ავტორი:

ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ქალაქის საიდუმლო...

ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ქალაქის საიდუმლო...

ჟინვალის წყალსაცავი საქართველოს მასშტაბით წყალსაცავებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. ის თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგებაში სერიოზულ როლს თამაშობს.

რა უძღვოდა მის აშენებას წინ, რატომ გახდა საჭირო მის დასაგუბებლად დუშეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის წყალქვეშ მოქცევა - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელ ექსპერტს ირაკლი მიქაძეს მივმართეთ:

"ჟინვალის წყალსაცავი მართლაც ყველაზე ახალგაზრდაა საქართველოში, რომელსაც კომპლექსური ფუნქცია აკისრია: ჰიდროელექტროსადგურის – ზაფხულის მარეგულირებელისა და ქალაქების, თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების.

1971 წელს სოფელ ჟინვალის ტერიტორიაზე დაიწყო ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა და სოფელი დატბორვის ზონაში მოექცა. ამის გამო, სოფელ ჟინვალის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაასახლეს ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს სოფლების – არანისისა და ბიჩნიგაურთკარს შორის, მცირე ნაწილი - სოფელ ჩინთის მახლობლად.

ამ წყალსაცავის შექმნის უპირველესი მიზანი ჰესის მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მდგომარეობდა. წყალსაცავი ასრულებს მდინარე არაგვის ზაფხულის რეგულირების ფუნქციას, ქალაქების თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების უზრუნველყოფა მეორადია, რადგან თბილისსა და მცხეთას წყალმომარაგების სხვა ვარიანტებიც აქვს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმჯობესია მოსახლეობის წყალმომარაგება მიწისქვეშა წყლების საშუალებით განხორციელდეს, ხოლო ზედაპირული წყლებით იმ შემთხვევაში, როცა სხვა საშუალება არ არსებობს. მიწისქვეშა წყლებით წყალმომარაგებას სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან დაცულია როგორც დაბინძურებისაგან, ასევე, საომარი მოქმედებების დროსაც.

- ამბობენ, რომ 2008 წლის ომის დროს სერიოზული საფრთხე არსებობდა, რომ ეს ობიექტი რუსებს დაებომბათ...

- წარმოიდგინეთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს რომ დაებომბათ ჟინვალის ჰესი, ასეთ შემთხვევაში, თბილისი არა მარტო ელექტროენერგიის, არამედ, წყალმომარაგების გარეშეც დარჩებოდა.

- მეცნიერულად, გეოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რამდენად სწორად არის აღნიშნული წყალსაცავისთვის ადგილი შერჩეული?

- რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურისა და წყალსაცავის ადგილმდებარეობის შერჩევას, ეს კომპლექსური საკითხია და ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებენ: მდინარის ჰიდროლოგიურ პარამეტრებს, ხეობის გეომორფოლოგიას, გეოლოგიას, ეკოლოგიას, ეკონომიკურ მხარეს, ელექტროენერგიის გადაცემისა და წყალმომარაგების ობიექტებამდე მანძილს, წყლის გაფილტვრის პირობებსა და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ჰესის ადგილმდებარეობა პასუხობს ყველა მოთხოვნას.

ამასთან, აუცილებელი პირობაა, მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდეს ტერიტორიის არქეოლოგიური გამოკვლევა. ჟინვალის წყალსაცავის შემთხვევაში ეს მოთხოვნა დაირღვა, რადგან არქეოლოგიური გამოკვლევები და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ერთდროულად, 1971 წელს.

- ცნობილია, რომ წყლის ქვეშ მოექცა წყალქვეშ მოქცეულ სოფელში არსებული ტაძარიც, რომლის გუმბათიც მაშინ ჩნდება, როდესაც წყალსაცავში წყლის დონე იკლებს.

- ცოტა შორიდან დავიწყებ: ისტორიულად, ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, დაბის ტერიტორიაზე ქალაქი XII საუკუნის მე-2 ნახევარში აღმოცენდა, ხოლო დასახლებული პუნქტი გაცილებით ადრე უნდა არსებულიყო. ჟინვალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლები. 1971 წელს ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის კომპლექსის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი), რომელმაც ფართოდ გაშალა მუშაობა დატბორვის ზონაში. სოფელ ჟინვალის ტერიტორიაზე სრული გათხრები ვერ მოხერხდა და მრავალი საუკუნის არქეოლოგიური განძის დიდი ნაწილი წყალმა დაფარა.

იმ ადგილას, სადაც დღეს ჟინვალის წყალსაცავია, შუა საუკუნეების მდიდარი, ქართული ქალაქი ჟინვალი მდებარეობდა თავისი ციხე-კოშკებით, გზებითა და სასახლეებით. იქ ცხოვრება პრესტიჟულად მიიჩნეოდა, შეღწევა და დასახლება ჭირდა, გათხრების დაწყებისთანავე გამოჩნდა მათი ნასახლარები. მსოფლიო სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარე ეს მდიდარი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი, რომელშიც დიდვაჭრები მიმოდიოდნენ, მთელი კავკასიის კარს აკონტროლებდა. წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად გამოჩნდა იმ დროს, როცა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოასახლა. შემდეგ ჟინვალი, თამარმა - დროებით სარგებლობაში მის ერთგულ ჭიაბერ მანდატურთუხუცესს უბოძა. გათხრების დროს, ეკლესიის ქვეშ ჭიაბერ მანდატურთუხუცესის გაძარცვული სამარხი აღმოჩნდა, აკლდამაში ბევრი საინტერესო რამ იყო შემორჩენილი. ჭიაბერის საფლავზე მიმობნეული იყო თამარისდროინდელი 17 მონეტა, რომელიც მანამდე მხოლოდ ორი ცალი იყო მსოფლიოში - ერთი პეტერბურგში, ხოლო მეორე - ინგლისში.

