ავტორი:

"ახლა დაინახავენ, რას ნიშნავს ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა" - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერები "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლას და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერას

"ახლა დაინახავენ, რას ნიშნავს ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა" - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერები "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლას და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს გონივრულ ვადაში არ მოაწერს, პარტიის წევრები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერცერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება.

ამასთანავე, მისი თქმით, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე, პარლამენტში შემოსვლის შესახებ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება. 6 თვის განმავლობაში ისინი ახორციელებდნენ საბოტაჟს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა, საბოლოოდ, მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა - ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ, შევალთ, დასრულდა დაჭერით, გამოსვლითა და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს დგას სიმართლე და ძალა, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭრას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, პარლამენტის ფუნქციონირებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს.

ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში, რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, როდესაც ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს. მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და კვლავ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება,“ - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, „ნაციონალური მოძრაობა“ 7 თვის განმავლობაში მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ როგორმე დაებლოკა ქვეყნის დემოკრატიული პროცესი.

„7-თვიანი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ როგორც ხედავთ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წავიდნენ „მარცხჯვნივ“, რადგან თან უნდათ პარლამენტში ყოფნა და თან არ სურთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. მესმის ეს რითიც არის განპირობებული, მათ მოატყუეს საზოგადოება და განსაკუთრებით საკუთარი მხარდამჭერები. უთხრეს, რომ ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება არის დესტაბილიზაცია, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა, საბოტაჟი, ხელოვნური კრიზისი და 7 თვის შემდეგ საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა ქვეყანას იყო ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი. ეს გახლავთ ანტისისტემური პარტია, რომელიც მხოლოდ იმით იყო დაკავებული ამ თვეების განმავლობაში, რომ როგორმე დაებლოკა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესი. ამით მათ ხელი შეუშალეს ქვეყნის განვითარებას, დააკარგინეს სახელმწიფოს დრო და ენერგია, თუმცა, კარგია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. ახლა პარლამენტში დაინახავენ რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

"არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გაუგებარ განცხადებებს ვისმენდით, თუმცა ეს ძალიან დიდი „ბლეფი“ იყო. თავიანთი სიტყვების უკან წაღება მოუწიათ", - ამის შესახებ კი „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომლის სურვილია, ქვეყანაში არეულობა იყოს.

„გადაწყვეტილებას რაც შეეხება, თქვენ იცით შეთანხმება რაც შედგა, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში გაუგებარ განცხადებებს ვისმენდით არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ეს იყო თითქოს საბაბი პარლამენტში არშესვლის, თუმცა ეს იყო ძალიან დიდი „ბლეფი“, ტყუილი. არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. საბოლოოდ, მათ მოუწიათ თავიანთი სიტყვების უკან წაღება. ჩვენი გუნდისთვის არაფერი არ შეცვლილა, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომლის სურვილია, ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია და ა.შ“ - განაცხადა კალაძემ.

საპარლამენტო პარტიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელს მოაწერენ - რა წერია დოკუმენტში

"ნაცმოძრაობის" წევრებს პარლამენტის შესასვლელთან "პუფების სირცხვილის კორიდორით" დახვდნენ - "მათ გადაუხვიეს ყველანაირ პრინციპს"

"ვაპირებთ, აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში " - "ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს