უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში დასრულდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მოლაპარაკებების დეტალები გაასაჯაროვა.
"ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკის გუნდთან. დისკუსია იყო პროდუქტიული და ფოკუსირებული - განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, მათ შორის ენერგეტიკის საკითხი.პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანია, უზრუნველყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის და, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს მიზანი რეალობად იქცეს", - წერს უმეროვი.
CBS News-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იმ უკრაინელი ბავშვების დაბრუნების სურვილი გამოთქვა, რომლებიც გაიტაცეს მათი რუსიფიკაციის, ოჯახებიდან წაყვანისა და რუსეთში გადაყვანის მიზნით და უოლცს დაუსვა შეკითხვა, რატომ შეუწყვიტა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაფინანსება ერთ-ერთ პროგრამას, იელის უნივერსიტეტის პროგრამას რომელიც ამ ბავშვების პოვნას უწყობდა ხელს. კითხვაზე საპასუხოს უოლცმა განაცხადა :
“სახელმწიფო მდივანი რუბიო აწარმოებს ყველა ამ პროგრამის გადახედვას. კონკრეტულზე ვერ ვისაუბრებ. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ორივე ლიდერს ესაუბრა ტყვეების გაცვლის შესახებ. რუსებმაც და უკრაინელებმაც გაცვალეს ტყვეები, დაახლოებით 200, სატელეფონო ზარების შემდეგ დაუყოვნებლივ. მან ასევე ისაუბრა ამ ბავშვების მომავალზე“, - აღნიშნა უოლცმა.
მისი თქმით, ეს, უპირველეს ყოვლისა, ნდობის აღდგენის ზომებია.
კითხვაზე, ითხოვენ თუ არა ამ ბავშვების გათავისუფლებას, როგორც ნდობის აღდგენის ღონისძიებას, უოლცმა უპასუხა. “ვსაუბრობთ ნდობის აღდგენის არაერთ ზომაზე. ეს არის ერთ-ერთი მათგანი“.
“შემდეგ სახელმწიფო მდივანი რუბიო და მე ჩავერთეთ ჩვენს დონეზე როგორც რუსებთან, ასევე უკრაინელებთან და ახლა გვყავს ტექნიკური გუნდები უკრაინელებთან და რუსებთან ერთად ერთსა და იმავე დაწესებულებაში, რომლებიც მოლაპარაკებებს ახლო მანძილზე აწარმოებენ. პროგრესი იქნება, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე. ის ამოქმედდა პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტ პუტინთან ამ კვირაში განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ. ჩვენ ახლა ვაპირებთ ვისაუბროთ შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა ორივე მხარემ შეძლოს მარცვლეულის, საწვავის გადატანა და კვლავ დაიწყოს ვაჭრობა შავ ზღვაში“, - აღნიშნა მაიკ უოლცმა.