თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 19 აპრილს სტუდენტებმა ასევე დადეს გმირთა მემორიალთან ფიცი, რომელიც მაშინ ზვიად ცეცხლაძემ წაიკითხა.
რაც შეეხება დღევანდელი ფიცის ტექსტს, ასეთია:
"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევეგუები ძალას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის რუსეთისთვის დათმობას ცდილობს, ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს, ჩვენს ერთობას და რწმენას. ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ! გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს“.
გარდა ამისა, ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია მისი შვილის, ზვიად ცეცხლაძის ორგანიზებულია, თუმცა თქვა ისიც, რომ ურჩიეს, სიტყვა "ორგანიზებული“ არ გამოიყენოს. ცეცხლაძის განმარტებით, მას უთხრეს, რომ შესაძლოა, ამის გამო "მის შვილს ციხეში მდგომარეობა დაუმძიმდეს". აღნიშნულზე, თავად დაკავებულის პასუხი, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ასეთია: "დახვრეტა ჯერ არ არის, ციხეში ისედაც ვზივარ“.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ზურაბ ცეცხლაძესთან ერთად ფიცის ტექსტი წაიკითხეს, ციხიდან ზვიად ცეცხლაძის ხმოვან შეტყობინებას მოუსმინეს. ასევე, მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციის მონაწილეები კვლავ მსვლელობით ქაშვეთის ტაძრისკენ გაემართებიან.