთან სტუმრად 3:1 გაიმარჯვეს.
სამწუხაროდ, "ქართული დერბი" არ გამოვიდა. ნეაპოლელთა ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ლაციოს რეგიონში ვერ გაჰყვა. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" ფრანგმა თავკაცმა რუდი გარსიამ გვამცნო, "გამოკვლევების მიხედვით ქართველს მოედანზე გასვლა შეუძლია, თუმცა, როგორც ინგლისურად ამიხსნა, თავს Comfortable (კომფორტულად) ვერ გრძნობს და გადაწყდა, რომ "ფროზინონეს" წინააღმდეგ ვერ დაგვეხმარება".
"კვარას ეფექტი" იტალიურ ფეხბურთს დაეტყო. ქართულ საფეხბურთო სამყაროს წელს ბევრი სიახლე აქვს. იტალიურ ფეხბურთში ერთდროულად 4 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას გიორგი კვერნაძე, 20 წლის მარცხენა გარემარბი დაემატა.
ის ეუსებიო დი ფრანჩესკოს "ფროზინონეს" ღირსებას დაიცავს. სიახლე გვაქვს სერია ბ-შიც. "კრემონეზეს" რიგებში ლუკა ლოჩოშვილი დარჩა. მას დაცვის ხაზში კონკურენციას კიდევ ერთი ქართველი, 22 წლის ივა გელაშვილი გაუწევს, რომელიც "სპეციას" შეუერთდა.
ფეხბურთელის გუნდში გადასვლა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, რადგან ამ ეტაპზე ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გადის და ბიუროკრატიული დეტალები გვარდება...
ერთი კვირის წინ ხვიჩა კვარაცხელიას კასტელ დი სანგროში ვესტუმრე. ნეაპოლელებმა სეზონისწინა მზადება აბრუცოს რეგიონში გაიარეს. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტ ვინჩენცო დ'ანჯელისთან ერთად ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ იყო დაგეგმილი. საუბარში ხვიჩას "ფროზინონეს" წინააღმდეგ მატჩსა და სერია A-ში კიდევ ერთი ქართველის გამოჩენაზეც ვთხოვე აზრის გაზიარება:
"გიორგი ჩემმა აგენტმა მიიყვანა "ფროზინონეში". მას მანამდეც ვიცნობდი. მართლაც ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, თავის შესაძლებლობებს დაგვიმტკიცებს. პირველი შეხვედრა "ფროზინონეს" წინააღმდეგ გვაქვს და ვიმედოვნებ, გიორგიც ითამაშებს.
სხვა რომ არაფერი, ერთსა და იმავე პოზიციაზე ვთამაშობთ. გიორგი როცა ჩამოვიდა, ტელეფონით ველაპარაკე. მიმაჩნია, რომ ახალ გარემოს შესანიშნავად უმკლავდება".
... გიორგი მოედანზე 67-ე წუთიდან ვიხილეთ. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა. კვერნაძის დებიუტი იტალიის მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ იმედისმომცემია, თუმცა ეუსებიო დი ფრანჩესკოს ქართველის მიმართ მცირე შენიშვნებიც აქვს:
"გიორგიმ ცოტა დრო დაჰყო მოედანზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ბევრი რამ გააკეთა. ხარისხი და ტალანტი აქვს, თუმცა გუნდთან ერთად თამაში უნდა ისწავლოს და არა - საკუთარი თავისთვის.
რამდენჯერმე დრიბლინგიც სცადა... კი, ეს კარგია, მაგრამ არის მომენტი, როცა აუცილებლობა არ მოითხოვს მეტოქეზე დრიბლინგით წასვლას და ესეც უნდა გაითავისოს. ჰქონდა ასევე მომენტი, როცა გაჯიუტდა და თავის ჭკუაზე თამაში მოინდომა. კიდევ ერთხელ ვამბობ - მან გუნდთან ერთად თამაში უნდა ისწავლოს".
როცა დი ფრანჩესკო ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მის ხმაში მამაშვილური ტონი გამოსჭვიოდა. მას სურს, რომ გიორგი სწორი გზით განვითარდეს. აბა, რომელ მწვრთნელს არ უნდა, მის მიერ გამოზრდილ ტალანტთან ასოცირდებოდეს? გიორგის აქვს დიდი პოტენციალი და ასევე ბევრი სამუშაო, რათა საკუთარი თავი ღირსეულად წარმოაჩინოს.
ჩოჩარელი კოლეგები კი მეუბნებიან, რომ გიორგი მალე ძირითადის ფეხბურთელიც გახდება და იქვე კითხვას მიბრუნებენ - ქართველები "ფროზინონეში" გიორგის გასამხნევებლადაც ივლიანო?.. გააგრძელეთ კითხვა
ვუსურვებ კვერნას დიდ მომავალს
ფეხებზე მკიდია ნაპოლიც ფროზინონეც იტალიაც მე ჩემი ნაკრები მტკივა