ბოლო საუკუნეების დაკვირვებებმა, დაგროვებულმა სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე საგრძნობლად შეიცვალა. მეცნიერების მიერ ისიც დადგენილია, თუ რას უკავშირდება ეს და რა არის ამის მიზეზი.
კლიმატის ცვლილება გარემოს უდიდეს საფრთხეებს უქმნის და ასევე დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. მნიშვნელოვან საფრთხეები იქმნება არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. კონკრეტულად რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება არაგადამდებ დაავადებებზე და რა პრევენციული ღონისძიებებია ამ კუთხით ჩასატარებელი, ამაზე AMBEBI.GE-ს ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი, გიორგი ბახტურიძე ესაუბრება:
- ბოლო საუკუნეების დაკვირვებებმა ცხადყო, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ გასულ საუკუნეში 0,5-0,6 გრადუსით მოიმატა. ამ საუკუნეში ნავარაუდევია, რომ გრადუს-ნახევრით კიდევ მოიმატებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ერთის მხრივ სასათბურე გაზების ემისიით არის განპირობებული, რაც ტემპერატურულ რეჟიმებს ზრდის. თავად ეს ემისიები კი საწარმოო პროცესების ინტენსივობამ გამოიწვია, ხოლო გასულ საუკუნეში კი განსაკუთრებით ინდუსტრიალიზაციამ.
ცნობილია, რომ, ამ საუკუნეშიც მოსახლეობა დედამიწაზე საკმაოდ მზარდია და მისი გამოკვებისა და სხვადასხვა საჭიროებისთვის სხვადასხვა ტიპის პროდუქცია იქმნება. ეს ყველაფერი კი სწორედ ამ მოხმარებამ, დიდი რაოდენობით საწარმოო პროცესების განვითარებამ, ასევე სასათბურე გაზების ემისიამ გამოიწვია.
- როგორც ცნობილია, მიმდინარე პროცესები ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემოზე...
- ცხადია. ვაკვირდებით პროცესებს და თუ საქართველოს ტერიტორიას ავიღებთ, კავკასიონის მყინვარების 40% ფაქტობრივად უკვე დამდნარია და მომდევნო ათწლეულებში შეიძლება კატასტროფული მდგომარეობის წინაშე აღმოვჩნდეთ, იმავე წყალმოვარდნების, წყალდიდობების, მეწყრული საშიშროებების გამო. ეს ერთი მხრივ, ხოლო მერე მხრივ, ტემპერატურული ცვლილებები, - გვალვიანობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე განსაკუთრებულად უარყოფითად მოქმედებს. მოსავლიანობა იკლებს, სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. გარდა გარემოზე, სასოფლო-სამეურნეო პროცესებზე მიყენებული ზიანისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზეც უდიდეს ზემოქმედებას ახდენს.
2022 წელს ევროპაში ზაფხულის თვეში, მაღალი ტემპერატურული რეჟიმის გამო, დაახლოებით 22.000 ადამიანი დაიღუპა. ეს, რაც სტატისტიკურად ნახეს... ალბათ მაგ დროს საქართველოშიც იყო გარდაცვალების შემთხვევები, ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანების გარდაცვალების მიზეზად მზის დაკვრა არ იყო დასახელებული, რადგან სტატისტიკურად ჩვენთან ამის აღწერა არ ხდება. ევროპაში ეს სისტემა გამართულია და ზუსტად აფიქსირებენ მიზეზს. იქ რადგან მტკიცებულება მყარია, შესაბამისად საქართველოშიც ვვარაუდობთ, რომ ამ კუთხით მსხვერპლი იქნებოდა, მაგრამ ალბათ არ იყო გასაჯაროებული.
- ფაქტია, რომ ტემპერატურული რეჟიმების მატება, ცვალებადობა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანებს...
