სირიის გადამდგარი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სირიის პრეზიდენტი ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთმა, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათ თავშესაფარი მისცა“, - განაცხადა წყარომ.
მანამდე საერთაშორისო მედია ვარაუდობდა, რომ ასადის თვითმფრინავი სავარაუდოდ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემართა. თუმცა, გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა ჟურნალისტებთან ინფორმაცია უარყო.
იმავდროულად, Reuters-ი სირიის არმიის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებდა, რომ ასადი დამასკოს აეროპორტში სირიის ავიახაზების თვითმფრინავში კვირას დილით ჩაჯდა. მან აღნიშნა, რომ თვითმფრინავი აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 03:59 საათზე გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა.
იხილეთ ასევე: