ლევან დაბრუნდაშვილთან ინტერვიუ პირველად დაახლოებით ერთი წლის წინ ჩავწერეთ. მაშინ ახალგაზრდა რეჟისორი თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობდა - "ანო და ვანოს თავგადასავალი" მაყურებელმა უკვე ნახა. მაშინ ლევანი საოცნებო "ვეფხისტყაოსანზეც" ლაპარაკობდა: "ეს იყო სატესტო ვერსია, მე და ჯაბა მელქაძემ საკუთარი შესაძლებლობები შევამოწმეთ. ფილმის სახელზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, არ მინდა, ვინმე გავაღიზიანო, მაგრამ შეიძლება ერქვას "ვეფხისტყაოსანი". სინამდვილეში პატარა ექვსწუთიანი ჩანახატი გავაკეთეთ. როგორ მიდიან გმირები ნესტან-დარეჯანის გამოსახსნელად..."
გასულ კვირას ექვსწუთიანი თრეილერის მოკლე მონაკვეთი სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. კადრებში მთავარი გმირები ქაჯეთის ციხისკენ მიემართებიან და გზად უამრავ დაბრკოლებასთან უწევთ გამკლავება. ცნობილი მსახიობებიდან მათ შორის გივი ჩუგუაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, კახა კინწურაშვილი და გიორგი ვარდოსანიძე ამოვიცანით. რუსკა მაყაშვილის ცრემლიან კადრზე კი რთული მისახვედრი არ იყო, რომ ის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახლდათ.
ვიდეოს, რომელმაც შემდგომ უამრავი საიტი, სოციალური ქსელი და ინტერნეტფორუმი მოიარა, მაყურებელი სხვადასხვა განწყობით შეხვდა. კრიტიკის მთავარი ობიექტი რატომღაც ნესტან-დარეჯანის როლის შემსრულებელი რუსკა მაყაშვილი გახდა. მსახიობს საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" იცნობს, სადაც რუსკა ანჩოს როლს თამაშობს. კომენტარისთვის მსახიობს თრეილერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით.
- რუსკა, ინტერნეტში "ვეფხისტყაოსნის" თრეილერი გამოჩნდა, სადაც შენ ნესტან-დარეჯანის როლზე მოგიაზრებენ...
- არ მომიაზრებენ, ვარ... გადაღებები ორი წლის წინ მიმდინარეობდა, სამწუხაროდ, ჯერ მარტო ფილმის თრეილერია გადაღებული.
- ვისგან მიიღეთ როლზე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?
- რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, შემომთავაზა და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ ამ პროექტს დააფინანსებდნენ. ფაქტობრივად, ნესტან-დარეჯანი ჩემი საოცნებო როლია.
- არ გეშინია კრიტიკის, რაც შეიძლება ამ ფილმს მოჰყვეს?
- არ მეშინია, კრიტიკა აუცილებელია და ასეთ რაღაცებზე არ ვღელავ. ჩემი აზრით, ძალიან კარგი პროექტია, საინტერესო. ერთ-ერთი მაღალბიუჯეტიანი ფილმი იქნება, რაც კი ჯერ საქართველოში გადაუღიათ.
- სოციალურ ქსელში შენს გმირზე წერდნენ, ხომ არ იქნებოდა ნესტან-დარეჯანი სინამდვილეში ანჩო?
- რა ანჩო!.. მოკალით ეს ანჩო საერთოდ. ხალხს მოვუწოდებ, ჩემს სპექტაკლებზე იარონ. ნახეთ, გადაამოწმეთ, არც ერთი სპექტაკლის რეცენზიაში, სადაც მე ვთამაშობ, არ წერია, რომ სცენაზე მე ვარ ანჩო.
- ხომ არ იცი, როდის განახლდება ფილმის გადაღებები?
- არ ვიცი, ისიც არ ვიცოდი, რომ თრეილერი დაიდებოდა. წესით, 2013 წელს იგეგმება, სადღაც ახალი წლის შემდეგ. რაც შეეხება მზადებას, უკვე ორი წელია დაწყებულია.
იქცევა თუ არა ფილმად ნაწარმოები, რომლის სცენაზე გაცოცხლებაც თავის დროზე რობერტ სტურუამ გადაიფიქრა, რეჟისორ ლევან დაბრუნდაშვილთან გადავამოწმეთ. სხვადასხვა საიტზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ გადაღებები გრძელდება და მსახიობები უკვე დამტკიცებულები არიან, ტყუილი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, თურმე რეჟისორს ჯერ სპონსორიც არ ჰყავს შეგულებული, რომელიც ამ ხმაურიან და რისკიან პროექტს დააფინანსებს.
ლევან დაბრუნდაშვილი:
- პროექტი ჯერჯერობით არავის დაუფინანსებია. უბრალოდ, დავიღალეთ, ამდენი ხანი შენახული გვქონდა და გამოვამზეურეთ.
- ცნობილია, რომ ბერას ორი კლიპი შენ გადაიღე, ალბათ ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაგაფინანსა.
- არა, საიდან მოიგონეს. ეს ფილმი დაფინანსებული რომ იყოს, კლიპებისა და რეკლამების გადაღებაზე ხომ არ ვირბენდი, კინოს გადავიღებდი.
- თორნიკე გოგრიჭიანი, რუსკა მაყაშვილი, კახა კინწურაშვილი - ეს მსახიობები უკვე არიან როლებზე დამტკიცებულები?
- როლებზე ეგ ხალხი ჯერ არ არის დამტკიცებული. ეს იყო სატესტო ვერსია და უბრალოდ, მეგობრები დამეხმარნენ. მთელი გადამღები ჯგუფი სამეგობრო წრე ვიყავით. ჰონორარი არავის აუღია.
- თინათინის როლზე ვის მოიაზრებთ?
- თინათინი და ფრიდონი არ არიან მაგ რამდენიმეწუთიან რგოლში გადაღებული და ჯერ არც ვიცი, ვინ უნდა იყვნენ.
- სოციალურ ქსელში აღნიშნავდნენ, ალბათ შორენა ბეგაშვილმა უარი უთხრა და რუსკა მაყაშვილი ნესტან-დარეჯანის როლზე იმიტომ დააკავაო.
- (იცინის) სასწაულია... მაშინ შორენა ბეგაშვილი თინათინი იყოს. სინამდვილეში შორენა ბეგაშვილი საერთოდ არ ჰგავს არც ნესტანს და არც ერთ სხვა პერსონაჟს, შორენას სხვა ფილმებში უფრო კარგად ვხედავ.
არ ვიცი, ჯერ ისევ გაურკვევლობაში ვარ და მეც არ ვიცი, რა ვქნა. იდეაში ეგ არის ხუთწუთიანი მონაკვეთი, დიალოგებით, მაგრამ ინტერნეტში მთლიანად არ დამიდია. სიმართლე რომ გითხრათ, ყველაფერი მეც არ მომწონს. არადა, ამ თემაზე კარგი კომერციული ფილმის გადაღება შეიძლება.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
იხილეთ:
- პირველი კადრები "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაციიდან
- კომერციული ზღაპარი - როგორ იქმნებოდა "ვეფხისტყაოსნის" თრეილერი