ბოლო წლების განმავლობაში ნევროზი ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სპეციალისტები ამას მძიმე სოციალური თუ ეკონომიკური ფონით და სხვადასხვა ყოფითი პრობლემით ხსნიან. მედიკოსთა აზრით, ნევროზი განსაკუთრებით ზამთრის თვეებში მწვავდება, რასაც მზის ნაკლებობა და ხშირად არამყუდრო გარემო იწვევს. გვესაუბრება ლია ლეკვეიშვილი, ნევროლოგი:
- ნევროზი სხვადასხვა ფორმით გვხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორი დიაგნოსტიკა და დიფერენცირება. ზოგადად, ნევროზი ნერვული სისტემის ფსიქოგენური დაავადებაა. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ნევროზული მოშლილობა საკმაოდ გახშირდა ჩვენს მოსახლეობაში. ხშირია ასევე ამ დაავადების გამწვავების შემთხვევები, რადგან ნევროზის მქონე ადამიანები იშვიათად მიმართავენ ექიმს, ცდილობენ ამ პრობლემას თვითონ გაუმკლავდნენ, რასაც ხშირ შემთხვევაში შედეგი არ მოაქვს.
- რა სიმპტომები ახასიათებს ნევროზს?
- გაღიზიანებული მდგომარეობა, შფოთვა, გუნება-განწყობის დაქვეითება, უძილობა. ასეთ ადამიანებს ხშირად სიცოცხლის ხალისიც კი ეკარგებათ. ნევროზი ყველა ასაკში გვხვდება და მას სხვადასხვა ფორმა ახასიათებს. ხშირია ნევროზი ბავშვთა ასაკში და გარდატეხის პერიოდში.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროზი ბავშვებსა და მოზარდებში?
- ხშირმა ავადმყოფობამ, ოჯახურმა გარემომ, ანუ ოჯახურმა კონფლიქტებმა, რაც შემდგომ პიროვნების ჩამოყალიბებაზე მოქმედებს. გარდატეხის ასაკში კი, როდესაც მოზარდის ორგანიზმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ძვრებს განიცდის, ნევროზი ხშირი მოვლენაა. ამიტომ ამ დროს მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ შვილების მიმართ, ეცადონ გაიგონ "შვილების ენა", რადგან მათი ფსიქიკა ამ ასაკში ძალიან ფაქიზია. ყველანაირად უნდა მოერიდონ ოჯახურ კონფლიქტებს, აგრესიას, ბავშვის გაკრიტიკებას და სხვა. რაც შეეხება მოზრდილ ადამიანებს, ნევროზის მიზეზებია: ხშირი ან მუდმივი სამსახურებრივი, ოჯახური თუ საყოფაცხოვრებო ტრავმები. თუმცა, ნევროზის მიზეზი, შესაძლოა, ესა თუ ის ქრონიკული ან გადატანილი მძიმე დაავადებაც იყოს. ზოგჯერ ნევროზს ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევა და სხვ.
- აუცილებელია ამ დროს ექიმის ჩარევა?
- ყველა შემთხვევაში კარგია, თუ ექიმი დროულად ჩაერევა. მაგრამ თუ ადამიანი აცნობიერებს თავის პრობლემას და შესწევს უნარი, თავად გაუმკლავდეს მას, უნდა სცადოს. ამისთვის კი პირველ რიგში, საჭიროა დასვენება, გარემოს შეცვლა, მეტი ჟანგბადი - ბუნების წიაღში სეირნობა, სპორტი.
- რით განსხვავდება ნევროზი დეპრესიისგან?
- თვითონ ტერმინი "დეპრესია" დათრგუნვას ნიშნავს. ეს არის ფსიქიკური მოშლილობა, რომელსაც ახასიათებს როგორც ფსიქიკური, ასევე ვეგეტატიური დარღვევები. ვეგეტატიურიდან გამოყოფენ - თავბრუხვევას, ძილის დარღვევას, მადის დაქვეითებას, გულის რიტმის დარღვევას, ფსიქიკური სიმპტომებიდან კი - შინაგან ღელვასა და შიშს, აპათიას, გულგრილობას გარე სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი ინტერესის მკვეთრ დაქვეითებას. ხშირად დეპრესიას ფსიქოლოგიური ტრავმა ან პირად ცხოვრებაში მომხდარი ნეგატიური მოვლენა იწვევს (ახლობლის დაკარგვა, ოჯახის დანგრევა). თუმცა დეპრესია შეიძლება ყოველგვარი მიზეზის გარეშეც განვითარდეს, მაგრამ მისი წინაპირობა მაინც არის ის გარემო, რომელშიც ადამიანს ცხოვრება უხდება - ერთფეროვანი გარემო, მონოტონური საქმიანობა. სტატისტიკის თანახმად, დეპრესია 40 წელს გადაცილებულ ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე ამავე ასაკის მამაკაცებში. ხშირად გვხვდება დეპრესია დიასახლისებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში ერთფეროვნად ცხოვრობენ, მთლიანად ჩართულები არიან საოჯახო საქმეებში და გარეთ იშვიათად გამოდიან.
- იკურნება დეპრესია?
- უმეტეს შემთხვევაში იკურნება და სრული გამოჯანსაღების შანსიც არსებობს. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი რამ, როგორც ნევროზის, ასევე დეპრესიის შემთხვევაში ადამიანის ნებისყოფაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე გარემო პირობების შეცვლას.
- ამბობენ, რომ როგორც ნევროზის, ასევე დეპრესიის ყველაზე კარგი წამალი დადებითი ემოციები ან სასიხარულო მოვლენაა.
- მართალია, არა მარტო ამ დაავადებების, არამედ სხვა დაავადებების დროსაც დადებით ემოციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სიხარული და კარგი სიახლეები იმუნურ სისტემას აძლიერებს. კარგი განწყობის "შექმნა" სასარგებლოა ნევროზისა და დეპრესიის დროს. რაც შეეხება მედიკამენტებს, ექიმი მათ დაავადების სიმძიმის მიხედვით ნიშნავს. ასევე, როგორც ზემოთ გითხარით, დადებითად მოქმედებს გარემოს გამოცვლა, ბუნებაში სეირნობა, თქვენ წარმოიდგინეთ, ყვავილების მოვლა და ცხოველებთან ურთიერთობაც კი.