კომპანია OceanGate-ის თანადამფუძნებელმა, გილერმო ზენლაინმა განაცხადა, რომ 2050 წლისთვის დაახლოებით 1000 ადამიანის გაგზავნას პლანეტა "ვენერაზე" შეძლებს.
ზენლაინმა კომპანია OceanGate 2009 წელს სტოკტონ რაშთან ერთად დააარსა, რომელიც "ტიტანიკის" ექსპედიციას ოთხ ადამიანთან ერთად ემსხვერპლა.
თავის მხრივ, ვენერა ერთ-ერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე პლანეტად ითვლება. ტყვიის დნობისთვის საკმარისად მაღალი ტემპერატურის პირობებში, ექსტრემალური წნევით და გოგირდმჟავას ღრუბლებით, ვენერა სიცოცხლისთვის ძალიან არასასიამოვნო ადგილია. მაგრამ აპრილში თავის ბლოგში ზენლაინი ამბობდა, რომ ვენერა ადამიანებისთვის საუკეთესო პერსპექტივას წარმოადგენს, ვიდრე მარსი, რომელიც ამჟამად "ნასასა" და ილონ მასკის SpaceX-ის ყურადღების ცენტრშია.
ჩანაფიქრის პროექტი, რომელიც კომპანიამ გასულ წელს გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ პლანეტაზე სადგური ეკიპაჟისთვის შესაძლოა, 2040 წლამდე გამოჩნდეს. 2050 წლისთვის კი, ზენლაინის სურვილით, ვენერაზე 1000-მდე ადამიანი შეძლებს წასვლას. Business Insider -სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც შარშან გამოქვეყნდა, ის ამბობდა:
"დაივიწყეთ OceanGate. დაივიწყეთ „ტიტანი“, დაივიწყეთ სტოკტონი. კაცობრიობა შესაძლოა, დიდი გარღვევის ზღურბლზე იდგეს და ამისი გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცეს. ხალხის გაგზავნა ვენერაზე... ეს არის ამბიციური, მაგრამ სრულიად შესაძლებელი გეგმა, რომელიც 2050 წლისთვის შესაძლოა, სისრულეში მოვიდეს“.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 18 ივნისს, კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა აპარატს, "ტიტანს" ხუთი ადამიანი ცნობილი ხომალდის, "ტიტანიკის" ფრაგმენტების დასათვალიერებლად ჩაჰყავდა. ფრაგმენტების სანახავად, ექსპედიცია დაახლოებით 4 ათასი მეტრის სიღრმეზე უნდა ჩასულიყო.
მაგრამ მისი დაწყებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში, აპარატთან კავშირი შეწყდა. რამდენიმე დღის შემდეგ ნავის ნაწილებს მიაგნეს, რომელმაც ფსკერზე არსებულ წნევას ვერ გაუძლო და გაიჭყლიტა. “ტიტანი” ექსპერიმენტული წყალქვეშა ნავი იყო. მისი სიგრძე 6,7 მეტრი, სიგანე 2,8 მეტრი, სიმაღლე კი 2,5 მეტრი იყო. მას არ ჰქონდა საჭე და იმართებოდა ჯოისტიკით, რომელიც თავდაპირველად კომპიუტერული თამაშებისთვის იყო შექმნილი.
"ტიტანის“ მგზავრები იყვნენ:
• 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი;
• 48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი, მასთან ერთად იყო მისი 19 წლის შვილი, სულემანი;
• 61 წლის სტოკტონ რაში, OceanGate-ის დამფუძნებელი;
• 77 წლის ფრანგი მკვლევარი, პოლ-ანრი ნარჟოლე. ეს “ტიტანიკთან” მისი 36-ე ჩასვლა იყო.
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი