27 წლის მატეო ბრედფორდი მაშინ დააკავეს, როდესაც მის ცოლს, ეჭვი გაუჩნდა მეუღლის ქცევაში და მკაცრი კათოლიკური წესრიგის მქონე ქვეყანაში, თვალთვალი დაუწყო.
ესიელმა დაინახა, როგორ შევიდა ბრედფორდი სხვა ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში და მაშინვე პოლიცია გამოიძახა.
ფილიპინებში მეუღლის ღალატი კანონით ისჯება, ამიტომ, როდესაც ქალთა და ბავშვთა დაცვის განყოფილების პოლიცია ბინაში შევიდა, საწოლში შეყვარებული წყვილი აღმოაჩინეს.
ბრედფორდს ბრალი წაუყენეს, ხოლო შაბათს ის პირველად წარდგა სასამართლოს წინაშე.
მან სასამართლოში ბრალი არ აღიარა, პროცესი შემდეგი თვისთვის გადადეს.
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა განრისხებული ქალი ამბობს, რომ არ ნანობს პოლიციისთვის მიმართვას, რადგან მათი 16-თვიანი ქორწინება ისედაც დანგრევის პირას იყო.
"არანაირ დახმარებას არ უწევს ჩვენს შვილს. საყვარლისთვის ყიდულობს საჩუქრებს - ფეხსაცმელს, ჩანთებს, მანქანაც კი უყიდა! მინდა, რომ ციხეში ჩასვან. რაც მან და მისმა საყვარელმა გამიკეთეს, უდიდეს სტრესს მაყენებს და დეპრესიაში მაგდებს. სამი თვეა, შვილზე არ ზრუნავს! არასოდეს ვაპატიებ", - განაცხადა ქალმა მედიასთან.
ბრედფორდის მამა ინგლისელია, ხოლო დედა - ფილიპინელი. ის ბრიტანეთში გაიზარდა, თუმცა როდესაც 2020 წელს, არდადეგებზე ფილიპინებში მცხოვრებ ნათესავებს ესტუმრა, გადაწყვიტა, რომ იქ დარჩენილიყო.
ის სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდა, ბოლოს კი ავსტრალიური სასწავლო კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი გახდა.
ფილიპინებში ჩასვლის შემდეგ მალევე გაიცნო ესიელი და მათ საერთო შვილიც შეეძინათ, რომელიც ახლა 3 წლის არის.
2023 წელს წყვილმა იქორწინა. ბიჭი ამბობდა, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი კარიერულ წარმატებასაც მოუტანდა.
თუმცა ბოლო თვეებში ესიელმა, შეამჩნია, რომ ქმარი სახლში გვიან ბრუნდებოდა და უცნობი სუნამოს სურნელი ასდიოდა. ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ უკან გაჰყოლოდა და დაინახა, როგორ შევიდა ბინაში ახალგაზრდა ქალთან ერთად.
ახალგაზრდა კაცის 24 წლის საყვარელიც ადგილზე დააკავეს.
ფილიპინების პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა:
"დაკავება მოხდა ბრალდებულის ცოლის საჩივრის საფუძველზე.
მან პოლიციას წარუდგინა ქორწინების მოწმობა.“
ფილიპინები ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც ღალატი კრიმინალად მიიჩნევა. უფლებადამცველები მოითხოვენ ე.წ. უმწიკვლოების კანონების გადახედვას, რადგან ის ქალებსა და კაცებზე არათანაბრად ვრცელდება - მამაკაცებისთვის სასჯელი მაქსიმუმ ოთხ წელს შეადგენს, ქალებისთვის კი - ექვსს.