არქეოლოგიური კვლევების მიუხედავად, 7-8 ეკლესია გაუთხრელი დარჩა, წყალმა დაფარა აუარება ბრინჯაოს, რკინისა და ოქროს იარაღი და სამკაული. ერთ-ერთი ჟინვალის კოშკის ნახევარი მხარე უკვე ჩამონგრეული იყო, როცა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სასმელი წყლის აუზი და ღამის სათევი ოთახები.

- ეს ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

- ტრაგედიაა ასეთი სიმდიდრის წყლით დატბორვა. ჟინვალის კაშხალთან ჩაიძირა მდინარის აქეთ და იქით სანაპიროზე მდებარე ქალაქის ჭიშკარიც და XII საუკუნის "ჯვარიპატიოსნის" სახელობის ტაძარი, რომელიც 6 თვე წყალშია მოქცეული, 6 თვე კი წყლისგან თავისუფლდება.

ჟინვალის წყალსაცავი 1984 წლამდე დატბორილი არ ყოფილა, განსხვავებით წალკის წყალსაცავისგან, რომლის დატბორვაც 1947 წლიდან დაიწყო. გარდა ბაზილიკური ტიპის ტაძრისა, იქ ძალიან ბევრი ნანგრევი ჩანს. 80-იან წლებამდე, სანამ ეს ტერიტორია დაიტბორებოდა, "ჯვარიპატიოსნის" ეკლესია დიდი მნიშვნელობის წმიდა სალოცავსა და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენდა. ტაძრის წყლისგან გათავისუფლების პერიოდში, მიმდინარეობს მისი კედლების დაშლა. ტაძრის ქვების გამოფიტვის პროცესი იმდენად სწრაფად ხდება, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება ჩამოიშალოს თაღი, რომელიც ბაზილიკურ ტაძარს ჯერ კიდევ თავზე ადგას.

აღსანიშნავია, რომ "ჯვარიპატიოსნის" ეკლესიის იდენტური ტაძარი ამ ტერიტორიის სიახლოვეს აშენდა, რომელიც ამჟამად მოქმედია.

დატბორვის შემდეგ, ამ ტერიტორიებზე საფუძლვლიანი არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. წყალქვეშ სამუშაოების ჩატარება საკმაოდ რთულია, ამიტომ შესაბამისი ორგანიზაციებისა და უწყებების მხრიდან მათი კვლევა ტაძრების წყლისგან გათავისუფლების პერიოდში უნდა მოხდეს. ამასთან, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა შეძლოს მათი მონახულება, რადგან წლების შემდეგ, როდესაც წყალსაცავი ამოივსება მდინარის ნატანი მასალით, იგი ფუნქციონირებას ვერ შეძლებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კი შლამში ჩაიძირება.

- მოსახლეობას არ გაუპროტესტებია ტაძრის წყალში მოქცევა?

- როგორ არა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და საზოგადოებამ, წყალსაცავის მშენებლობას დიდი წინააღმდეგობა გაუწია, დიდი პოლემიკა გაიმართა მაშინდელ პრესის ფურცლებზეც. მოსახლეობა განსაკუთრებით განიცდიდა "ჯვარიპატიოსნის" სახელობის ტაძრისა და სასაფლაოების დატბორვას. ტაძარი ვერ გადაარჩინეს, ხოლო სასაფლაოები გადაიტანეს. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში გადაწყვეტილებებს იღებდა საკავშირო მთავრობა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება სრულად ემორჩილებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოშიც მრავლად არიან ე.წ. "ტექნოკრატები", რომლებიც პირველ რიგში უწყებრივი ინტერესებიდან გამოდიან და მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ ეკოლოგიურ და სოციალურ-კულტურულ ფასეულობებს.

ეს საკითხი დღესაც მწვავედ დგას მდინარე ენგურის ხეობაში, სადაც განზრახულია ჰესების კასკადის მშენებლობა. ხუდონჰესის პროექტის გამო ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ბლოკირებულ იქნა საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, როგორც მშენებლობა, რომელიც შეიცავს ეკოლოგიური კატასტროფის მაღალ რისკს და მოითხოვს რამდენიმე სოფლის (ხაიშის, გაღმა ხაიშის, ტობარის, დაკარის, ლუხის, ლაჯარის, ქვედა წვირმინდისა და დალალხორალის) გადასახლებას. გარდა ამისა, დაიტბორება წმინდა გიორგისა და ანდრია პირველწოდებულის ეკლესიები და სოფლების ხაიშისა და ტობარის სასაფლაოები.

- რაც შეეხება ჟინვალის წყალსაცავს, ხდება თუ არა მისი პერიოდული შეკეთება, გაწმენდა?

- რაც შეეხება ჟინვალიჰესის სარემონტო სამუშაოებს, ისინი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, გარემონტდა მიწისქვეშა წნევიანი ნაკადის გამტარი 628 მეტრი სიგრძის გვირაბი, რომლის საშუალებით ხდება წყლის მიწოდება 36,7 კმ მანძილზე, სალექარ მოედნებზე და შემდეგ საგურამოს წყალსაქაჩზე, თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების მიზნით, ასევე, მდინარე იორის დაბლობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად...

ფოტო: სერგო ედიშერაშვილი, ივა ჩიტაური