ტრანსპორტით გადატვირთული დედაქალაქი და საცობები - პრობლემა, რომელიც ბოლო პერიოდში თბილისში გადაადგილებისას მოქალაქეებს დიდ დისკომფორტს უქმნის... 2005 წლიდან დღემდე ყოველწლიურად საქართველოს ავტოპარკს დაახლოებით 100 000 ავტომობილი ემატებოდა, 2012 წლის მონაცემებით 900 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, დღეს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა. ეს ყველაფერი 21-ე საუკუნის რეალობა და ყველასთვის ცნობილი ფაქტია, თუცა როგორ დაიწყო საქართველოში ტრანსპორტის განვითარება, როგორი იყო პირველი ტაქსები და რით გადაადგილდებოდნენ თოვლიან ზამთარში დედაქალაქის ქუჩებში, ალბათ ცოტამ თუ იცის.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის იდეა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ევროპაში გაჩნდა და ეს ჩანაფიქრი ფრანგ მათემატიკოსსა და ფიზიკოს ბლეზ პასკალს უკავშირდება. პირველი რეგულარული რეისები სწორედ მისი თაოსნობით პარიზში დაწესდა. რვაადგილიანი ღია ეტლი ფიქსირებული მარშრუტით პარიზის ქუჩებში 1662 წლის 18 მარტს გამოჩნდა, თუმცა ეს ექსპერიმენტი 15 წელს გაგრძელდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინტენსიურად მხოლოდ მე-19-მე-20 საუკუნებში განვითარდა.
მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნა ევროპის ისტორიაში "მშვენიერი ეპოქის" სახელითაა ცნობილი. "მშვენიერი ეპოქა" საქართველოზეც აისახა. ამ პერიოდში დიდი ყურადღება ექცეოდა თბილისის კეთილმოწყობას. ქალაქის თვითმმართველობა ახალი ტრანსპორტის - ჯერ კონკის, მოგვიანებით კი ელექტროძრავიანი ტრამვაის ხაზების გაყვანაზე ზრუნავდა. ამავე პერიოდში გამოჩნდა თბილისში პირველი ავტომობილები და ფუნიკულიორი. მე-20 საუკუნის 60-იანი წლები იყო დრო, როცა დედაქალაქში ერთდროულად მოქმედებდა საქალაქო ტრანსპორტის ყველა ძირითადი სახეობა: ტრამვაი, ფუნიკულიორი, ტროლეიბუსი, ავტობუსი, მეტრო საბაგირო გზები, სამარშუტო და ინდივიდუალური მსუბუქი ტაქსები. იყო მტკვარზე სამდინარო ტაქსის შექმნის მცდელობაც.
საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლების მძიმე პირობები თბილისის ტრანსპორტზეც აისახა. 1990-იანი წლების ყოველდღიურ რეალობად იქცა მგზავრებით გადაჭედილი და გარედან ხალხით დახუნძლული ტროლეიბუსები, დენის გამორთვის გამო გვირაბში გაჩერებული მატარებლები და სხვა. ავტობუსების, ტრმავაისა და ტროლეიბუსის პარკები და მათი მარშრუტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, კერძო სამარშრუტო მიკროავტობუსებისა და ტაქსების რიცხვი კი, პირიქით, უკონტროლოდ გაიზარდა.
თბილისური ტრანსპორტის უძველესი სახეობები:
საუკუნების მანძილზე გალავანში ჩაკეტილი ქალაქის ვიწრო ტერიტორიაზე, სახმელეთო ტრანსპორტის ძირითადი სახეობები იყო საჯდომი პორუტყვი ( ცხენი, ჯორი, ვირი), აქლემი, აგრეთვე ურემი, რომელშიც ხარები და კამეჩები იყვნენ შებმული. მდინარეზე გადასასვლელად კი ძველი თბილისელები ტივებს, ან ბორანს იყენებდნენ. მტკვარზე ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი დიდი ხის ძელებისგან შეკრული ტივები დაცურავდნენ. მდინარის ორ ნაპირს შორის კავშირისთვის კი ბორნები გამოიყენებოდა.