სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა სიიდან კონკრეტული სახელი და გვარების ამოღება, მათ შორის, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის წინაშე დიდი დამსახურება აქვთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ფეხბურთელების ღირსების ორდენის დაჯილდოების საკითხშიც სცადა განხეთქილების შეტანა.
"რაც შეეხება ღირსების ორდენის თემას, ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში, გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც მას არ გამოუვა.
ვიდრე ჩვენ გავაგზავნიდით შესაბამის სიას, ფეხბურთის ფედერაციასთან და ნაკრებთან გავიარეთ კონსულტაციები იმისათვის, რომ იმ სიას, რომელიც გაიგზავნებოდა რამე უკმაყოფილება არ გამოეწვია. საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე გაიგზავნა კონკრეტული სია, სიღრმისეული მსჯელობის საფუძველზე. ასეთ დროს, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა სიიდან კონკრეტული სახელი და გვარების ამოღება, მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის წინაშე დამსახურება აქვთ, როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება, დანარჩენი ქართველმა გულშემატკივარმა და საზოგადოებამ შეაფასოს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერმა საქართველო-ჩეხეთის მატჩზეც ისაუბრა, რომელიც 22 ივნისს, ჰამბურგში გაიმართება.
მისი თქმით, ამჯერად საქართველოს ნაკრების მხარე იქნება იღბალი და მოწინააღმდეგეს დაამარცხებენ.
"ჰამბურგში თამაშს აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების დიდი იმედი. პირველ თამაშში ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს, უბრალოდ იღბალი დაგვაკლდა, მგონია, რომ ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფედერაციის წარმომადგენლებისა და პერსონალის ღირსების ორდენითა და ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ 2024 წლის 23 მაისით თარიღდება. დაჯილდოების ღონისძიება სექტემბერში გაიმართება.
"ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასვლის ხელშეწყობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის" - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ფეხბურთელები, რომლებსაც ღირსების ორდენი გადაეცათ
მთავარი მწვრთნელი
ვილი სანიოლი
მწვრთნელი
ფაბიენ ბოსუე
მწვრთნელი
ადელ შედლი
მწვრთნელი
ზურაბ ხიზანიშვილი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
ლევან კობიაშვილი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი
დავით მუჯირი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
კახა ჭუმბურიძე
საქართველოს ეროვნული ნაკრების პერსონალი ღირსების მედლით დაჯილდოვდა
წაიკითხეთ ასევე: