რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად დემონსტრანტების ნაწილმა, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე იყვნენ განლაგებულნი, გზის ცენტრალურ სავალ ნაწილზე მაინც გადავიდნენ.
ამასთან, 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციის კორდონია განლაგებული. პოლიცია ასევე მობილიზებულია რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. გზის გადაკეტვას მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა, შედეგად კი სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე
პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად ადგილი აქვს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "რუსებო, მონებო“; "ომი ვინ დაიწყო?“.
ამასთან, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს.
პარლამენტთან აქციის მონაწილეები, "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
რუსთაველის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა.
"ყველგან "მილიცია“, არასად სამართალი!" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ჭიჭინაძის ქუჩაზე ჯერჯერობით საპოლიციო ძალები არ განლაგებულან.
პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება 9 აპრილის ქუჩაზე, სადაც პოლიციის კორდონია განლაგებული.