- და განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად ჯგუფს, როგორიცაა მოხუცები, რომელთა დიდი ნაწილი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, განსაკუთრებით ჰიპერტენზიით არის დაავადებული. ამიტომ ტემპერატურული რეჟიმების ცვალებადობაზე საკმაოდ სენსიტიურები არიან.
ასევე პრობლემას უქმნის ენდოკრინულ სისტემას, დიაბეტის მქონე პაციენტებს. ასევე უჭირს სასუნთქ სისტემასაც, რადგან ამ პერიოდში ჰაერის საკმაოდ დიდი დაბინძურებაა ხდება.
ჩვენთან ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი მოძველებული ავტოპარკია.
ჰაერის დაბინძურების 70% სწორედ ავტომანქანებიდან გამონაბოლქვზე მოდის. ეს დიდ ქალაქებში მეტად იგრძნობა. პრობლემები აქაც ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც გვაქვს - უჭირს ზედა სასუნთქ სისტემას, მატულობს ასთმის შეტევები და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შემთხვევები, რაც, როგორც ვთქვით, ჰაერის დაბინძურებასთან პირდაპირ კავშირშია.
ამ ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ მგრძნობიარეები არიან ბავშვებიც. ამიტომ აუცილებელია შესაბამისი პრევენციული ღონისძიების გატარება.
- ეს ეხება როგორც ჰაერის კონტროლს, ალბათ ასევე ნარჩენების მართვასაც, ხომ?
- დიახ და ასევე ელექტროენერგიის გამომუშავებას. ამასთან, სამედიცინო წარმოებას. გარემოს დამაბინძურებელი სამედიცინო დაწესებულებებიც არის. მას დიდი გავლენა აქვს, ნარჩენების კუთხით საკმაოდ საშიშია და ასევე დაავადებების გავრცელების კუთხითაც. აქ ინფექციურ დაავადებები იგულისხმება. ჩვენი საუბრის თემა არაგადამდები დაავადებებია, მაგრამ კლიმატის ცვლილება, ტემპერატურის მატება, პათოგენური ორგანიზმების გამრავლებასაც ხელს უწყობს როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში.
ინფექციური დაავადებების, ბაქტერიების, ვირუსების განვითარების რისკი ჩნდება. ეს არ არის მხოლოდ თეორია, ამას პრაქტიკული გამოძახილიც აქვს. მაგალითად, თუ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე დადნა, იქ საუკუნეების წინ გაყინული ვირუსები და ბაქტერიები შეიძლება გააქტიურდეს და ახალი ტიპის პანდემია წარმოიქმნას. ეს იმ პროგნოზის მიხედვით, რაც მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს, რაც გამორიცხული არ არის.
- ეს მოსაზრება მართლაც არსებობს, რომ ამ დნობის შედეგად შესაძლოა შემდგომში პათოგენების მასობრივი გავრცელება მსოფლიო მასშტაბით მოხდეს...
- ამან შეიძლება ახალი ტიპის პანდემიას დაუდოს სათავე, რომლის საწინააღმდეგო ღონისძიებები შეიძლება არც გვქონდეს, რადგან ისეთი ტიპის იყოს, რაც მეცნიერებას საერთოდ არასდროს შეუსწავლია. ის ყველაფერი ხომ იქ ათასწლეულების განმავლობაშია დაკონსერვებული. ამიტომ არ ვიცით მისი მოქმედების არც მექანიზმი, არც სხვა რამ.
- ცნობილია, რომ თამბაქოც გარემოზე დიდად უარყოფითად მოქმედებს. გარემოს სერიოზული დამაბინძურებელია სწორედ მისი მოხმარება...
