"მე მოვედი, მაპატიე ღალატი, მაპატიე, მაპატიე ყოველი,
ჰე, უფალო, დამიფარე მარადის, ვიტანჯები შენი უარმყოფელი.
რაც კი მქონდა, გავატანე ქარებს და, ცოდვით ვსვარე სამოსელი პირველი,
მიყრდნობილი ვტირი საყდრის კარებთან, მინდა ვიყო სინანულის მწირველი."
- ამ სტრიქონების ავტორი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელიაა, რომლის პოეზიაც ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ძვირფასი და ახლობელი. მამა პეტრე დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია:
- ვფიქრობ, რომ პოეზია, ეს არის ემოცია და თუ ლექსს ძალიან დიდი ემოცია არ ახლავს, ის ხელოვნურია. რაც შეეხება თქვენ მიერ ხსენებულ სტრიქონებს და ლექს "პეტრეს", - ეს ჩემი სავიზიტო ბარათი იყო, რომლითაც საზოგადოებამ გამიცნო, ამ ლექსში თავიდან ბოლომდე ჩემი შინაგანი განცდა, მდგომარეობაა ასახული. გარდა პოეზიისა, აქ ლექსად გამოხატული სინანულიც ჩანს. იმ წუთებში რასაც განვიცდიდი, სწორედ ის გადმოვეცი და მადლობა უფალს, თუ შევძელი! ისე, ნებისმიერი ჩვენგანი ქრისტეს უარმყოფელ პეტრეს ჰგავს, და მე ვნატრობ - იმის ნახევარი სინანული მაინც გვქონდეს, როგორიც პეტრე მოციქულს ჰქონდა.
- გასაგებია, რომ რელიგიური ლიტერატურა გიყვართ, მაგრამ რას გვეტყოდით საერო წიგნებზე, რომლებსაც კითხულობდით და ახლაც კითხულობთ?
- ასეთი ლათინური გამოთქმა არსებობს: მე ვპოვე სიმშვიდე კუთხეში - წიგნით ხელში. ადამიანს ყველაზე მეტად რაც ზრდის, რაც ავსებს, ეს არის წიგნიერება და რაც ყველაზე მეტად აკლია, ესეც არის წიგნიერება. წიგნს ვერანაირი ტექნიკური მიღწევა ვერ შეცვლის. ბუნებრივია, ბავშვობიდან ვკითხულობდი და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვეს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებმა, მათ შორის ყველაზე მეტად ოსკარ უაილდი, თომას მანი და დოსტოევსკი მიყვარდა. განსაკუთრებით მიყვარდა რუსული ლიტერატურა და დოსტოევსკი, რომელიც განუმეორებელი მწერალია. სწორედ ამ მწერლების წყალობით ვეზიარე ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროს. რაც შეეხება პოეზიას, ის თავისთავად ძალიან ახლობელია ჩემთვის. განსაკუთრებით მშობლიურია ჩემთვის ქართული პოეზია, რომელიც უნაპირო და უსაზღვროა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ტერენტი გრანელი მიყვარს. მისი პოეზია ჩემს სულთან ძალიან ახლოს დგას. ჩემი ცხოვრების ვერც ერთ ეტაპზე, ვერც ერთმა პოეტმა ვერ შეცვალა ტერენტი გრანელი. ის დარჩა როგორც უზარმაზარი სიმაღლე, რომელსაც ვერ ვწვდები და რაც უფრო მეტად ვკითხულობ, მით უფრო ვხვდები, რომ ეს ადამიანი ამოუწურავია. როგორც სახარებას ყოველ წაკითხვაზე განსხვავებულად ვხედავ და განსხვავებულად მესმის, ასევე ამოუწურავია ჩემთვის ტერენტი გრანელი და თუკი ლექსის წერა დავიწყე, ეს ტერენტი გრანელის დამსახურებაა. სხვათა შორის, წარმოშობით მეც წალენჯიხიდან ვარ და ამით ძალიან ვამაყობ. საქართველოს ყველა კუთხე მიყვარს. ყველა თავისებურად ლამაზი და განუმეორებელია, მაგრამ ძველი კოლხები, ანუ სამეგრელოში მცხოვრებნი, გამოირჩევიან ნიჭიერებით და თუ გნებავთ, უცნაურობითაც. იქ ძალიან სხარტი და ცოცხალი გონების ადამიანები ცხოვრობენ და დღეს-დღეობით, თუ რაიმე კარგი, ადამიანური თვისება გამაჩნია, ამ მხარის და ტერენტი გრანელის დამსახურებაა. ვამაყობ იმითაც, რომ ილია ჭავჭავაძე ამბობდა: სამეგრელოში ჩავედი და საქართველო ვნახეო. სამეგრელომ ძალიან ბევრი სასახელო ადამიანი აჩუქა საქართველოს და იმედი მაქვს, მეც შევძლებ, ჩემი მოკრძალებული სიტყვა ვთქვა. უკვე გითხარით, რომ ჩემთვის ყველა კუთხე ერთნაირად ძვირფასი და საყვარელია, რადგან ერთი ერის შვილები ვართ და ყველას დედა-საქართველო გვაერთიანებს. თანაც, მიმაჩნია, რომ ჩვენი საკეთებელი ყველამ პირნათლად უნდა ვაკეთოთ, ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც შეგვიძლია და არ დავიბრალოთ სხვა რამ.
