აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.
მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს.განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის.ვრჩები "ქართული ოცნების”ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!" - წერს რიჟვაძე.
ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობა, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში. ეს შეხვედრა ძალიან მალე იქნება”, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.