პროდიუსერი ნოე სულაბერიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასეთ კითხვას სვამს: - "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონი ახლა რომ იწყებოდეს, რას შეცვლიდით და დაამატებით, ვის მონაწილეობას ისურვებდით?" რა თქმა უნდა, კითხვას მისი მეგობრები, და არა მარტო ისინი, ეხმაურებიან. ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამს. "ამბები.გე" ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა.
- ნოე, ასეთ კითხვას ახლა რატომ სვამ? რაიმეთი უკმაყოფილო ხომ არ ხარ?
- არა, რას ამბობ. ამ კითხვის დასმით, მე უკვე შემდეგი სეზონისთვის ვემზადები. რაღაცებს ვტესტავ...
- რა გეჩქარება?
- კონკურსის დეტალები მერე რომ ვიკითხო, აღარავის ემახსოვრება. ახლა ცხელ გულზე სწორ და ზუსტ მოსაზრებებს დებენ...
- ყველას მოსაზრებას გაიზიარებ?
- რაც გასათვალისწინებელია, გავითვალისწინებ, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მნიშვნელოვანია ხალხის შეფასება და აზრი. პროექტი ხომ მათთვის კეთდება? ამიტომ, მინდა, რომ ის ხალხს მოსწონდეს.
- ბოლო ტურზე, შემოქმედებითმა ჯგუფმა "ვეტოს უფლება" რატომ გამოიყენეთ?
- ეს ჩემი და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილება გახლდათ. მას შემდეგ, რაც სოფო ნიჟარაძემ პროექტი დატოვა, ერთი "ვეტოს უფლება" გვქონდა გამოსაყენებელი და ამისთვის ყველაზე სწორი მომენტი შევარჩიეთ...
ვინაიდან ქეთი ხატიაშვილი მაინც ხალხის რჩეულია! ყველაზე მეტ პოზიტიურ განწყობას იმსახურებს, ამიტომ მასთან მიმართებაში გადავწყვიტეთ, რომ ეს ვეტო გამოგვეყენებინა.
ლალი ფაცია