დავუშვათ, ხელისუფლება არ ვარგა, ოპოზიცია ამ დროს სად არის? - პრეზიდენტს შეურაცხმყოფლად იხსენიებდნენ და ახლა ქალბატონი პრეზიდენტი გახდა მათთვის. იქნებ ჩამოყალიბდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლასა და მასზე გამოხმაურებებზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერის მოხსენებაზე პრეზიდენტის შეფასებასთან დაკავშირებით, ღუდუშაურმა განაცხადა, რომ საზოგადოებას ხშირადაა გაოგნებული პრეზიდენტის არც ისე ობიექტური პოზიციების გამო, თუმცა „დემოკრატია ამას გულისხმობს“.
„ქართველი ხალხი ბევრი რამითაა გაოგნებული, მათ შორის პრეზიდენტის, რბილად რომ ვთქვათ, ხშირად არც ისე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებისა თუ პოზიციის გამო, მაგრამ დემოკრატია ამას გულისხმობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში სადაა ერთი პოსტი მაინც, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ყველა ინსტიტუცია „ქართულ ოცნებას“ ჯიბეში აქვს. იქნებ ჩამოყალიბდნენ. რაღაც ერთიანი პოზიცია როდისმე შეუძლიათ ჰქონდეთ და ორმაგი თუ სამმაგი სტანდარტით არ პოზიციონირებდნენ ქართველ ხალხთან?! პრეზიდენტს შეურაცხმყოფლად იხსენიებდნენ და ახლა ქალბატონი პრეზიდენტი გახდა მათთვის. ზურაბიშვილი არ არის ჩვენი კანდიდატი, ის არის დამოუკიდებელი, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. პლაკატებზე რა ნახეთ, ეს არაა მთავარი, მთავარი ისაა, რომ დღეს დემოკრატია ნახეთ“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
გარდა ამისა, ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ნათია მეზვრიშვილისა და თინა ხიდაშელის შეფასებებს, სადაც ისინი პრემიერის გუშინდელ გამოსვლას აკრიტიკებენ და ასახელებენ გზავნილებს, რაც ირაკლი ღარიბაშვილს უნდა გაეჟღერებინა. წამყვანის რეპლიკაზე, რომ ამ პოლიტიკოსებს აღნიშნულ მოსაზრებაში საქართველოში მილიონი ადამიანი ეთანხმება, ღუდუშაურმა თქვა: „ღმერთმა დაიფაროს ქვეყანაში მილიონი ადამიანი ფიქრობდეს მეზვრიშვილის და თუნდაც, ხიდაშელის მსგავსად - არაერთხელ სცადეს არჩევნებში გაეზომათ საკუთარი რეიტინგი და რაც მიიღეს, კარგად ვნახეთ“.
„რას გააკეთებდა მეზვრიშვილი, ამაზე დროს არ ვხარჯავთ. მეზვრიშვილს პოსტი დაეწერა იმაზე კი არა, რას გააკეთებდა, რა გააკეთა, ის თქვას. პასუხისმგებლობა უნდა ვიქონიოთ. ქუჩაში რომ შევხვდებით ერთმანეთს, თვალებში ჩახედვის არ უნდა შეგვრცხვეს. ნუ ჰგონიათ ვიღაცებს, რომ ხალხი გულმავიწყია. კარგად გვახსოვს მეზვრიშვილის ჩამოწერილი საქმეები და თავი დაანებონ კეკლუცობას.
ჩვენ გადავედით საქმეზე, როგორც ტრიბუნიდან თქვა პრემიერმა, დასაკარგი დრო არ გვაქვს. როდესაც საბოლოო რეკომენდაციები იქნება, მზად ვართ, მყისიერად შევუდგეთ მუშაობას“,- განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია პარლამენტში მოსმენილით.
რაც შეეხება სხვა გამოხმაურებებს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პროდასავლური ხელისუფლების და კანდიდატის სტატუსის მიღების მსურველ პრემიერს დღეს მხოლოდ ოთხი წინადადება უნდა ეთქვა: „ვაღიარებთ ყველა პრობლემას, რაც ევროკომისიის დასკვნაშია; პატივს ვცემთ ჩვენი ხალხის ნებას; ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა რეფორმის დაუყოვნებლივ დაწყებაზე; მზად ვართ, რეფორმების დღის წესრიგზე ერთობლივი მუშაობისთვის“.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებას, მისი თქმით, პრემიერს უნდა მიემართა ხალხისთვის, რომ ზუსტად გაიგო მანიფესტაციის გზავნილი: „უნდა ელაპარაკა ევროკავშირის გასაგონად რეფორმების დღის წესრიგზე; უნდა დაეთქვა ვადები; უნდა მოეტანა დიდი დაფა ჩამოწერილი 12 პუნქტის შესრულების გეგმით, მოეწერა ხელი იქვე და ეთქვა, რომ ეს ითხოვა ხალხმა 20-ში და მიემართა ყველა იქ მყოფისთვის მოეწერათ ხელი და დაეწყოთ რეფორმები“.
Დავუშვათო ხედავთ ამანაც კი დაუშვა...ოპოზიცია რომ ვარგოდეს თქვენ ახლა სად იქნებოდით დავუშვათ?!
ესეც მაგრად ჭიკჭიკებს