- როგორ ფიქრობთ, თანამედროვე საქართველოს ყველაზე დიდი სატკივარი რა არის?
- ჩემი აზრით, ეს არის უწიგნურობა, მით უმეტეს, რომ ქართველი ერი ოდითგანვე წიგნიერებით გამოირჩეოდა. საქართველოს ეკლესია-მონასტრებში გახსნილი იყო სასწავლებლები, რომლებმაც უდიდესი მისია შეასრულა ჩვენი ერის წინაშე. დღეს ჩვენი ხალხი ყველაზე მეტად განიცდის წიგნიერების დეფიციტს და სწორედ აქედან იდგამს ფეხს ყველა მანკიერება. როცა ადამიანი წიგნიერია, შეუძლებელია მან შეგნებულად ბოროტება ჩაიდინოს. შეიძლება ცხოვრებაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვას, მაგრამ მომაკვდინებელი ცოდვის ჩადენა ძალიან გაუჭირდება. ჩემი აზრით, დღეს ყველაზე დიდი სატკივარი არის ის, რომ ადამიანი დაშორდა წიგნს და დაშორდა საკუთარ თავს. წიგნი ღმერთივით ერთადერთია, ის ბოლომდე ჩვენი ერთგული რჩება და გვიღებს ისეთებს, როგორებიც ვართ.
- პრესით გავრცელდა ინფორმაცია, მამა პეტრე აღსარებებს "ფეისბუქით" იბარებსო.
- ეს არის სიცრუე. როდესაც ადამიანს უჭირს და ტელეფონით ან "სკაიპით" თავის სულიერ ტკივილებზე გესაუბრება, მოძღვარმა არ უნდა მოუსმინოს? ამას გინდ აღსარება დაარქვით და გინდ გულწრფელი საუბარი მეგობართან. მთავარია, შედეგი გამოიღოს, ადამიანს მხარში დავუდგეთ და ის ტკივილი, რომელიც ტანჯავს, როგორღაც გავუფანტოთ, მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ და ვანუგეშოთ. აღსარების საიდუმლო ხელშეუხებელი და წმიდათაწმიდაა და მხოლოდ ოლარის ქვეშ აღესრულება, მაგრამ ნებისმიერი მოძღვარი, რომელსაც მრევლი ჰყავს, უცხოეთში მყოფ თავის სულიერ შვილებს სწორედ ასე უკავშირდება. ყველას აქვს ასეთი საუბრები და არც მე ვარ გამონაკლისი, თუმცა, გამონაკლისი ვარ იმით, რომ ეს დაუფარავად, ყველას გასაგონად ვთქვი. როდესაც ადამიანს ძალიან აწუხებს რაღაც, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გაგიზიარებს, ხომ შეიძლება ადამიანმა ინტერნეტიც კეთილი საქმისათვის გამოიყენოს?! თუ ასე ვიმსჯელებთ, არსებობს ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც ამბობს, რომ საერო ლიტერატურა ადამიანისათვის დამაბრკოლებელია, მაგრამ ეს არ არის მართალი. საერო წიგნები შეიძლება არანაკლებ სასარგებლო იყოს სულისათვის, ვიდრე სასულიერო. სხვათა შორის, არსებობს გადმოცემა, თუ როგორ დაწვეს ფანატიკოსმა სასულიერო პირებმა ანტიკური ლიტერატურის შედევრები და შემდეგ მათი საქციელი მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო. ადამიანი ბნელია მხოლოდ მაშინ, როცა უწიგნურია და მისთვის ერთნაირად დამღუპველია როგორც ფანატიზმი, ასევე ზედმეტი ლიბერალიზმიც.
მოამზადა ხათუნა ჩიგოგიძემ
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)