წინასაარჩევნოდ მედიაში არსებული ტენდენციების კვლევა სერიოზული, მნიშვნელოვანი საქმეა. დასავლური ორგანიზაციებიც ასე მიიჩნევენ და მხარს უჭერენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მედიამონიტორინგის განხორციელებას - პირველ რიგში, გრანტებით.
ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას თავისი მეთოდოლოგია აქვს. თუმცა, ალბათ, ბუნებაში არ არსებობს მეთოდოლოგია, რომლის თანახმად, ამა თუ იმ მედიასაშუალებაზე უნდა იმსჯელო იქ განთავსებული რეკლამითა თუ სარეკლამო სტატიებით.
აბა, გამოიცანით, სად მოხდა მსგავის კურიოზი? მართალი ბრძანდებით - საქართველოში. თუმცა ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროექტის "პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" ფარგლებში შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა (15 ივლისიდან 15 აგვისტომდე).
ანგარიშის ეპიზოდში, რომელიც "კვირის პალიტრას" ეხება, ასეთი პასაჟია: "კვირის პალიტრაში" საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ ნეიტრალური მასალა გვხვდება. თუმცა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძისთვის დათმობილი ფართობის 76% პოზიტიური ტონია. ამის შესახებ ერთ-ერთი სტატიის ავტორი, პაატა გიგაური, საქართველოს პარლამენტის აპარატის ყოფილი თანამშრომელი წერს:" ვის ხელეწიფება ის რთული მისია, რომ სათავეში ჩაუდგეს თავის ქვეყანას და თავის გუნდთან ერთად, არსებულ მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის ფორმატში, მოახერხოს საზოგადოების მობილიზება, რათა გამოსწორდეს სიტუაცია, განვითარდეს წარმოება, დალაგდეს საგარეო ურთიერთობა რუსეთთან, აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა...ჩემი აზრით, ეს გახლავთ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე."
კურიოზი ისაა, რომ ზემოხსენებული ციტატა ამოწერილია სარეკლამო სტატიიდან. ასეთები კი ნამდვილად საკმაოდაა "კვირის პალიტრაში"და ყველა მათგანი აღნიშნულია ლათინური ასოთი "R". ჰოდა, ალბათ, მართლაც ისტორიულ შემთხვევასთან გვაქვს ადგილი, რომ რეკლამა მონიტორინგის ანგარიშში აისახა.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ატარებთ კვლევას – როგორ აშუქებენ მედიასაშუალებები ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემას და გაზეთში გამოქვეყნებულ ლუდის ან ღვინის რეკლამებით იმსჯელოთ, შემდეგ კი დაწეროთ: ალკოჰოლის პრობლემისთვის დათმობილი ფართობის 80% პოზიტიური ტონიაო.
რაც მთავარია – ანგარიშის გამოქვეყნებამდე ზემოხსენებული პასაჟის შესახებ ცნობილი გახდა "კვირის პალიტრისთვის" და რედაქციამ აცნობა კვლევის ავტორებს წერილის სარეკლამო ხასიათის შესახებ (რაც საჭირო, წესით არ უნდა ყოფილიყო, რადგან წერილის ბოლოს დიდი ლათინური "R" იყო განთავსებული), მაგრამ აღნიშნული პასაჟი ანგარიშში მაინც მოხვდა.
ეს უკვე სხვა კითხვებს აჩენს, მინიმუმ ეჭვის ქვეშ დგება კვლევის ავტორების პროფესიონალიზმი და ის, რამდენად სერიოზულად მოეკიდნენ ისინი საქმეს.
ასეთი უხეში შეცდომები თქვენს ავტორიტეტს ძირს გამოუთხრის და პირველ რიგში, იმათ დააფიქრებს, ვინც თქვენ გრანტებს გაძლევთ და ეს თქვენთვისვე იქნება ცუდი. სხვათა შორის, თქვენი მონა-მორჩილი ელოდება განმარტებას კვლევის ავტორებისგან ამ კურიოზზე.
ოჰ, ეს დილეტანტიზმი...
გიორგი კვიტაშვილი