ავტორი:

"ამ ამბავში გადამწყვეტი თავზე მიყენებული დამწვრობა აღმოჩნდა, რომელიც სოფოს დამ ბავშვობაში მიიღო" - როგორ იპოვეს წლების წინ ბავშვთა სახლში ჩაბარებულმა დებმა და ძმამ დედა?

"ამ ამბავში გადამწყვეტი თავზე მიყენებული დამწვრობა აღმოჩნდა, რომელიც სოფოს დამ ბავშვობაში მიიღო" - როგორ იპოვეს წლების წინ ბავშვთა სახლში ჩაბარებულმა დებმა და ძმამ დედა?

თამუნა მუსერიძემ ცოტა ხნის წინ, ფეისბუქის ლაივჩართვაში კიდევ ერთი საინტერესო ისტორიის შესახებ მოგვიყვა. ჟურნალისტი უკვე წლებია ჯგუფის "ვეძებ" დახმარებით უამრავ "დაკარგულს" ეხმარება. "დაკარგულები“ არიან ადამიანები, რომლებიც წლების წინ გააშვილეს და ახლა ბიოლოგიურ მშობლებს ეძებენ.

ბევრი მათგანის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ბიოლოგიური მშობლები უბრალოდ მოატყუეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა და ისინი მშვილებელმა ოჯახმა იყიდა, თუმცა არის ისტორიები, როდესაც ნამდვილი დედ-მამა შვილებს თავად ტოვებდნენ ბავშვთა სახლებში. მიზეზი ძირითადად მატერიალური პრობლემები გახლდათ

ისტორია, რომელზეც დღეს მოგიყვებით ბიოლოგიური მშობლების მიერ ბავშვთა სახლში დატოვებულ ორ გოგონასა და ვაჟზეა, რომლებიც ერთმანეთისთვის და-ძმა არიან. ფეისბუქლაივში თამუნა სამი და-ძმიდან უმცორისს, სოფოსთან ერთად ჩაერთო და მოვისმინეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია...

სამი და-ძმის ისტორია

წლების წინ, მშობლებმა სამი და-ძმა წყნეთის ბავშვთა სახლში ჩააბარეს, სოფო მაშინ ჩვილი იყო. უფროსი და-ძმა 6-7 წლის. ისინი ერთ სახლში იზრდებოდნენ, მაგრამ გოგონამ 6 წლის ასაკში გაიგო, რომ მას ბიოლოგიური და-ძმა ჰყავდა. ერთ დღეს, გოგონამ და ვაჟმა სოფოს მიაკითხეს და უთხრეს, რომ მათ ოთახში გადასულიყო, რათა და-ძმებს ერთად ეცხოვრათ.

ბავშვთა სახლში ხშირად მიდიოდნენ ოჯახები, რომლებიც უდედმამოდ დარჩენილი პატარების შვილად აყვანას ცდილობდნენ. იყვნენ უცხოელი ოჯახებიც, რომლებსაც ნაშვილები ბავშვები საქართველოს საზღვრებს გარეთ მიჰყავდათ საცხოვრებლად. ერთ დღეს წყნეთის ბავშვთა სახლში ქართველი ცოლ-ქმარი მივიდა, გვარად ასათიანები და სამივე და-ძმა იშვილეს. სოფოს თქმით, თავიდან მხოლოდ ვაჟის აყვანა ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა დირექტორმა დედმამიშვილები ერთმანეთს არ დააშორა და სთხოვა, რომ სამივე აეყვანათ.

მშვილებელმა ოჯახმა ბავშვებს სახელები შეუცვალეს. სახლში მიყვანილ ბავშვებს ერთი კვირა კარგად ექცეოდნენ, მაგრამ შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი. პატარები საშინელ პირობებში აღმოჩნდნენ, რის გამოც, იძულებულები გახდნენ სახლი დაეტოვებინათ. სოფო ჯერ გლდანის და შემდეგ კაჭრეთის ბავშვთა სახლში მოხვდა.

