მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ გამორიცხავს სამოქალაქო სარჩელის შეტანას Google-ის წინააღმდეგ, თუ ის შეინარჩუნებს თავის პოზიციას და ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკასა და აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთს შორის არსებულ ზღვის მონაკვეთს "ამერიკის ყურეს" უწოდებს.
შეინბაუმმა ხუთშაბათს დილის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მექსიკა კვლავ აკონტროლებს ყურის დიდ ნაწილს.
შეინბაუმუის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მთავრობამ Google-ს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ კომპანია "ცდებოდა" და რომ "მთელ მექსიკის ყურეს არ შეიძლება ეწოდოს ამერიკის ყურე," კომპანია ჯიუტად ინარჩუნებს ამ ნომენკლატურას.
ჯერჯერობით გაურკვეველია, სად იქნება შეტანილი ასეთი სარჩელი.
Associated Press-ის ანალიზი აჩვენებს, რომ ხუთშაბათის მდგომარეობით, მომხმარებლის ადგილმდებარეობა და სხვა მონაცემები განსაზღვრავდა, როგორ გამოჩნდებოდა ყურე Google Maps-ზე. თუ მომხმარებელი შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, წყლის მასა მისთვის ისე გამოჩნდებოდა, როგორც ამერიკის ყურე. თუ მომხმარებელი ფიზიკურად მექსიკაში იმყოფებოდა, ის გამოჩნდებოდა, როგორც მექსიკის ყურე. მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში ის ჩანს, როგორც "მექსიკის ყურე (ამერიკის ყურე)."
შეინბაუმმა არაერთხელ დაიცვა მექსიკის ყურეს სახელწოდება, აღნიშნავდა რა, რომ მისი გამოყენება 1607 წლიდან იწყება და გაეროს მიერაა აღიარებული.
მან ასევე ახსენა, რომ აპაცინგანის კონსტიტუციის თანახმად, მექსიკის პირველი კონსტიტუციის წინამორბედის მიხედვით, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ადრე იდენტიფიცირებული იყო, როგორც "მექსიკური ამერიკა".
ამ კონტექსტში, როგორც მექსიკის პრეზიდენტმა აღნიშნა , მექსიკის მთავრობა Google-ს მოსთხოვს, რომ რუკაზე ძიებისას "მექსიკური ამერიკა" გამოჩნდეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მექსიკელები და ამერიკელები ვერ თანხმდებიან მთავარი გეოგრაფიული არეალების სახელებზე. ასეთი მაგალითია სასაზღვრო მდინარე ტეხასსა და მექსიკის შტატებს: ჩიუაუას, კოაუილას, ნუევო ლეონსა და ტამაულიპასს შორის. მექსიკა მას რიო ბრავოს უწოდებს, ხოლო შეერთებული შტატებისთვის ის რიო გრანდეა.
ამ კვირაში თეთრმა სახლმა AP-ის რეპორტიორებს რამდენიმე ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალა, მათ შორის - ოვალურ კაბინეტში, სახელთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტოს პოლიტიკის გამო. AP იყენებს "მექსიკის ყურეს", მაგრამ ასევე აღიარებს ტრამპის მიერ მისთვის სახელის გადარქმევას, რათა უზრუნველhყოს, რომ გეოგრაფიული მახასიათებლების სახელები მთელ მსოფლიოში ადვილად ამოსაცნობი იყოს.