უცხოური პრესის ერთ-ერთ მთავარ თემას სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე კონფლიქტი წარმოადგენს.
დასავლური მასმედია - ბრიტანული, ფრანგული, გერმანული პრესა ბეჭდავს როგორც სამხედრო მოქმედებათა ამსახველ ოპერატიულ ინფორმაციას, ასევე დიპლომატიურ და ანალიტიკურ მასალებს, რომლებშიც კონფლიქტში გარეშე ძალების ჩართვა-მონაწილეობას ადასტურებს.
მაგალითად ბრიტანულ "გარდიანში" («The Guardian») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "თურქეთის ამბიციები: სირიელი მეამბოხეები აზერბაიჯანში გადასასროლად ემზადებიან“ (ავტორი - ბეთან მაკერნენი), რომელშიც თურქეთის გეგმებზეა საუბარი - სირიიდან აზერბაიჯანში ანტიასადური ძალების გადაყვანა აზერბაიჯანის არმიის დასახმარებლად.
სირიელი მეამბოხეების აზერბაიჯანში სავარაუდო გაგზავნის საკითხზეა საუბარი თურქულ პროსამთავრობო გაზეთ "საბაჰშიც" («Sabah»), თუმცა კრიტიკული თვალსაზრისით: სტატიაში სათაურით "უნალ ჩევიკოზის ანტითურქული ცილისწამება“ გაკრიტიკებულია თურქეთის ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური (ქემალისტური) პარტიის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი უნალ ჩევიკოზი, რომელიც, სხვათა შორის, კარიერული დიპლომატია: 1980-იანი წლების მეორე ნახევარში იგი რუსეთში არსებულ თურქეთის საელჩოში მუშაობდა, 1995 წელს ხელმძღვანელობდა ნატოს საინფორმაციო ცენტრს, მოსკოვში, შემდეგ კი - კავკასიის დეპარტამენტს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო თურქეთის ელჩიც აზერბაიჯანში (2001-2002 წლებში) და თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ციურიხის მოლაპარაკებაზე 2009 წელს, როცა ხელი მოეწერა თურქეთ-სომხეთის მემორანდუმებს პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ (რაც არ განხორციელებულა, რიგი მიზეზების გამო).
"იმ დროს, როცა მთელი თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს სომხეთის აგრესიის საპასუხოდ, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერის მთავარი მრჩეველი უნალ ჩევიკოზი სკანდალურ ანტითურქულ ინფორმაციებს ავრცელებს.
მართალია, უნალ ჩევიკოზმა წერილობით განცხადებაში დაგმო სომხეთის მოქმედება, მაგრამ იმავე დღესვე ტელეეთერში გამოსვლისას თურქეთის დისკრედიტაცია სცადა - განაცხადა რა, რომ იარაღის გარდა, ზოგიერთი წყაროს მონაცემებით, თურქეთი აზერბაიჯანში სირიიდან მეამბოხეებსა და ჯიჰადისტებსაც გზავნისო.
ამ სიტყვებმა იმ თურქი დიპლომატისაგან, რომელიც თავის დროზე თურქეთის ელჩი იყო აზერბაიჯანში, ერაყში და ლონდონში, სოციალურ ქსელებში დიდი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. თუმცა ნუ დავივიწყებთ მის ადრინდელ ანტითურქულ განცხადებებსაც - "თურქეთის ლიბიაში ყოფნა უკანონოა“, "ანკარის პოლიტიკა ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაძაბულობას იწვევს“ და ა.შ.“, - წერს გაზეთი "საბაჰი“. წყარო
ავტორი: სიმონ კილაძე
მეზობლებს მშვიდობას ვუსურვებ, მაგრამ აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზეა.
ანუ თურქეთის პოლიტიკურ სპექტრში ერთი-ორი საღად მოაზროვნე პიროვნება ვინც დარჩა და არ ემხრობა ყველა მეზობლის გადაკიდებას და ყველგან ტანკებით შევარდნას, სადაც ამ ტანკებს თავის ჯარისკაცებიანად ამობუგავენ, აქტიურად ქოლავენ და წნეხავენ. ვინც ნორმალური და ცივილიზებული პოლიტიკის განხორციელებას ემხრობა, სამშობლოს მოღალატედ აცხადებენ. ქემალიზმი ფაქტობრივად იძირკვება მაგ ქვეყნიდან.
გააგრძელონ მასე და ვნახავთ მალე ჯვარდადგმულ აია-სოფიას ტაძარში აღვლენილ ლიტურგიას. დღევანდელი თურქეთი თვითონ ითხრის საფლავს.