ცნობილი ქართველი არტისტი, ფსევდონიმით ანდრო დადიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად მისი უსაფრთხოება რისკის ქვეშაა და ამიტომ გადაწყვიტა ქვეყანა დატოვოს.
"ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად დღითიდღე დამძიმდა ჩემი უსაფრთხოება. რამდენიმე ხნის წინ ძალოვანი სტრუქტურებისგან მივიღე გენერალური გაფრთხილება, გავჩუმებულიყავი და გავჩერებულიყავი. მანამდე, კესარიას სადისტური მკვლელობის შემდეგ, ორჯერ გამეცნო სხვადასხვა ადამიანი გაცნობის საიტებზე, (იციან ყველას აიპი მისამართი), რომ შევხვდით ერთმანეთს მითხრეს, - ხომ ხედავ როგორ მოკლეს კესარია, წადი ქვეყნიდანო. გარკვეული პერიოდი ამ წინადადებებს სერიოზულად არ აღვიქვამდი, მაგრამ ოფიციალური შეხვედრა-გაფრთხილების შემდეგ იმ “შემთხვევითმა” შეხვედრებმა და “კეთილმა” რჩევებმა უფრო შეიძინა მნიშვნელობა.
ყველა სახლიდან გასვლა დანის პირზე სიარულს ჰგავდა. სულ იყო საფრთხე, რომ რაიმეს ჩამიდებდნენ ჯიბეში, ან სახლში მისულს დამიკაკუნებდნენ კარზე და ჯაკუზში კალაშნიკოვს აღმომიჩენდნენ ან კილოგრამ ნარკოტიკს . უსაფრთხოების შესახებ რამდენიმე კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დროებით დამეტოვებინა ქვეყანა და ბერლინს შევაფარე თავი. ახლა საპატიმროში ჯდომას და კიდევ ერთი მსხვერპლის გამოხსნისთვის ბრძოლას ასე ჯობდა ყველასთვის. მგონი შორიდანაც შევძლებთ გავაკეთოთ რაიმე ჩვენი ქვეყნისთვის.
სულ რამდენიმე ხელი ტანსაცმლით და რამდენიმე საყვარელი წიგნით წამოვედი, ასე ვერ გაგრძელდება ცხოვრება, მიჯაჭვული ვარ ჩემს თანამებრძოლებზე, ჩემს კოლეგებზე, ჩემს ნივთებზე, ჩემს სახლზე, ჩემს სამუშაო მასალებზე. აუცილებლად მორჩებიან ეს ფაშისტები და ერთად გავაგრძელებთ უკეთესი ქვეყნისთვის შრომას. მიყვარხართ ყველა, ვინც დგახართ რუსთაველზე, ციხეებთან, სასამართლოებთან, ვინც ერთი ლაიქით ან ერთი პოსტით მაინც აძლიერებთ ჩვენს ბანაკს ამ რუსებთან ბრძოლაში.გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - დაწერა დადიანმა.
ამჯერად ანდრო დადიანი ბერლინში, პოლიტიკურ დევნილობაშია. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მასთან AMBEBI.GE-მ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ჩაწერა. ინტერვიუ მის შემოქმედებას ეხებოდა. არტისტი თავის რთულად განვლილ გზაზე, წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა..
- ანდრო, თქვენს ბავშვობაზე გვიამბეთ
- ჩემმა ბავშვობამ გაიარა იქ, სადაც ახლა ნაძალადევად აბრუნებენ ამ ქვეყანას, წყვდიადში და ცხოველურ ინსტინქტებთან ძალიან ახლოს. დედაჩემმა რომ ჩემი ორიენტაციის შესახებ გაიგო, 3 ბიჭისგან გაუპატიურებულ ბავშვთან,11 წლის შვილთან მხარში დგომის ნაცვლად, ჯოჯოხეთური გარემო შექმნა ჩემს ირგვლივ, ბეჯითად ისეთი, როგორსაც სოციალური კულტურა ავალებდა. ახლახან, კესარიას მკვლელობამ გვაჩვენა, რომ საზოგადოება უფრო ჰუმანურ, მაღალ სამოქალაქო საფეხურზეა ვიდრე იყო და გაცილებით შორსაა წასული, ვიდრე თვითგამოცხადებული მმართველი პოლიტიკური ელიტა, რომელმაც წინასაარჩევნოდ კარდაკარ ჩამოიარა და კეთილდღეობის დაპირებების ნაცვლად, შუღლს და ჰომოფობიას ავრცელებდა. აი ამ ზიზღის პროპაგანდამ შეიწირა კესარია და კიდევ ბევრი მსხვერპლს მოიტანს „ნაყოფად“ ბოროტების ასეთი კულტივაცია.
- პროფესიის არჩევა, ხელოვნება თქვენში და თქვენ ხელოვნებაში...