- კი, სერიოზული დამაბინძურებელი გახლავთ, როგორც თვითონ სიგარეტი და ასევე ელექტრონული სიგარეტიც და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები. თამბაქოს შემთხვევაში ნამწვი, რომელშიც კონცენტრირებულია ასობით მომწამვლელი ნივთიერება და კანცეროგენი, როდესაც ნიადაგში, ასევე წყალში ხვდება (როგორც მტკნარ წყალში, ასევე ოკეანეებში და ა.შ.) ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
რაც შეეხება მის მოყვანას, კულტივირებას და წარმოებას, ამ შემთხვევაშიც საკმაოდ დიდი რაოდენობის ხე-ტყე იჩეხება. დაახლოებით, 200.000 ჰა ტყე სჭირდება ყოველწლიურად თამბაქოს წარმოებას. ოთხ-ნახევარი ტრილიონი წყალი და უამრავი რესურსი იხარჯება ამ ლეტალური პროდუქტის წარმოებაში.
- სამწუხაროა, რომ ერთი მხრივ სერიოზულ ზიანს და დარტყმას აყენებს გარემოს, მეორეს მხრივ, ადამიანებს...
- გარდა ამისა, კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ფაქტორი, სწორედ ემისიების კუთხით, თამბაქოს წვის შედეგად გამონაბოლქვი ნახშირორჟანგია. რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის მოწყობილობას, მოგეხსენებათ, ელემენტებზე მუშაობს. ეს მოწყობილობა ასევე პლასტმასისგან შედგება და მათი უტილიზაცია ბუნებაში არ ხდება, - ზოგიერთ შემთხვევაში, ამას საუკუნეები სჭირდება. შესაბამისად გარემოს სერიოზული დამაბინძურებელია ელექტრონული სიგარეტი და ელემენტები, რაც მათშია მოთავსებული. როდესაც ეს მომწამვლელი ნივთიერებები, რაც თამბაქოს წვის შედეგად ნამწვშია და ოკეანეში ხვდება, იქ ბიომრავალფეროვნება იცვლება. შეიძლება ოკეანეში რაღაც ტიპის სახეობები ძალიან შემცირდეს, ან ზოგიერთი გადაშენდეს კიდეც.
რაც შეეხება ნიადაგში მოხვედრილ ქიმიკატებს, 250-მდე ტოქსინია და 70 კანცეროგენი, რაც პირდაპირ ჩვენს პროდუქტებში აისახება. თუ ვთქვათ, ნაგავსაყრელებიდან და სხვადასხვა საშუალებით ნიადაგში მოხვდა, რომლის კულტივირებაც ხდება, ამ შემთხვევაში, იმ ნიადაგიდან მოყვანილი პროდუქტები ჯანმრთელობისთვის საშიში იქნება. მასში აღმოჩნდება ის ქიმიური ნივთიერებები, რაც ნიადაგში თამბაქოს ნამწვის გამო მოხვდა.
- ჰაერში გამოტყორცნილი თამბაქოს კვამლი რომ შხამავს გარემოს, ეს ცალკე საკითხია...
- როგორც ვთქვი, არის მხუთავი აირიც და ასევე ნახშირორჟანგი, რომლებიც სერიოზულ გავლენას ახდენენ კლიმატის ცვლილებაზე. აქამდე ამ ემისიას სერიოზულად არ მიიჩნევდნენ, არც გარემოს დამცველები უყურებდნენ სერიოზულად. მეცნიერების ბოლო წლების გამოთვლებით, რა რაოდენობის მომხმარებელია, რამდენს თამბაქოს მოიხმარენ, რა რაოდენობით გამოიყოფა ნახშირორჟანგი, აღმოჩნდა, რომ კლიმატის ცვლილებაზე თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერებების ზეგავლენის წილი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, აუცილებელია ამ პროდუქტს ამ კუთხითაც შევხედოთ - როგორც ერთის მხრივ, გარემოს დამაბინძურებელ, ადამიანების სიცოცხლის მომასწრაფებელ და კლიმატის ცვლილების ხელშემწყობ ლეტალურ პროდუქტს.
- ამ უმძიმესი პრობლემის საპირისპიროდ, რა საპრევენციო ღონისძიებებია ჩასატარებელი? აღნიშნულ საფრთხეებს მინიმუმამდე რა დაიყვანს?
