ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის ნათია გურულის განცხადებით, ბასილაშვილს გირაოს სახით 100 000 ლარი შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, გირაოს გადახდის ვადა 30 დღეა.
„ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა და სწორედ ამ მტკიცებულებებით მოითხოვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა. სასამართლომ გაიზიარა ნაწილობრივ ბრალდების მხარის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები ჩადენილიყო ახალი დანაშაული, ასევე განადგურებულიყო მტკიცებულება, ან მომხდარიყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმალვა. თუმცა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. სასამართლომ იხელმძღვანელა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და დაადგინა, რომ რეალურად არსებობდა ფაქტობრივი საფუძველი, მტკიცებულებათა ერთობლიობა. გირაო აქვს შეფარდებული 100 ათასი ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით და გადახდის ვადად დაუწესდა 30 დღე“, - განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, პროკურორ ნათია გურულის ინფორმაციით, მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული არ აღიარებს.
„ფაქტს, რომ მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი ვადასტურებთ, თუმცა მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული არ აღიარებს. ბრალდება წარდგენილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური ძალადობისთვის არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. 16 ივლისს საქმეზე ჩაინიშნა წინასასამარლო სხდომა და ბრალდების მხარე წინასასამართლო სხდომამდე მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას და მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, მტკიცებულებები არ არსებობს, - ამის შესახებ ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებული ჩოგბურთელის ადვოკატმა განაცხადა.
მისი თქმით, ბასილაშვილი უხლოეს მომავალში გათავისუფლდება.
„მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. მთავარი გახლავთ ის, რომ მას გირაო შეეფარდა და უახლოეს მომავალში დატოვებს. დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს“, - განაცხადა ჭკადუამ.
მისივე თქმით, ბასილაშვილის პოზიციიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„მასთან არ გაფორმებულა არანაირი საპროცესო შეთანხმება. ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, ამის მტკიცებულებებიც საქმეში არ არსებობს. რა თქვა პროკურატურამ არ მაინტერესებს. ჩვენ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან და ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიციიდან გამომდინარე, კომენტარს არ ვაკეთებთ“ , - განაცხადა ჭკადუამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.