ავტორი:

ირანი ისრაელზე მასშტაბური თავდასხმით იმუქრება: რას აცხადებს ნეთანიაჰუ?

ირანი ისრაელზე მასშტაბური თავდასხმით იმუქრება: რას აცხადებს ნეთანიაჰუ?

ირანის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის მიერ გასულ კვირას ირანზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.

"ირანის რეაქცია სიონისტურ აგრესიაზე გადაწყვეტილია. ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ“, - განაცხადა გენერალმა ალი ფადავმა, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურის მოადგილემ.

უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის ოფისის ხელმძღვანელმა ისრაელის ქმედებებს სასოწარკვეთის ნიშანი უწოდა და "სასტიკ, გამანადგურებელ პასუხს“ დაჰპირდა.

ისრაელის დაზვერვა ადასტურებს, რომ ირანის პასუხი ნამდვილად მოსალოდნელია. როგორც Axios-ი ისრაელის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, დარტყმა შესაძლოა ერაყის ტერიტორიიდან განხორციელდეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ესკალაციამ მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონი სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე მიიყვანა.

თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თეირანი არაფერს გააკეთებს მანამ, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი. ვაშინგტონი მოუწოდებს თეირანს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებსაც შესაძლოა დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

ირანმა ისრაელზე თავდასხმით შესაძლოა უფრო დიდი ზიანი მიაყენოს თავის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას. მსგავსი შემთხვევა ბოლო დროს დაფიქსირდა: ირანის მიერ 180 ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ, ისრაელმა გაანადგურა ირანული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და დააზიანა მთავარი პორტი.

"ისინი [ირანის ხელისუფლება] მზად არიან გარისკონ, რათა არ გამოჩნდნენ სუსტები და დაამტკიცონ მათი ძალაუფლება. ეს აუცილებელია ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე სანდოობის შესანარჩუნებლად“, - ამბობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი სინა აზოდი.

ისრაელმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის განახორციელოს კიდევ უფრო მეტი დარტყმა საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით ირანისთვის ბოლო შეტევისას მიყენებული ზიანის გათვალისწინებით.

"ჩვენ ირანის წიაღში შევედით. ირანის რეჟიმის მეთაურთა ტრაბახი და მუქარა ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ ისრაელს ახლა უფრო მეტი თავისუფლება აქვს ირანში მოქმედებისთვის, ვიდრე ოდესმე“, - თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას სამხედროებისადმი მიმართვისას.

იხილეთ ასევე: