მომღერალი ლუკა ჭანიშვილი და მოცეკვავე ელენე ნაჭყებია ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ. სოციალურ ქსელში მათ ვიდეოებს თუ ფოტოებს ყოველთვის დიდი აღფრთოვანება და დადებითი კომენტარები ახლავს. თუ როგორ შედგეს ფეხი ხელოვნებაში, შემდეგ ერთმანეთი იპოვეს და როგორია წყვილის დღევანდელობა, ამის შესახებ ლუკა ჭანიშვილი გვიამბობს...
- ლუკა, რა ასაკში დაიწყეთ სიმღერა?
- ფაქტობრივად საუბარი და სიმღერა ერთდროულად დავიწყე. სამი-ოთხი წლის ასაკში უკვე ხალხურ სიმღერებს - "ჩაკრულოს", "შენ ბიჭო ანაგურელოს" ვმღეროდი, ამავდროულად სცენაზე ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი. ასე რომ ხელოვნებასთან საკმაოდ ადრეული ასაკიდან მქონდა შეხება და დღემდე ასე მოვდივარ.
- შემდეგ სიმღერა არჩიეთ?
- დიახ, სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდი და შემდეგ მხოლოდ სასიმღერო კარიერაზე გადავერთე. ცეკვასთან დამშვიდობება იმდენად გამიჭირდა, სიზმარშიც კი ვხედავდი. კონცერტებზე როგორ გამოვდიოდი.
- საქართველოში არ არის ადვილი ხელოვნებას ემსახურო, თუ გქონიათ სურვილი ხელოვნებიდან სხვა სფეროში გადასვლის?
- ხელოვნებიდან წასვლის სურვილი არ მქონია. თუმცა ბავშვობიდან ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, სულ იქით მიმიწევდა გული. ვინაიდან მამაჩემი ქორეოგრაფი, მოცეკვავე, ხელოვნების სფეროში იყო, მან გადაძლია ჩემი სურვილები და ცეკვაზე შემიყვანა. ფეხბურთზე დღემდე ვაფანატებ, ჩემთვის ნომერ პირველი სპორტია. ამ მხრივ მიღწევები არ მქონია, რადგან პროფესიულ დონეზე არ გავყევი, მაგრამ თუ ტრაბახში არ ჩამეთვლება, ფეხბურთს ახლაც კარგად ვთამაშობ. რასაკვირველია დღეს ფეხბურთის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ.
- ხელოვანების ულამაზესი წყვილი ხართ... გვიამბეთ სად გაიცანით თქვენი უმშვენიერესი მეუღლე ელენე ნაჭყებია...
- ალბათ სიყვარულმა გვიპოვია ჩვენ, შემიძლია ასე ვთქვა... ზაფხულში, "თაკარას" სცენაზე სხვადასხვა ანსამბლებს ღია ცის ქვეშ კონცერტი გვქონდა. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, გენერალურ რეპეტიციას გავდიოდით. ელენე შედარებით ადრე მოვიდა და უცებ მაყურებლის ამპლუაში მყოფი ელენესკენ თვალი მომიხვდა. მართლაც იმდენად მომაჯადოებლად ლამაზი იყო, სულ დამავიწყდა რეპეტიცია და ყველაფერი. ელენე თავის ცეკვის პედაგოგთან იყო მოსული, რომელსაც მეც ვიცნობდი. კონცერტის შემდეგ საერთო ახლობელმა მე და ელენეს ერთმანეთი გაგვაცნო, მაგრამ წამიერი შეხვედრა იყო, მხოლოდ სახელები გავცვალეთ. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ რეპეტიციაზე მივდიოდი და კარები რომ შევაღე, რას ვხედავ, ელენე ჩვენს ანსამბლშია... უცებ გამიელვა თავში, რომ ეს ის გოგოა, ზაფხულში რომ გავიცანი- მეთქი. ჩემს თავს ვუთხარი, ნუთუ ეს ბედი არ არის-თქო... ყველანაირი ძალ-ღონე მოვიკრიბე, ვისთანაც კი ელენე ერთხელ მაინც იყო დალაპარაკებული, ყველას ვუთხარი, ისე მოახერხეთ, ერთად წასვლა მოგვიწიოს-თქო... ასე ჩავხლართე სიტუაცია, ასე დაიწყო ყველაფერი..
- ალბათ ელენესაც ძალიან მოეწონეთ, თავად როგორ იხსენებს თქვენს პირველ შეხვედრას?
- სხვათა შორის არ ყოფილა თურმე ეგრე. როგორც მითხრა, პირველი შეხვედრის დროს ჩემზე სულაც არ დარჩა კარგი შთაბეჭდილება... გამიკვირდა, მე რომ დამინახავს ადამიანი, როგორ შეიძლება არ მოვეწონო-მეთქი. (ვხუმრობ, რასაკვირველია)... ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ თავიდან არ მოვეწონე. შემდეგ კარგად ვუმღერე, როგორღაც მოვთაფლე...
- თქვენი ქორწილის კადრებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა...
- გულწრფელად გითხრათ, ჩვენს ქორწილზე ასეთ გამოხმაურებას არ ველოდით. ხალხი გვეუბნებოდა ასეთ ქორწილში არათუ ნამყოფი არ ვართ, არც კი გვინახავსო. ეს ქორწილი კი არა, ძალიან მაღალი დონის კონცერტი იყოო... ყველა სტუმარი იმდენად აღტაცებული იყო, საოცარი სიტყვებით აღწერდნენ, რამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან დიდი დადებითი ემოციები იყო. ცალკე თემაა, რა აჟიოტაჟი მოყვა კადრებს სოციალურ ქსელებში. ძალიან ბევრი სიყვარულით სავსე კომენტარები იყო, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს.
- დღეს ოჯახში ორი ახალგაზრდა ხელოვანი ხართ... როგორ ახერხებთ რთული გრაფიკის მიუხედავად ერთმანეთისთვის დრო გამოძებნოთ?
- მაქსიმალურად ვცდილობთ. მართლაც ისეა, მეც და ელენეც მთელი დღე გასულები ვართ, რეპეტიციები, კონცერტები, გადაღებები... ამ ყველაფერს ძალიან დიდი ენერგია მიაქვს, მაგრამ საბოლოოდ ისე ვახერხებთ, ერთმანეთისთვის თავი გადავდოთ, ერთმანეთისთვის დრო მოვიტოვოთ. ორივე ვრჩებით ხელოვნებაში და ასეც გავაგრძელებთ.