- პროფესიის არჩევისას ბევრი არ მიფიქრია, რა პროფესიაშიც არ უნდა ვყოფილიყავი, ჩემი ცხოვრების კონცეფცია ჩემთვის ჩემს ბავშვობას ჰქონდა განსაზღვრული. სახელოვნებო განათლება მაქვს, მაგრამ ჩემთვის ხელოვნება არტობიექტების კეთების ადგილი კი არა, არტობიექტებით კულტურის შენების შესაძლებლობაა. ეს სოციალური კულტურა ადამიანებს ობობასავით აბამს მის ქსელში, ფიტავს და ანადგურებს ჩვენში მოაზროვნეს, მშრომელს, სამართლიანს, მაძიებელს და ჰუმანისტს. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთმა ადამიანი მის ხატად და მსგავსად შექმნა და ამაში თვალის ფერი და ცხვირის ზომა კი არა, მისი შინაარსი, შემოქმედებითობა იგულისხმება, ჩვენი კულტურა კი საწინააღმდეგოს გვეუბნება, სიახლე არაფერი იკადრო, თორემ დაისჯებიო.
ისეთ ქვეყანაში და ისეთ დროში ვართ, ყველა უნივერსიტეტი და პროფესია „კამიკაძეებს“ უნდა ზრდიდეს, რომლებიც ამ დესპოტურ დღის წესრიგს დაამხობს. საბედნიეროდ ასეთ მებრძოლებს ვხედავთ ირგვლივ, ახლახან შიმშილობა დაიწყეს ბათუმის, ქუთაისის და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებმა, რომლებსაც მთელი შემართებით სოლიდარობაა ვუცხადებ.
- როდის და რატომ გადაწყვიტეთ სახე დაგემალათ, რამდენად რთულია ნიღბით ცხოვრება?
- ნიღბით ცხოვრება რა მოსატანია იმასთან რა ცხოვრებასაც ჩვენი მეგობრები, მეზობლები, ნათესავები ცხოვრობენ?! 13 წლის ბავშვი ცოცხლად ჩაიმარხა მიწაში, რომელსაც პურის ფულისთვის ჯართის ამოტანა უნდოდა თხრილიდან. ბაღდადში სამშვილიანმა, ქმარ მკვდარმა უპოვარმა ქალმა მიტოვებულ სახლს შეაფარა თავი, იმ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთელი ოჯახი ცოცხლად დაიწვა. თუმცა ჩვენმა კულტურამ იმ ცეცხლად და იმ მიწად ჩემთვის დედაჩემი, ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი ნათესავები აქცია, რადგან არ შეუძლიათ ჩემი დანახვა ჩემი ორიენტაციის მიღმა და აი ეს არის ჩემთვის მოწყობილი ჯოჯოხეთი. ნიღბით ერთის მხრივ მათ ვიცავ გარემოსგან, რომელიც მორალურ გაუსაძლისობას შეუქმნის ჩემს ახლობლებს, მეორეს მხრივ მე ვიცავ თავს ჩემი ახლობლებისგან, რომელიც ამ კულტურამ ჩემს მტრებად ჩამოაყალიბა.
- ხშირად ხართ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, "ნიუ-იორკ თაიმსმაც" დაწერა თქვენზე...
- ჰო, რატომღაც ბევრმა სხვადასხვა მედიამ მოინდომა ჩემი ჩაწერა, ორი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ამ ზაფხულს გერმანელმა და შვედმა რეჟისორებმა. იტალიურ Corriere della sera-სთან მქონდა ინტერვიუ. ვერც ვიოცნებებდი ამაზე, სხვა პლანეტა და სხვა განზომილება იყო ჩემთვის ეს გამოცემა, რადგან მთელი ბავშვობა მესმოდა რომ იქ იწერებოდა უმბერტო ეკოს წერილები, იწერებოდა მარია კალასზე, ერთხელ ცუდი სტატია დაწერეს თურმე მასზე, მთელი ნომერი იყიდა ონასისმა და გაანადგურა. ნორვეგიულ ჟურნალთან Blikk-თან და ტელევიზიასთან მქონდა გულისამაჩუყებელი ინტერვიუ (იცინის), ახლა გამოდის გერმანული ტელევიზიის 3sat-ის ინტერვიუ. კოპენჰაგენში ამზადებენ მასალას და ცოტა ცხვირაწეული სიარულისთვის ნიუ-იორკ თაიმსი მაკლდა, ისიც წამომეწია. ჩემზე, ქართულ სახელოვნებო სცენაზე და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე წერდნენ, რომელსაც ეხებოდა ჩემი ახლანდელი სოლო გამოფენა. ბოლო დრაგბოლზე ჩემი გამოსვლა და სოლო გამოფენიდან ფრაგმენტები გამოაქვეყნეს.
მთავარი ფოტოები: ელენე აბაშიძე, მარილის ვიონი