სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო ვრცელდება, სადაც ასახულია, თუ რა გზის გავლა უწევთ ჩვენს გალელ თანამემამულეებს ზუგდიდში გადმოსასვლელად. "ეს ყველა იმ ადამიანის ყოველდღიურობაა, რომლებიც ვცხოვრობთ ოკუპირებულ აფხაზეთში", - წერს თამო არდაშელია, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე სულისშემძვრელ კადრებს ავრცელებს.
"ფილმის კადრები არ გეგონოთ... ეს ყველა იმ ადამიანის ყოველდღიურობაა, რომლებსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ შეხება გვაქვს! შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, მაგრამ ვისთვის?! რისთვის?!
წელიწადი და ორი თვეა სახლში არ ვყოფილვარ. მამის საფლავზე სანთელი ვერ ამინთია! გგონია ამ გზის გავლამ შემაფერხა?! არა!! მაფერხებს ის წესები, რაც ჩემი ქვეყნის მთავრობამ დამიწესა!!
პ.ს ამ კადრებზე კიდევ მარტივი "ჩორნიხოდებია" ასახული... (მაშინ, აბიტურიენტობისას, კვირაში ორ დღეს ამ გზას როცა გავდიოდი, ყველაზე საშინელ დღეებად წარმომედგინა! დღეს კი ამ რეალობიდან...)
პ.ს.ს. კადრები აღებულია #მეგადავცურეენგური მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიდან, სადაც სურვილის შემთხვევაში მეტის ნახვა შეგიძლიათ..." - წერს თამო არდაშელია.
ცნობისთვის, ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია და წელიწადზე მეტია ადგილობრივებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ. გზა საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აფხაზებთან გარკვეული სახის მოლაპარაკების საფუძველზე ხიდის გადაკვეთის შესაძლებლობა არის, თუმცა ბარიერი საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული 5-დღიანი სავალდებულო კარანტინია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის რეჟიმი არ მოქმედებს.
კარგად უყურეთ, რუსეთუმეებო. ასე ექცევიან თქვენს სისხლს და ხორცს რუსები, ჩვენი ,,ერთმორწმუნე ძმები'', ამის მეტი რა მტკიცებულება გჭირდებათ, რომ ამ მართლა ნაძირლების მტრობაში დარწმუნდეთ?!
ორჯერ გადმოვაგზავნე გუშინ იგივე შინაარსის კომენტარი. ეტყობა მავანს არ მოეწონა და დაბლოკა, თუმცა კლავიატურის ლომების კომენტარებს მწვანე შუქი აქვს ანთებული. ერთხელაც ვცდი! თუ კვლავ დაბლოკავთ, იქნებ დაფიქრდეთ მაინც! ამ ვიდეოს გამოქვეყნება სოციალურ ქსელში და თქვენს პატივსაცემ პორტალზეც რბილად რომ ვთქვა შეცდომაა, რადგან რუს და აფხაზ სამხედროებს ეძლევა კონკრეტული ინფორმაცია ამ გადასასვლელის თაობაზე, რომლითაც მართლაც გაწამებული გალელი ქართველები სარგებლობენ. უნდა ველოდოთ, რომ მოწინააღმდეგის სამხედროები დამატებით ზომებს მიიღებენ ამ მონაკვეთზე და ეს შესაძლებლობაც გალელებისთვის შეიძლება გაქრეს. ამას გარდა, ვიდეოში ჩანს ზიგიერთი ადამიანის სახე, რომელთა მიგნებაც და დასჯა არ გაუჭირდებათ. ისმის გინება, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ პროპაგანდისტული მიზნებისათვის. საბოლოო ჯამში კიდევ უფრო დაიჩაგრება გალელი ქართველობა, რომელთა უფლებების რეალურ დაცვას სამწუხაროდ ვერაფრით ვახერხებთ!