რუსი სამხედროებისთვის, წესით, არასასურველ სიურპრიზად უნდა იქცეს ფრონტის ხაზზე უკრაინელების განკარგულებაში იმ ქვეყნის ჯავშანმანქანების გამოჩენა, რომლის პრეზიდენტი ორიოდე დღის წინ პუტინს ხელს ართმევდა და მეგობრულად ემუსაიფებოდა...
უკრაინის საზღვაო ქვეითების დანაყოფს უკვე გადაეცა 50 ერთეული ჯავშანმანქანა "კირპი", რომელიც თურქეთში იწარმოება და თავად თურქეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაშია ათასამდე ერთეულის სახით, კიდევ 200 - თურქეთის ჟანდარმერიის განკარგულებაშია.
"კირპი“ ოთხბორბლიანი, 16 ტონის მასის MRAP-ის კლასის ჯავშანმანქანაა ანუ გაძლიერებული ნაღმსაწინააღმდეგო და ჩასაფრებების მიმართ მდგრადი დაცვით. მის სამკაციან ეკიპაჟს 10 მედესანტე გადაჰყავს, შეიარაღებულია დისტანციურად მართვადი, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით ან ავტომატური ყუმბარსატყორცნით. ჯავშანმანქანას 370 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის დიზელის ძრავა უყენია და ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალურ, 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს. მას საწვავის ერთი გაწყობით 800 კმ-ის გავლა შეუძლია.
თურქული "კირპი", რა თქმა უნდა, საბრძოლო მანქანა არ არის, მისი მთავარი დანიშნულება ბრძოლის ველამდე დესანტის უსაფრთხო მიყვანაა, რასაც ნატოს STANAG 4569 -ის სტანდარტის მე-3ა დონის დაცვა უზრუნველყოფს.
ამ სტანდარტის 3ა დონის დაცვა კი ნიშნავს, რომ "კირპის" ჯავშანკორპუსმა უნდა გაუძლოს 7,62X51 მმ ნატოს კალიბრის ვაზნის ვოლფრამკარბიდიანი გულის მქონე ჯავშანგამტანი ტყვიის მოხვედრას 930 მ/წმ. სიჩქარით, მინიმუმ 30 მ-ის დისტანციიდან.
გარდა ამისა, ჯავშანმანქანაში მჯდომ ეკიპაჟსა და დესანტს არაფერი უნდა დაემუქროს, თუკი არანაკლებ 60 მ-ის რადიუსში 155 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ჭურვი აფეთქდა.
დაცვის ეს დონე, ასევე, ითვალისწინებს ჯავშანმანქანაში მსხდომთა გადარჩენას, თუკი მან ბორბლით 8 კგ-მდე ტროტილის შემცველ ფუგასური მოქმედების ნაღმს გადაუარა. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო მაღალი დონის დაცვის მქონე ჯავშანმანქანებიც, მაგრამ თურქული „კირპი“ იმედია, უკრაინის არა ერთ დამცველს გადაარჩენს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც თურქეთი უკრაინის არმიას დანარჩენ 150 „კირპისაც“ მიაწვდის...წაიკითხეთ სრულად
ზუსტად მაგისთვის არსებობს ორი ხელი.
ერდოღანი ქართველია, პუტინი კი კასპში გაიზარდა, ბევრი რამე ექნებათ საერთო.