90-იანი წლები მხოლოდ ბანდფორმირებებთან, ომთან და უშუქობასთან კი არ ასოცირდება, არამედ ისეთ რაღაცებთანაც, როგორიცაა მაგალითად, მიცვალებულის სასახლის თავსახურის მოპარვა, აგურებზე შეყენებული მანქანები თუ სარეცხის ქურდობა - იპარავდნენ ყველაფერს, რაც "ცუდად იდო".
იმდროინდელი მდგომარეობის დაბრუნება ღმერთმა გვაშოროს და ალბათ, ეს გამორიცხულიცაა. თუმცა, ბოლოდროინდელ ე.წ. წვრილმანი დანაშაულის ფაქტებს თუ გავიხსენებთ, შეუძლებელია, ცუდი ასოციაციები არ გაგვიჩნდეს. დიახ, ქურდობას (თუ ბანკის სეიფიდან მილიონები არ არის წაღებული) სამართალდამცავები "წვრილმან დანაშაულს" უწოდებენ, მაგრამ დაზარალებულისთვის ის მსხვილმანი და დიდი სტრესია.
ბევრი მაგალითის ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ბოლო დღეებში მომხდარ შემთხვევებს გავიხსენებთ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ფანასკერტელის ქუჩაზე ავტომობილები გატეხეს და გაქურდეს, ორი დღის წინ, საღამოს საათებში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ღვინის მაღაზია გაძარცვეს იმ დროს, როდესაც გარშემო ხალხმრავლობა იყო.
"მაღაზია ჩემი სახლის დაბლაა, საღამოს სიგნალიზაცია ჩაირთო, მაგრამ ასეთი რამ პირველად არ მომხდარა, თავად მეპატრონეები ამოწმებენ ხოლმე, ამიტომ ყურადღება არ მიგვიქცევია. ცოტა ხანში პოლიცია მოვიდა და ამბის გასაგებად ჩემი ოჯახის წევრები ჩავიდნენ. როგორც გაირკვა, კარი გაუტეხავთ და მაღაზია გაუქურდავთ და ეს იმ დროს, როდესაც ამ ქუჩაზე სულ ხმაურია, ხალხი დადის და მანქანები მოძრაობენ. მაღაზიის გვერდით ჩვენი სადარბაზოა, რომლის კარიც არ იკეტება, გვეშინია - ვართ კი დაზღვეულები, რომ მალე ბინებს არ გატეხავენ?! ასეთი რამე 90-იანი წლების მერე არ მახსოვს", - აცხადებს პუშკინის ქუჩის მცხოვრები.
8 იანვარს კი კოსტავას ქუჩაზე წიგნების მაღაზია "ბიბლუსი" გაქურდეს.
"სათვალთვალო კამერის ჩანაწერით გავარკვიეთ, რომ გამთენიისას მაღაზიაში ორი არასრულწლოვანი შემოძვრა. წაღებულია 800 ლარამდე. ქურდები დაკავებულები არ არიან, გამოძიება მიმდინარეობს. გასაკვირია, როდესაც გამომძიებელს ვეკითხებით, თუ რა პრევენციული ზომები შეიძლება გატარდეს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდეს, პასუხს ვერ ვიღებთ - ამბობს, არასრულწლოვანები არიან, პასუხი ვერ მოეთხოვებათო", - ამბობს ჩვენთან საუბარში "ბიბლუსის" წარმომადგენელი.
სამწუხაროდ, "წვრილმან დანაშაულში" ხშირად ფიგურირებენ არასრულწლოვნები. მეტიც, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქურდობისთვის არასრულწლოვანი დაუკავებიათ და ცოტა ხნის შემდეგ გასაქურდად ისევ იმავე ობიექტზე შემძვრალა. ეს ყურის მოსაყრუებელი ტენდენცია ნამდვილად არ არის.
ყოფილი პროკურორის მირიან ნიკოლაძის აზრით, რომელიც თავის დროზე სწორედ არასრულწლოვანთა დანაშაულს კურირებდა, სამართალდამცავთა მხრიდან კონტროლი გასამკაცრებელია.
"ზოგადად, მეც მგონია, რომ წვრილმანი ქურდობების რაოდენობა გარკვეულწილად გაზრდილია და ნაწილობრივ ეს უკავშირდება ბოლო დროს ციხეებიდან მასობრივ გათავისუფლებებს. მიმაჩნია, რომ ამნისტია ჰუმანური აქტი იყო და უნდა განხორცილებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, გამოშვებული ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი არ გამოსწორდა და ისევ მიჰყო ხელი "ძველ საქმეს". ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა წვრილმან ქურდობებში არასრულწლოვანების მონაწილეობაა.
როდესაც პროკურორი ვიყავი, არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაული ძირითადად აზარტულ თამაშებს უკავშირდებოდა. ისინი აგებდნენ გარკვეულ თანხებს და შემდეგ იძულებულები იყვნენ ჩაედინათ დანაშაული. ზოგადად, დღეს ტენდენციაა, რომ პროკურატურას და სასამართლოს არასრულწლოვნების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება აქვთ. პირველი დაკავების შემთხვევაში, როგორც წესი, საპატიმრო ღონისძიებები არ გამოიყენება. სხვათა შორის, კონკრეტულად არ არის განსაზღვრული კანონში, რომ თუ არასრულწლოვანს წვრილმან ქურდობაზე მეორედ ან მესამედ დააკავებენ, მას მაინცდამაინც პატიმრობა უნდა მიუსაჯონ. ამას სასამართლო და პროკურატურა ინდივიდუალურად წყვეტენ.
თუმცა, როგორც გითხარით, საკითხს ლიბერალურად უდგებიან. რა თქმა უნდა, ამ თემას მეტი კონტროლი და პოლიციის მხრიდან მეტი ადმინისტრირება სჭირდება. თუმცა, ეს კომპლექსური საკითხია და უკავშირდება სკოლას, განათლებას, ოჯახს და ა.შ. ხოლო სრულწლოვნების შემთხვევაში, ასევე აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების კომპლექსი - დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ მას შანსი არ აქვს, დანაშაული გაიხსნება და ის დაისჯება", - ამბობს მირიან ნიკოლაძე.
ჩვენ შსს-ს დავუკავშირდით, სადაც განგვიცხადეს, რომ ფანასკერტელისა და კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE