3 წელზე მეტია, რაც „პალიტრა მედიის“ ჟურნალისტია, მკითხველსა და მაყურებელს თავისი მრავალმხრივობით უკვე დაამახსოვრა თავი.
„პალიტრანიუსის“ საინფორმაციო გამოშვებისა და დილის გადაცემის წამყვანი და, ამავდროულად, სპორტული მიმართულების ჟურნალისტი რომა რატიანი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდების, პროფესიის მიღმა ცხოვრებისა და მოჭიდავის 8-წლიანი კარიერის შესახებ გვიამბობს და აღნიშნავს, რომ 27 წლის ასაკში სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა და ახლა სწორედ იმ გზაზე დგას, რომელიც ყოველთვის სურდა.
8 წლის განმავლობაში ძიუდოს მივყვებოდი პროფესიონალურ დონეზე, თუმცა შემდეგ ჩემი გეგმები შეიცვალა, გადავწყვიტე, მეტი ყურადღება დამეთმო სწავლისთვის და ახალი პროფესია შემეძინა. სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე, რაც ვფიქრობ, დღეს ჟურნალისტის პროფესიაში ძალიან მეხმარება, შემდეგ კი მედიის კვლევების მაგისტრი გავხდი.
ხშირად მეკითხებიან, რამდენად კმაყოფილი ვარ მიღებული გადაწყვეტილებით და რა იქნებოდა დღეს, სპორტსმენის კარიერა რომ გამეგრძელებინა? შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ და ვემსახურები საქმეს, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა, ვცდილობ განვვითარდე და ალბათ ყველა ადამიანის მსგავსად, ჩემი სურვილიცაა, მეტს მივაღწიო. ამავდროულად, ისევ ვვარჯიშობ და აქტიურად ვარ დაკავებული სამოყვარულო ალპინიზმით, ფეხბურთით...
ძალიან მიყვარს ჩემს მშობლიურ სვანეთში ჩასვლა, წელიწადში 2-3-ჯერ მაინც ვსტუმრობ ჩემს კუთხეს და თანატოლებთან ერთად მთებში ვათენებ რამდენიმე ღამეს.
„პალიტრა მედიასთან“ თანამშრომლობის დაწყებამდე მულტიმედია ჟურნალისტიკის მიმართულებით უკვე მქონდა გამოცდილება მიღებული და ამ პროფესიის სპეციფიკა ვიცოდი. თავდაპირველად, „ინტერპრესნიუსის“ ახალი ამბების რეპორტიორი გავხდი და ამ სანდო და ავტორიტეტული სააგენტოს გუნდში მუშაობა ახალი უნარების გამომუშავებაში დამეხმარა. მალე რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და ენებისა და უცხოური ამბების მიმართ ჩემი ინტერესი მსოფლიოში მიმდინარე სიახლეების გაშუქებაში დამეხმარა. ამ კუთხითაც მოვსინჯე საკუთარი თავი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უცხოური ამბების ჟურნალისტის პოზიციას ვიკავებდი. ამავდროულად, „პალიტრანიუსზე“ ჩემს კოლეგებთან ერთად სპორტული კოლაჟების მომზადება დავიწყეთ, რაც მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს უკვე სამ მიმართულებას ვარ შეჭიდებული, რაც პროფესიულად კიდევ უფრო განვითარების საშუალებას მაძლევს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ფუფუნებაა ისეთ მედიაში მუშაობა, სადაც ჟურნალისტი გავლენებისგან აბსოლუტურად თავისუფალია და შეუძლია, ტექსტი ობიექტურად, სხვისი კარნახის გარეშე დაწეროს. ვფიქრობ, ყველა ჩემი კოლეგისთვის, ვინც „პალიტრა მედიასთან“ თანამშრომლობს, ასეთი პროფესიული თავისუფლება და ამგვარი სტანდარტით მუშაობა უმნიშვნელოვანესია.
ჩვენი, დილის წამყვანების დღე იწყება მაშინ, როცა ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს და გარეთ სიბნელეა. სანამ სხვები გაიღვიძებენ და ტელეეკრანებიდან მიესალმები, უნდა იფიქრო იმაზე, თუ როგორ შეუქმნა მათ პოზიტიური განწყობა, მაშინაც კი, თუ თავად ხალისიანად არ გრძნობ თავს, როგორ მიაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია და ზოგადად, მათი დილა უკეთესი გახადო.
რა თქმა უნდა, „დილის პალიტრის“ წამყვანობა ახალი ამბებისგან მკვეთრად განსხვავდება. ის საკუთარი შეხედულებების გაზიარების, ხუმრობის, გაღიმების, თავისთავად, მაყურებლისთვის უფრო მსუბუქი თემების მიწოდების საშუალებას გაძლევს, რაც ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა.
სპორტი და ზოგადად, ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ჰობი საქმედ მექცია და დაახლოებით 5 თვის წინ მე და ჩემმა ორმა მეგობარმა სპორტული ინვენტარის ონლაინ მაღაზია - Eleven შევქმენით. პარალელურად, მიგვყავს Youtube გადაცემაც, სადაც ვიწვევთ ცნობილ ადამიანებს და ფეხბურთთან დაკავშირებით სხვადასხვა თემას განვიხილავთ. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ჩვენი მაყურებლისა და მსმენელისგან დადებით უკუკავშირს ვიღებთ. ჩემი სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით განვითარებასაც უკავშირდება.
საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს და დასვენებისთვის ბევრი დრო არ მრჩება, თუმცა ჩემს 3 წლის შვილთან, ცოტნესთან ურთიერთობისა და განტვირთვისთვის ყოველთვის ვიცლი. მასთან ყოფნა ახალი ენერგიით დამუხტვასა და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში მეხმარება. ჩემს ცხოვრებაში ცოტნეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
ყველაფერი, რა ეტაპზეც დღეს ვარ, საშუალებას მაძლევს ვთქვა, რომ სწორი გზით მივდივარ და ცხოვრებაში ბალანსის დაცვაც შემიძლია.
სპეციალობა - მედიის კვლევების მაგისტრი... სასაცილოა თუ სატირალი...