- ეს საფრთხეები მინიმუმამდე რომ შემცირდეს, აუცილებელია, გვქონდეს სტრატეგია იგივე ნარჩენების მართვის კუთხით, ასევე დამაბინძურებელი გარემოს, ემისიების თვალსაზრისით. ეს ისეთი საწარმოები, ორგანიზაციებია, რომლებიც დიდი რაოდენობით გარემოში სათბურის გაზებს გამოყოფს. საჭიროა მათი წარმოების ზედამხედველობა, მონიტორინგი, შესაბამისი სტანდარტების შემოღება და ამ სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა. არ უნდა მოხდეს აღნიშნული გაზების გამოტყორცნა ჰაერში. შესაბამისად სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ამის ვალდებულება, რომ ამ საკითხის რეგულირება მოახდეს. ამ კუთხით გამოირჩევიან ენერგეტიკული ობიექტები. საჭიროა ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გადასვლა.
იცით, რომ დასავლეთის ქვეყნებში კარგადაა განვითარებული, ქარის, მზის ენერგიისა და სხვადასხვა განახლებადი ენერგიების წყაროების ხელშეწყობა, ინვესტირება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ჩვენთან არ ხდება. იგივეა შენობა-ნაგებობების, დათბუნების თვალსაზრისით, იმავე ენერგოეფექტურობის კუთხით, რომ ნაკლები ენერგია დაიხარჯოს. თუ ნაკლები ენერგია დაგვჭირდება, ემისია ნაკლები იქნება. მოკლედ, საწარმოო პროცესები ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ნაკლები ემისია გვქონდეს და შესაბამისად ნაკლები გავლენა ჩვენს კლიმატზე. კლიმატიდან გამომდინარე კი, ჩვენს ჯანმრთელობაზე.
რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, ამ მიმართულებით ექიმები და სპეციალისტები უნდა გადამზადდნენ, რომ შესაბამისი ცოდნა და უნარები გამოუმუშავდეთ. იცოდნენ, ექსტრემალური გარემო პირობების შემთხვევაში რა რჩევა-რეკომენდაციები მისცენ მოსახლეობას.
ჯერჯერობით, სახელმწიფოში ამის როლი და ფუნქცია მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს, თუმცაღა ამ კუთხით ბოლო წლებში კი არა საერთოდ არც გამიგონია რაიმე რჩევა მიეცეთ, ვთქვათ, კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე მოსახლეობისთვის. თუ ყოფილა ალბათ ძალიან იშვიათად. ამიტომ შესაბამის სტრუქტურებს მოვუწოდებთ, იყვნენ აქტიურები. წინდაწინ უნდა მოხდეს შემზადება.
- კატასტროფებისგან, წყალმოვარდნებისგან და ასეთი მოვლენების ზემოქმედებისგან დაცული არავინაა...
- კი, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ აწყობილი ჰქონდეს სტიქიების დროს სწრაფი რეაგირების სისტემა. თუ ამინდის პროგნოზირების სისტემა კარგი გვაქვს აწყობილი და ვიცით, რომ უხვ ნალექს ველოდებით, ამ სტიქიას მომზადებული როგორ დავხვდეთ, ესეც უნდა შეგვეძლოს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და რესურსები, რომ ამ კლიმატის შემარბილებელი ღონისძიებები ჩაატაროს. ასევე მოახდინოს პრევენცია, ინფორმირება და სპეციალისტების მომზადება-გადამზადება.
როგორც სპეციალისტი, სახელისუფლებო შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებდი, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად ყველა სამსახური მობილიზებული უნდა იყოს, სასწრაფო და გადაუდებელი შემთხვევების და კატასტროფების დროს ყველანაირად მზად ვიყოთ, როგორც ტექნიკურად, ასევე პერსონალის თვალსაზრისით.