კაჭრეთში სოფოს დამ ჩააკითხა და დედმამიშვილები ერთად ცხოვრობდნენ. შემდეგ სოფო გათხოვდა, შვილები შეეძინა...

რა იცოდნენ ბიოლოგიური ოჯახის შესახებ

ბიოლოგიური ოჯახი დედმამიშვილებს არ ახსოვდათ. სოფოს თქმით, მხოლოდ დას ბებია და სოფელი ახსოვდა, ძმას კი კიდევ ერთი უფროსი ძმა. მოგვიანებით საკუთარი ძალებით გაარკვიეს, რომ ისინი თიანეთიდან იყვნენ. სახასიათო ნიშნები ჰქონდათ უფროს და-ძმას. გოგონას თავზე დამწვრობა, ძმას - ხელზე.

სოფო ლაივში ამბობს, რომ ბილოგიური მშოლების პოვნის შემთხვევაში შეიძლება მათ არ ჩაეხუტოს, მაგრამ აინტერესებს ვინ არიან. თუმცა დედის მაინც მადლიერია, რომ ნაგავში არ გადააგდო და ჩააბარა.

რა გაარკვია თამუნა მუსერიძემ თავის გუნდთან ერთად...

თამუნას ამბობს, რომ გამოძიებამ ისინი კახეთამდე მიიყვანა და რეალურად და-ძმა თიანეთიდან არ არიან. ისინი გაშვილებამდე ცხოვრობდნენ მამის მშობლიურ სოფელში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტ სოფელ ხაშმში. ბიოლოგიური დედა ახლა სოფელ უდაბნოში ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელიც დედმამიშვილების უმცროსი ძმა აღმოაჩნდა. მას მამასთან კონტაქტი არ აქვს.

მიზეზი რატომ გააშვილეს უცნობია. აღმოჩნდა, რომ ბებია კატეგორიული წინააღმდეგი იყო მათი გაშვილების. ქალმა იცოდა, რომ შვილიშვილები მშობლებმა დროებით წაიყვანეს თბილისში, თითქოს მათ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ. როდესაც შვილი და რძალი ხაშმში ბავშვების გარეშე დაბრუნდნენ, ოჯახში სერიოზული დაპირისპირება მოხდა. ამ ამბის შემდეგ ბებია გაშვილებულ ბავშვებს დიდხანს ეძებდა, მაგრამ შვილმა და რძალმა უთხრეს, რომ ისინი ამერიკაში წაიყვანეს. ამიტომ ქალმა მათ გზა-კვალს ვეღარ მიაკვლია. ბიოლოგიურ დედას, შვილების ბავშვთა სახლში დატოვების შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და დიდხანს მკურნალობდა.

როგორ იპოვეს დედა და ძმა

თამუნას თქმით, ჯგუფში ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ, მათ სოფელ უდაბნოდან სოფოს დედის მეზობელი დაუკავშირდათ, რომელსაც ისტორია ეცნო. ამ ამბავში გადამწყვეტი თავის არეში მიყენებული დამწვრობა აღმოჩნდა, რომელიც სოფოს დამ ბავშვობაში მიიღო. მეზობელს ისტორია ეცნო და სამი და-ძმის შესახებ უმცროს ძმას შეატყობინა.

თამუნას ამბობს, რომ უმცროსი ძმა დედმამიშვილებს დიდხანს ეძებდა, მაგრამ მათი კვალი დაკარგული ჰქონდა...

დასასრული...

როგორ გაგრძელდება ეს ისტორია ამ ეტაპზე უცნობია. ფაქტია, ის რომ და-ძმები მალე შეხვდებიან უმცროს ძმას და პირადად გაიცნობენ. როგორი იქნება მათი შეხვედრა დედასთან, მოინდომებენ თუ არა ბუოლოგიური მამის ნახვას, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია.

წაიკითხეთ ასევე: