გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა ისტორიული და საბოლოო განჩინება, რომ ტერმინები "ქალი" და "სქესი" თანასწორობის აქტში გულისხმობს მხოლოდ ბიოლოგიურ ქალსა და ბიოლოგიურ სქესს.
გადაწყვეტილებაში, რომელმაც გენდერის მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტები გაახარა, ხუთმა მოსამართლემ ერთხმად დაადგინა, რომ 2010 წლის თანასწორობის აქტში ქალის სამართლებრივი განმარტება არ მოიცავდა ტრანსგენდერ ქალებს, რომლებსაც გენდერის აღიარების სერტიფიკატები აქვთ.
განაჩენს შესაძლოა შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს და გამოიწვიოს ტრანსგენდერი ქალებისთვის ისეთ სერვისებსა და სივრცეებზე წვდომის შეზღუდვა, როგორიც მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ განაჩენმა ქალებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებიც მართავენ საავადმყოფოებს, სპორტულ კლუბებს და ქალთა თავშესაფრებს, "სიცხადე" მოიტანა.
ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ერთი სქესისთვის განკუთვნილი სივრცეების დაცვას ბიოლოგიური სქესის საფუძველზე. ეს სივრცეები დაცულია კანონით და ამ მთავრობის მიერ ყოველთვის იქნება დაცული", - განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენელმა.
სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეიტანა ჯგუფმა, სახელწოდებით: "შოტლანდია ქალებისთვის", რომელსაც ფინანსურად მხარს მწერალმა ჯ.კ. როულინგი უჭერს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორმა შოტლანდიურმა სასამართლომ უარყო ჯგუფის არგუმენტები იმის შესახებ, რომ თანასწორობის აქტში ქალის განმარტება მხოლოდ ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის ადამიანებით შემოიფარგლებოდა.
ლორდმა ჰოჯმა, სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ თანასწორობის აქტი ძალიან ნათლად განმარტავს, რომ მისი დებულებები შეეხება ბიოლოგიურ სქესს დაბადებისას და არა პირის შეძენილ გენდერს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას გენდერის აღიარების სერტიფიკატი.
მისი თქმით, ეს გავლენას ახდენს გენდერულ პოლიტიკაზე სპორტსა და შეიარაღებულ ძალებში, საავადმყოფოებში, ასევე, წვდომაზე მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, გასახდელებსა და სივრცეებზე. თუმცა, ტრანსგენდერ ქალებს კვლავ აქვთ თანაბარი ანაზღაურების უფლებები და შეიძლება, ჰქონდეთ უფლება, ზოგიერთ სიტუაციაში ისეთივე მოპყრობა მიიღონ, როგორც დაბადებით ქალებმა.
როგორც თავის 88-გვერდიან განაჩენში სასამართლომ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობის აქტში, მამაკაცის ან ქალის განმარტებაში სიტყვა "ბიოლოგიური" არ გვხვდება, "ამ მკაფიო და არაორაზროვანი სიტყვების ჩვეულებრივი მნიშვნელობა შეესაბამება ბიოლოგიურ მახასიათებლებს, რომლებიც ინდივიდს მამაკაცად ან ქალად აქცევს".
ეს განაჩენი შოტლანდიის მთავრობისთვის მნიშვნელოვან დამარცხებას წარმოადგენს. "შოტლანდია ქალებისთვის" თავდაპირველად ასაჩივრებდა კანონმდებლობას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს სერტიფიკატით საშუალებას აძლევდა, საზოგადოებრივ საბჭოებში ის ადგილები დაეკავებინათ, რომლებიც ქალებისთვის იყო განკუთვნილი.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ჯონ სუინიმ, განაცხადა, რომ მისი მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებას იღებს. მისი თქმით, ეს აზუსტებს 2004 წლის გენდერის აღიარების აქტის შეზღუდვებს, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის აღიარების სერტიფიკატები შემოიღო.
"ახლა განაჩენის შედეგებს განვიხილავთ... ჩვენს შემდგომ ქმედებებს ყველას უფლებების დაცვა დაედება საფუძვლად", - თქვა მან.
ტრანსგენდერთა უფლებების დამცველებმა მოუწოდეს ტრანსგენდერ ადამიანებს და მათ მხარდამჭერებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ.
ჯგუფმა სახელით "შოტლანდიელი ტრანსები", განაცხადა: "ჩვენ ნამდვილად შოკირებული ვართ უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც ცვლის იმის 20-წლიან გაგებას, თუ როგორ აღიარებს კანონი ტრანსგენდერ მამაკაცებსა და ქალებს გენდერის აღიარების სერტიფიკატებით. განვაგრძობთ მუშაობას ისეთი სამყაროსთვის, სადაც ტრანსგენდერი ადამიანები შეძლებენ თავიანთი ცხოვრების კონფიდენციალურობით, ღირსებითა და უსაფრთხოებით წარმართვას. ამას ყველა ჩვენგანი იმსახურებს".
ადამიანის უფლებათა ჯგუფ Amnesty International UK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, საშა დეშმუხმა, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება "აშკარად იმედის გამაცრუებელია".
"არსებობს პოტენციურად შემაშფოთებელი შედეგები ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან თანასწორობის აქტის მიხედვით არიან დაცულნი. განაჩენი ამ დაცვას არ ცვლის", - თქვა მან.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ჯ.კ. როულინგმა დაწერა: "სამი არაჩვეულებრივი, შეუპოვარი შოტლანდიელი ქალის წყალობით, რომელთა უკანაც მთელი არმია იდგა, ეს საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილეს. ძალიან ვამაყობ, რომ გიცნობთ".
"ჰარი პოტერის" ავტორი საჯაროდ აფიქსირებდა თავის პოზიციას, რომ სიტყვა "ქალი" მხოლოდ ბიოლოგიურ ქალებს შეეხებოდა და არა - ტრანსგენდერ ქალებს. როულინგმა ამ პოზიციის გამო წლების განმავლობაში დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ავტორს მისი ნაწარმოების ეკრანიზაციაში მონაწილე მსახიობებიც გაემიჯნონ.