სამხრეთ კორეაში, მეორე მცდელობით, დააკავეს პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი, რომელსაც დეკემბერში პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების მცდელობის გამო. თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ნებაყოფლობით დათანხმდა დაკითხვაზე მისვლას.
ეს სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც მოქმედი, თუმცა თანამდებობიდან დროებით ჩამოშორებული პრეზიდენტი დააკავეს.
დაკავებამდე, იუნმა გაავრცელა მოკლე ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ დაკავებას ისევ არაკანონიერად მიიჩნევს, მაგრამ გადაწყვიტა გამომძიებლებსა და პოლიციას დამორჩილებოდა, რათა სისხლისღვრა თავიდან აეცილებინა.
"მიუხედავად იმისა, რომ საქმე არაკანონიერია, მე გადავწყვიტე კორუფციის გამოძიების ბიუროში მივსულიყავი, რათა თავიდან ავიცილოთ უსარგებლო სისხლისღვრა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვეთანხმები მათ მიერ საქმის გახსნას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
იუნმა ასევე დასძინა, რომ ქვეყანაში ირღვევა კანონის უზენაესობის პრინციპი და რომ გამომძიებელ ორგანოს, რომელმაც საქმე გახსნა, და სასამართლოს, რომელმაც ორდერი გასცა, ამის უფლება არ ჰქონდათ.
დეკემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა იუნმა ოპოზიციას ბრძოლა რადიკალური მეთოდებით გამოუცხადა, როდესაც ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება უნდოდა. თუმცა, ამ მცდელობამ მარცხი განიცადა. პარლამენტმა პრეზიდენტი ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და 14 დეკემბერს მისი იმპიჩმენტი გამოუცხადა.
იუნი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებიდან დროებით ჩამოშორებულია, მაგრამ მისი თანამდებობიდან საბოლოოდ გათავისუფლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმპიჩმენტის დამტკიცების შემდეგ მოხდება. ამ დრომდე იუნ სოკ იოლი ფორმალურად რჩება პრეზიდენტად.
იუნმა დეკემბერში განაცხადა, რომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება "პოლიტიკურად გააზრებული გადაწყვეტილება“ იყო და მიზნად ისახავდა მთავრობის მუშაობის პარალიზების თავიდან აცილებას, რასაც, მისი თქმით, ოპოზიცია იწვევდა.
პირველად გამომძიებლებმა პრეზიდენტის დაკავება 3 იანვარს სცადეს, მაგრამ რეზიდენციის დაცვამ ამის საშუალება არ მისცა. მხოლოდ 12 დღის შემდეგ, 4:20 საათზე, გამომძიებლები და პოლიცია ისევ მივიდნენ რეზიდენციაში, სადაც იუნი მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა. დილის 9 საათისთვის, მათ შეძლეს რეზიდენციაში შესვლა, ხოლო 10:30 საათზე კორუფციის გამოძიების ბიურომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იუნი ორდერის საფუძველზე დააკავეს.
პრეზიდენტის რეზიდენციის გარეთ მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგეებიც იყვნენ შეკრებილი. დაახლოებით 1000 პოლიციელი ცდილობდა ბარიკადებისა და მმართველი პარტიის დეპუტატების წინააღმდეგობის გადალახვას.
ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პაკ ჩან დემ განაცხადა, რომ იუნის დაკავება სამხრეთ კორეაში სამართლისა და დემოკრატიის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. თუმცა, BBC-ის კორესპონდენტის, შაიმაა ჰალილის თქმით, იუნის დაკავება პოლიტიკურ კრიზისს არ დაასრულებს - ეს კრიზისის ახალი ფაზა იქნება.
კანონის მიხედვით, გამომძიებლებს იუნის დაკავება მხოლოდ 48 საათით შეუძლიათ. ამ პერიოდში მათ ან სასამართლოს თანხმობა უნდა მიიღონ მის წინასწარ პატიმრობაში დატოვებაზე, ან უნდა გაათავისუფლონ.
იხილეთ ასევე: